ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს კვლავ დარეჯან თვალთვაძე უხელმძღვანელებს

თარიღი: 2024-06-20 14:54:53

პროფესორი დარეჯან თვალთვაძე თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის პოზიციაზე საქმიანობას 20 ივნისიდან შეუდგა. დარეჯან თვალთვაძე ახლო წარსულშიც ხელმძღვანელობდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს და ამდენადაა მისი წვლილი განუზომელი ამ ფაკულტეტის მრავალმხრივი განვითარების საქმეში. მან დეკანის პოსტზე ორი ვადით არჩეული, პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი შეცვალა, რომელიც მადლობით გააცილეს. დარეჯან თვალთვაძე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი იყო 2006-2015 წლებში. მისი კვლავ არჩევა დეკანის პოზიციაზე კოლეგებისა და მეცნიერ-თანამშრომლებისთვის მშვიდობიანი და საქმიანი გარემოს შექმნის წინაპირობად შეიძლება მივიჩნიოთ, რასაც დრო აჩვენებს.

რას გეგმავს დეკანის პოზიციაზე დაბრუნების შემდგომ? რა გამოცდილებას დაეყრდნობა და რა სიახლეებს შემოგვთავაზებს? – ამ კითხვებზე პასუხად დარეჯან თვალთვაძე თავის სამოქმედო გეგმას გვიზიარებს. 

,,მოგეხსენებათ,  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანობა მეტად საპატიო და დიდად საპასუხისმგებლო თანამდებობაა: დიახ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭომ უკვე მესამედ გამომიცხადა ნდობა (2010, 2014 და 2024 წ). უპირველეს ყოვლისა, ნება მომეცით, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ფაკულტეტს ასეთი მხარდაჭერისათვის, ამ დიდი ნდობისა და პატივისათვის.

უნივერსიტეტში სხვადასხვა ადმინისტრაციულ თანამდებობაზე  მუშაობისას  საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა, ბოლო წლებში ადმინისტრაციული სამსახურიდან დისტანცირებამ საშუალება მომცა – სხვა კუთხიდან (გარედან)  შემეხედა და შემეფასებინა დეკანატის მუშაობის ეფექტიანობა,  დამენახა ის, რასაც  შიგნიდან ვერ ხედავ, ან სხვანაირად აღიქვამ. ამიტომაც, ჩემი გადაწყვეტილება – კვლავ მეყარა კენჭი ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე ამ გამოცდილებებით, ფაკულტეტზე ზრუნვითა და ფაკულტეტისათვის მნიშვნელოვანი საქმეების კეთების სურვილით იყო გამოწვეული.

ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია, რომელიც ფაკულტეტის საბჭოს, როგორც დეკანობის კანდიდატმა, წარვუდგინე,  უნივერსიტეტის მისიასთან და თსუ-ს განვითარების სტრატეგიულ გეგმასთან ერთად, ეფუძნება არსებული ვითარების ანალიზს და  ფაკულტეტის განვითარების ჩემეულ ხედვას. მისი ძირითადი პრინციპები ემყარება  უნივერსიტეტის, როგორც სტუდენტთა და პროფესორთა ერთობის, თაობათა კავშირის  იდეას, რაც ცოდნის შენახვის, ახალი ცოდნის შექმნისა და მის გადაცემა-გავრცელების უწყვეტობას გულისხმობს.  მიმაჩნია, რომ უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად მისი სტრატეგიული მიზნები, ტრადიციების შენარჩუნებასთან ერთად, უნდა დაეფუძნოს სწავლებასა და კვლევაში თანამედროვე გამოწვევების მიღებას. კონცეფციაშიშევეცადე  პასუხი გამეცა კითხვებზე:  საიდან მოვდივართ?      რა გზა გავიარეთ?      სად ვართ?        საით უნდა წავიდეთ?    რა  შეგვიძლია?  რა უნდა გაკეთდეს?   რა სირთულეები უნდა დავძლიოთ და როგორ?

საიდან მოვდივართ?

მოვდივართ   პირველი ქართული უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტიდან, რომლისპირველმა პროფესორებმა იმთავითვე დაამკვიდრეს უნივერსიტეტში სწავლებისა და კვლევის დასავლური სტანდარტები, რომლებიც ორიენტირებული იყო  ქვეყნის ინტელექტუალური და სამეცნიერო პოტენციალის ზრდაზე. სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტიდან  თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტამდე  ფაკულტეტმა  ტრანსფორმირების რამდენიმე ეტაპი გაიარა:ჰუმანიტარული პროფილის რამდენიმე ფაკულტეტის შექმნა, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწიეს და აღზარდეს ჰუმანიტარული დარგების  სპეციალისტთა მრავალი თაობა;  შემდეგ კი  ამ ფაკულტეტების   რეინტეგრაცია და  ერთ დიდ ფაკულტეტად გაერთიანება. 2005 წელს ყოფილი ფილოსოფიის, ფილოლოგიის, ისტორიის, აღმოსავლეთმცოდნეობის, დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის, ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტების, თსუ-ს ენების შემსწავლელი ცენტრისა და პედაგოგიკის საუნივერსიტეტო კათედრის გაერთიანების შედეგად  უნივერსიტეტში შექმნილ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს უკვე თითქმის 20 წლიანი ისტორია აქვს. მან უკვე გაიარა  ორგანიზაციული  განვითარების  რამდენიმე ეტაპი. თუ პირველ წლებში (ინტეგრაციის ეტაპი) უმნიშვნელოვანესი ამოცანა  დამოუკიდებელი ფაკულტეტების ინსტიტუციურად ერთ საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულად, ერთ ფაკულტეტად გარდაქმნა და მის შემადგენლობაში მოქცეული ტრადიციული ფაკულტეტების ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით შემდგომი განვითარებისა და წინსვლის გზების მოძებნა იყო, მე-2 ეტაპი დინამიკური განვითარების ნიშნით წარიმართა.

სად ვართ?

დღეისათვის თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი უნივერსიტეტის შვიდი ფაკულტეტიდან ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური (მულტიდისციპლინური) სტრუქტურული ერთეულია, როგორც მის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების, ისე სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის რაოდენობის  მიხედვით.  ობიექტური მაჩვენებლები საშუალებას იძლევა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი დღეს შევაფასოთ როგორც დინამიკურად განვითარებადი ფაკულტეტი,  რომელიც ამზადებს კვალიფიციურ, კონკურენტუნარიან კადრებს და თავისი ინტელექტუალური პოტენციალისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის თვალსაზრისით მყარი პოზიციები უჭირავს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში. 

საით უნდა წავიდეთ?

გრძელვადიან პერსპექტივაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი უნდა იქცეს წამყვან სამეცნიერო-საგანმანათლებლო კერად, რომელსაც მყარი პოზიციები უჭირავს არა მარტო საქართველოს და რეგიონის საგანმანათლებლო სივრცეში, არამედ  მის საზღვრებს გარეთაც.

განვითარების პერსპექტივები (რა შეგვიძლია?)

მიმაჩნია, რომ ჩვენს ფაკულტეტს აქვს პოტენციალი გახდეს ჰუმანიტარული კვლევების აღიარებული  სამეცნიერო და საგანმანათლებლო კერა არა მარტო საქართველოს მასშტაბით, არამედ  მის საზღვრებს გარეთაც.  ამისთვის ფაკულტეტი ორიენტირებული უნდა იყოს  ჰუმანიტარულ დარგებში   მეცნიერული კვლევების განვითარებაზე და კვლევაზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო საქმიანობაზე, რომლებიც უნდა დაემყაროს და შეესაბამებოდეს დასავლეთის უნივერსიტეტებში არსებულ სტანდარტებს. ამავე დროს, საჭიროა კიდევ უფრო განვითარდეს ის მიმართულებები, რომელთა მიხედვითაც  სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს უჭირავს  წამყვანი პოზიციები  ქვეყნის თუ რეგიონული მასშტაბით (ზოგ შემთხვევაში საერთაშორისო მასშტაბითაც). ფაკულტეტის სტაბილური განვითარებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, არსებული სამეცნიერო-აკადემიური სკოლების ტრადიციის შენარჩუნება, რისთვისაც აუცილებელია მათი ახალი რესურსებითა და ახალი ცოდნით შევსება და,  მეორე მხრივ,  ახალი ცოდნის გენერირება ახალი კადრებით, ახალი, ინოვაციური (მათ შორის, ინტერდისციპლინური) მიმართულებების  განვითარება.

 XXI საუკუნეში ინფორმაციული და ციფრული ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ არსებითად შეცვალა ჰუმანიტარული კვლევების ინფრასტრუქტურა და აკადემიური გარემოც.  ტრანსფორმირდა როგორც კვლევის მეთოდები და რესურსები, ისე საგანმანათლებლო ტექნოლოგიები და ინსტრუმენტები, სწრაფად ვითარდება ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ინფორმატიკის მიჯნაზე აღმოცენებული ახალი დარგი, ციფრული/დიგიტალური ჰუმანიტარია. ფაკულტეტმა უნდა შეძლოს  მიჰყვეს  ახალ  ტენდენციებს და  თავისი წვლილი შეიტანოს ციფრული ჰუმანიტარიის განვითარებაში, განსაკუთრებით ქართველოლოგიური კვლევების მიმართულებით. ფაკულტეტს ამ მიმართულებით ხელშესახები წარმატების მიღწევების  შესაძლებლობა აქვს, რასაც განაპირობებს, ერთი მხრივ, უკვე  არსებული ინტელექტუალური რესურსი (ამგვარი ცოდნისა და მუშაობის გამოცდილების მქონე ახალგაზრდა თაობა, რომელმაც  ჰუმანიტარულ კვლევებში  ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების უნარები განივითარა  როგორც  უცხოეთის უნივერსიტეტებში, ისე ჩვენს  უნივერსიტეტში ორგანიზებულ  სემინარებში, სეზონურ სკოლებსა და  სხვადასხვა სამეცნიერო პროექტში მონაწილეობით) და, მეორე მხრივ, უცხოეთის იმ პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაფართოება, სადაც მსგავსი პროექტები დიდი ხანია ხორციელდება.  ფაკულტეტის ცალკეულ ინსტიტუტებს წყაროების გაციფრულებისა და თემატური კორპუსების შექმნის გამოცდილებაც გააჩნიათ. არსებული რესურსების გაერთიანებით ფაკულტეტს  შეუძლია  შექმნას ისეთი პროდუქტები, რომლებიც  შეიძლება გამოყენებული იყოს არა მხოლოდ ლოკალურად, როგორც სასწავლო ან სამეცნიერო რესურსი, არამედ უფრო ფართოდ, როგორც  ღია რესურსი, რომელიც ქართული ენის სრულ ტექნოლოგიზებას და საერთაშორისო საკომუნიკაციო სივრცეში მის სრულფასოვან და შეუფერხებელ ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს.

სტრატეგიული პრიორიტეტები  ( რა უნდა გავაკეთოთ?)

უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტრატეგიული პრიორიტეტები  უნდა იყოს: 1. ფაკულტეტის სწრაფი და  მდგრადი განვითარება და რეგიონში წამყვან სამეცნიერო-საგანმანათლებლო კერად გადაქცევა;  არსებულისამეცნიერო სკოლებისა და პროგრამების ხელშეწყობის პარალელურადახალი დარგების, თანამედროვეტექნოლოგიების, სწავლებისა და კვლევის ინოვაციური მეთოდების  დანერგვა. 2. საერთაშორისო ასპარეზზე ფაკულტეტის პოზიციების გამყარება; კვლევის შედეგების ინტერნაციონალიზაციისა და საერთაშორისო ცნობადობის გაზრდა; 3საგანმანათლებლო საქმიანობაში ინოვაციური მიდგომების დანერგვა და მეცნიერული კვლევის შედეგების სასწავლო პროცესში ინტეგრირება; თანამედროვე  ევროპული სტანდარტების შესატყვისი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა/განახლება; კლასიკური და უახლესი ცოდნის/მიღწევების სინთეზი;სწავლა-სწავლების ახალი მეთოდებისა და ფორმების ძიება (მათ შორის,  ელექტრონული/დისტანციური და შერეული ფორმებისა);  უცხო ენების  დაუფლების შესაძლებლობის გაზრდა,  ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების/მოდულების/პროგრამების შეთავაზება სტუდენტებისათვის; ციფრული ტექნოლოგიების ფართოდ გამოყენება  სწავლებაში. 4. სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა; ადამიანური რესურსების განვითარება; მაღალკვალიფიციური კადრების გადინების არიდება; ინოვაციური ცოდნის შეძენასა და სასწავლო პროცესში დანერგვაზე ორიენტირებულ მკვლევართა ახალი თაობების მოზიდვა/მომზადება; დოქტორანტების აქტიური ჩართვა ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობაში;  ახალგაზრდა მეცნიერების (პოსტდოქტორანტების) უნივერსიტეტთან აფილირების მხარდამჭერი პროექტების განხორციელება. პროფესორ-მასწავლებელთა მოტივაციის გაზრდისა და წახალისების მექანიზმების შემუშავება, დამსახურებულ  პროფესორთა  ღვაწლის  ღირსეული დაფასება,  აკადემიური კორპუსის  ახალი კადრებით შევსება. 5. ორგანიზაციული და მმართველობითი სისტემის შემდგომი სრულყოფა; აკადემიური პერსონალისათვის, მკვლევრებისათვის, სტუდენტებისათვის სწავლის, სწავლებისა და კვლევისათვის კომფორტული გარემოს შექმნა.  ასევე, უმნიშვნელოვანეს ამოცანად მიმაჩნია პროფესორთა შრომის ანაზღაურების სისტემის სრულყოფა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ამ საკითხის გადასაჭრელად მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება, რათა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესურის ხელფასების ოდენობა გაუთანაბრდეს მაღალანაზღაურებადი ფაკულტეტების პროფესურის ხელფასს.

ძირითადი  გამოწვევები (რა სირთულეები უნდა დავძლიოთ?)


უმაღლეს განათლების დაფინანსების არსებული სისტემა
, რომელიც რჩება სტუდენტების რაოდენობაზე  ორიენტირებულ სისტემად, რაც სერიოზულ საფრთხეებს უქმნის სწავლის, სწავლებისა და კვლევის ხარისხს. დაფინანსების არსებული სისტემა ფაკულტეტს უბიძგებს მიიღოს სულ უფრო მეტი აბიტურიენტი, რომელთა ნაწილი  ნაკლებად მოტივირებულია და/ან ნაკლებად არის მზად სრულფასოვნად ჩაერთოს სასწავლო პროცესში. ამჟამად ფაკულტეტზე  7600-მდე სტუდენტი ირიცხება, რომელთაგან  თითქმის მესამედს სტატუსი აქვს შეჩერებული. აქტიური სტატუსის  მქონე 5000-ზე მეტი სტუდენტიდან სასწავლო პროცესში სრულფასოვნად ჩართულია მისი დაახლოებით ნახევარი, მეორე ნახევარს კი სწავლისა და მუშაობის შეთავსება უწევს, რაც ხელისშემშლელი გარემოებაა  ხარისხიანი განათლების მიღებისა და  სტუდენტთა  სამეცნიერო  საქმიანობაში   ჩართვისათვის.

არასაკმარისია ფინანსური  მხარდაჭერა ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის სრულფასოვანი გამოყენებისთვის. არ არის განვითარებული შიდა საუნივერსიტეტო/ საფაკულტეტო კვლევითი საგრანტო სისტემა და პოსტდოქტორანტურის ინსტიტუტი; იკვეთება ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების გადინება, ფაკულტეტზე  მათი აფილირებისა და დასაქმების შეზღუდული შესაძლებლობა;

ფაკულტეტის მდგრადი განვითარებისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ პრიორიტეტად  უნდა იქცეს ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერისა და  მათი  ფაკულტეტზე დასაქმების ხელშეწყობა, პოსტდოქტორანტების მოზიდვის/მხარდაჭერის მექანიზმების განვითარება, ახალგაზრდა კადრების  შენარჩუნება,  ფაკულტეტთან   მათი აფილირების მექანიზმების  დახვეწა და წახალისების სისტემის დანერგვა.

სწავლების ხარისხის გაუმჯობესება საუნივერსიტეტო სივრცეში ცენტრალური საკითხია და, აქედან გამომდინარე, ფაკულტეტის ძირითადი ამოცანაა სტუდენტებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა. საგანმანათლებლო  პროგრამების აკრედიტირების სისტემის დანერგვამ  ხელი შეუწყო ახალი ტიპის (სტუდენტზე ორიენტირებული) პროგრამების  მეტ-ნაკლებ მდგრადობას, რაც საგანმანათლებლო რეფორმების პირველ ეტაპზე  მნიშვნელოვანი მიღწევა იყო.  მაგრამ  ხარისხიანი სწავლა-სწავლების პროცესი დროის და შრომის ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით მუდმივად განახლებადი პროცესია. შესაბამისად,  პროგრამების კურიკულუმიც დინამიკურად განვითარებადი  უნდა იყოს  და  არა სტატიკური.  პერმანენტულად უნდა ხდებოდეს  სასწავლო პროცესის სრულყოფა ინოვაციური მიდგომებისა და  სწავლების თანამედროვე  ტექნოლოგიების აქტიური გამოყენების საფუძველზე.

უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტებისაგან განსხვავებით, რომლებიც ინტენსიურად ახდენენ სასწავლო კომპონენტების დისტანციურ პლატფორმაზე ტრანსფორმირებას, საქართველოს ამჟამინდელი საკანონმდებლო რეგულაციები დისტანციური/ელექტრონული სწავლების განხორციელებას ზღუდავს, თუმცა, განათლების სისტემაში უკანასკნელ ხანს გამოკვეთილი ტენდენციები პროგრესული  მიმართულებით განვითარების იმედს აჩენს.  მნიშვნელოვანია, ფაკულტეტმა დროულად აუღოს ალღო დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და იზრუნოს ელექტრონული და/ან შერეული სწავლებისთვის  ადამიანური და მატერიალური რესურსების მომზადებაზე.

მიუხედავად ბოლო წლებში გამოკვეთილი საგრძნობი გაუმჯობესებისა, კვლავაც  გამოწვევად რჩება საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციის საკითხი. უცხო ენების არასაკმარის დონეზე ცოდნა ხელისშემშლელი ფაქტორია გაცვლით პროგრამებში  ჩართვის  მსურველ სტუდენტთა  ნაწილისთვის.  ჯერ კიდევ მცირეა  იმ სასწავლო კურსების  რაოდენობა, რომელთა შეთავაზებაც შეუძლია  ფაკულტეტს როგორც თავისი, ისე  საერთაშორისო მობილობით ჩამოსული სტუდენტებისათვის. ამჟამად ფაკულტეტი არ ახორციელებს არცერთ   ინგლისურენოვან  პროგრამას.

ფაკულტეტი საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებს უნივერსიტეტის რამდენიმე კორპუსში (I, II, V, VIII და XI კორპუსები).  I და II  კორპუსების კეთილმოწყობილი,  შესაბამისი ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორიების ფონზე,  მკაფიოდ იკვეთება დანარჩენი კორპუსების საგანმანათლებლო  ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საჭიროება. ამ კუთხით ფაკულტეტის  განვითარება მეტწილად გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული – იქნება ეს მიზნობრივი დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან თუ უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილი ჩვენი კორპუსების რეაბილიტაციის პროექტები.

თსუ-ს სტუდენტებს  საკმაოდ მრავალფეროვანი სერვისებით სარგებლობის საშუალება აქვთ, მიუხედავად ამისა,  ფაკულტეტზე  სტუდენტური ცხოვრების გასაუმჯობესებლად  საჭიროა დამატებითი ღონისძიების გატარება:  ნაკლებია  საგანმანათლებლო    პროგრამებისა  და  საუნივერსიტეტო    სერვისების    გაუმჯობესების    პროცესში სტუდენტთა ჩართულობა,  შეიმჩნევა უნივერსიტეტთან სტუდენტების ემოციური ბმის კლება. ფაკულტეტის დღევანდელი აკადემიური გარემო ნაკლებად ითვალისწინებს კურიკულუმს მიღმა  სტუდენტთა  აქტივობებს (ინტერესთა მიხედვით სტუდენტთა გაერთიანებები წრეებში/კლუბებში, ექსკურსიები, ლაშქრობები, საველე პრაქტიკები,  ექსპედიციები, შეხვედრები, კონკურსები, შეჯიბრებები და მისთ.), რაც სრულფასოვანი სტუდენტური ცხოვრების  მნიშვნელოვანი  მდგენელია  და  სტაბილური სასწავლო ჯგუფების არარსებობის პირობებში სტუდენტების სოციალიზაციას და  ფაკულტეტთან, უნივერსიტეტთან  ემოციური კავშირის  ჩამოყალიბებას განსაკუთრებით უწყობს ხელს. ამ კუთხით მეტი მხარდაჭერა სჭირდება როგორც სტუდენტთა თვითმმართველობის  მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს, ისე  სხვა სტუდენტურ ინიციატივებს.

ცვალებად გარემოში სისტემები სწრაფად ძველდება და ხშირად ვეღარ პასუხობს შიდა თუ გარე ახალ გამოწვევებს; თანამედროვე რეალობაში მხოლოდ იმ ორგანიზაციას აქვს ზრდის პერსპექტივა, რომელიც განვითარებას უწყვეტ პროცესად განიხილავს.  ფაკულტეტის  ორგანიზაციული განვითარება და ზრუნვა იმ ადამიანების განვითარებაზე, რომლებიც ამ ფაკულტეტს ქმნიან, ერთიანი სისტემაა და ის ფაკულტეტის სტრატეგიული მიზნებისა და ფასეულობების კონტექსტში უნდა იყოს განხილული. განვითარებას და შემდგომ სრულყოფას საჭიროებს ფაკულტეტის ყველა ტიპის რესურსი (ადამიანური, მატერიალური, ადმინისტრაციული), დასახვეწია მექანიზმები, რომლებიც მართვის  ეფექტიანობას უზრუნველყოფენ.

სტრატეგიული პრიორიტეტების მისაღწევად და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ევროპული   ღირებულებების   და  საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე წამყვან საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით ცენტრად  გადაქცევისთვის საჭიროა  ფაკულტეტის  ფინანსური  მდგრადობის უზრუნველყოფა,  მართვის  პროცესებისა  და ინფრასტრუქტურის   მოდერნიზება  და  ორგანიზაციული განვითარების ხელშემწყობი  უფრო ქმედითი  ღონისძიებების გატარება,  ფაკულტეტის ორგანიზაციული სტრუქტურების  ადაპტირება დასახული ამოცანების გადასაწყვეტად;

კონცეფციაში ამ გამოწვევებთან გამკვლავებისთვის განსახორციელებელი აქტივობების საკმაოდ ვრცელი და დეტალური ჩამონათვალია წარმოდგენილი,  რომელთა  შორის  არის საკითხები, რომლებიც უფრო სწრაფად გადაწყდება და არის საკითხები, რომელთა გადაწყვეტასაც მეტი დრო დასჭირდება,  მაგრამ  ყველა მათგანი მნიშვნელოვანია და, ფაკულტეტის პროფესურის, სტუდენტების, ადმინისტრაციული/დამხმარე პერსონალის ერთსულოვნებისა და უნივერსიტეტის ადმინისტაციის მხარდაჭერის შემთხვევაში,  სავსებით რეალისტური. მათი ნაწილი მჭიდროდ უკავშირდება როგორც შიდა საუნივერსიტეტო, ასევე გარე ფაქტორებს, მაგრამ დასახული მიზნების რეალიზაციისთვის  უმიშვნელოვანესია, რომ ფაკულტეტი წარმოადგენდეს საერთო სულისკვეთებით განმსჭვალულ განვითარებაზე ორიენტირებულ  პროფესიონალთა დიდ გუნდს, რომლის თითოეული წევრი კარგად ხედავს  საკუთარ როლს  ფაკულტეტის  სტრატეგიული მიზნების მიღწევაში და გაცნობიერებული აქვს პასუხისმგებლობა ფაკულტეტის/უნივერსიტეტის  და ქვეყნის წინაშე“.

. . .

დარეჯან თვალთვაძე 2012 წლიდან დღემდე გახლავთ თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ამ ფაკულტეტის ქართული ენის ინსტიტუტის ძველი ქართული ენისა და ტექსტოლოგიური კვლევების კათედრის  ხელმძღვანელი.  მანამდე იგი იყო ამავე ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი;  უფრო ადრე, ფაკულტეტების გაერთიანებამდე – ფილოლოგიის ფაკულტეტის ძველი ქართული ენის კათედრის დოცენტი,  ამ ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ძველ ქართულ ხელნაწერთა შემსწავლელი  სამეცნიერო-კვლევითი  ლაბორატორია ,,ორიონის“  მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორანტი… თსუ-ში დარეჯან თვალთვაძე 1982 წლიდან მუშაობს და თითქმის ყველა პოზიციაზეა ნამყოფი.   2015 წლის ნოემბრიდან  2016 წლის 20 აპრილამდე გახლდათ თსუ-ს რექტორის მოადგილე; 2016 წელს – თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2016-2021 წწ – თსუ-ს რექტორის მრჩეველი; 2023 წლის 20 აპრილიდან  – თსუ-ს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე.

Facebook
Twitter
LinkedIn