ერეკლე ტატიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია
დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტმა, 3 ივნისს, ჩაატარა მეორე სამეცნიერო კონფერენცია – ,,ტექსტი და ინტერპრეტაცია’’ – რომელიც ამ ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებლის, ცნობილი მთარგმნელის, პოლიგლოტისა და ერუდიტის, დასავლური ენების კათედრის პირველი გამგის, პროფესორ ერეკლე ტატიშვილის ხსოვნას მიეძღვნა.
კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მანანა გელაშვილმა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა ერეკლე ტატიშვილის ღვაწლზე.
„ერეკლე ტატიშვილი ივანე ჯავახიშვილმა მოიწვია ახლადშექმნილ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლისა და დიპლომატიის ისტორიის ლექტორად. თუმცა, როგორც საბჭოთა ხელისუფლებისათვის პოლიტიკურად არასანდო პროფესორს, მას მალე შეუზღუდეს ამ მიმართულებით მოღვაწეობის საშუალება. მაშინ ერეკლე ტატიშვილმა, რომელსაც განათლება გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებში ჰქონდა მიღებული, თსუ-ში ევროპული ენებისა და ლიტერატურის სწავლება დაიწყო და ასე თანდათან ფილოლოგიის ფაკულტეტის ფარგლებში გაჩნდა ჯგუფი, რომელიც დასავლეთევროპულ ენებსა და ლიტერატურას შეისწავლიდა და რომელიც დროთა განმავლობაში უნივერსიტეტის ერთ-ერთ ძლიერ და მოთხოვნად ინსტიტუტად ჩამოყალიბდა“, – აღნიშნა პროფესორმა მანანა გელაშვილმა, რომელმაც ასევე ისაუბრა ერეკლე ტატიშვილის ესეებსა და თარგმანებზე, განსაკუთრებით ნიცშეს ,,ესე იტყოდა ზარატუსტრას’’ თარგმანზე, რომელიც მთარგმნელისათვის საბედისწრო აღმოჩნდა და სტალინური რეპრესიების დროს მისი დაპატიმრების ერთ-ერთ საბაბადაც იქცა.
შესავალი სიტყვის შემდეგ ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი ,,კაცი-ფასკუნჯი’’ (ავტორი ნინო კაკულია), რომელშიც საინტერესოდ არის წარმოჩენილი ერეკლე ტატიშვილის ცხოვრების გზა. ფილმის შემდეგ მადლობა გადაუხადეს მის ავტორს ნინო კაკულიას, რომელმაც არა მხოლოდ ერეკლე ტატიშვილზე, არამედ კიდევ რამდენიმე საინტერესო ფილმი შექმნა იმ პროფესორებზე (გივი გაჩეჩილაძე, არიანე ჭანტურია და სხვ.), რომელთა მოღვაწეობა დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტს უკავშირდება.
კონფერენციის მუშაობა ოთხ სექციად ჩატარდა და მასში, თსუ-ს პროფესურისა და დოქტორანტების გარდა, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთელის სახელობის უნივერსიტეტის, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, შავი ზღვის უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის და სხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა.
კონფერენციაზე ბევრი საინტერესო მოხსენება იყო წარმოდგენილი. ცნობილმა მთარგმნელმა და ლიტერატურათმცოდნემ პაატა ჩხეიძემ თავისი მოხსენებით – „მთხრობელის პრობლემისათვის რომანში“ – დამსწრეებს გააცნო თავისი დაკვირვებები, თუ როგორ იცვლება მთხრობელის როლი სხვადასხვა ტიპის რომანში. ირაკლი ცხვედიანის მოხსენება თანამედროვე ამერიკელი ავტორის დონ დელილოს რომანს იკვლევდა, რომელიც დღეს, საზღვარგარეთ, ძალიან პოპულარულია ახალი ეკოპოეტიკის თვალსაზრისით. დავით მაზიაშვილის მოხსენება – „12 პაემანი, როგორც ნუგეში“ – შინარსობრივთან ერთად ვიზუალური თვალსაზრისითაც იყო საინტერესო, რადგან მან ბოეციუსის ცნობილი ფილოსოფიური თხზულებისა და მარიამ ალექსიძის მიერ დადგმული თანამედროვე ბალეტის – ,,12 პაემანი’’ – სიღრმისეულ კავშირზე ისაუბრა. ინტერპრეტაციის ფილოსიფიურ და ფსიქოლოგიურ მხარეზე გაამახვილა ყურადღება დავით ამირეჯიბმა მოხსენებაში ,,ინტერპრეტაცია, როგორც ტექსტის ენტელეხეა და კინეზისი’’.
სასიხარულოა, რომ წელს კონფერენციაზე ცალკე სექციად იყო წარმოდგენილი ტექსტის თეატრალური და კინემატოგრაფიული ინტერპრეტაცია. რა სახის ცვლილებებს გადის დიდი ავტორების ტექსტები, რომელიც თეატრისა და კინოს მასაზრდოებელი მასალაა… რატომ აღმოაჩენს და ახლად წაიკითხავს ყოველი ეპოქა დიდ ავტორებს? – ეს და მრავალი სხვა პრობლემა გაჟღერდა ამ სექციაზე. სექციის თავმჯდომარემ მანანა პაიჭაძემ საინტერესოდ წარმოადგინა – რა სახეს იღებს მერიმეს ნოველა „კარმენი“ ბიზეს ოპერასა და კარლოს საურას ფილმში. შექსპირის პიესების თანამედროვე ინტერპრეტაციებს მიეძღვნა მაკა ვასაძისა და პროფესორ ქეთევან გრძელიძის, ლელა წიფურიას მოხსენებები.
განსაკუთრებით მისასალმებელია კონფერენციაში ბევრი ახალგაზრდა მეცნიერის მონაწილეობა და მათი საკვლევი თემატიკის მრავალფეროვნება. მათ შორის იყვნენ ახალგაზრდა, მაგრამ უკვე მრავალი ნაშრომის ავტორები და ბევრი ადგილობრივი და საერთაშორისო გრანტიორები თამარ გელაშვილი და ლიზი ძაგნიძე; ახლგაზრდა დოქტორები ლილიანა გოგიჩაიშვილი და ქეთევან ჯმუხაძე.
დასასრულ, ინსტიტუტის ხელძღვანელმა მანანა გელაშვილმა შემაჯამებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ ის ფაქტი, რომ კონფერენციაში სხვადასხვა თაობის მკვლევრები მონაწილეობენ, ძალიან ზუსტად გამოხატავს უნივერსიტეტის არსსა და დანიშნულებას – ,,ეს არის განგრძობადობა და ტრადიციაზე დაყრდნობით ახალი ცოდნის შექმნა და ახალი თაობის აღზრდა“. ამ თვალსაზრისით, კონფერენცია, გარკვეული სახით, სიმბოლური იყო, რადგან ერეკლე ტატიშვილის მიერ ჩაყრილ საფუძველზე შექმნილი დასავლური ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტი მის მიერ დაფუძნებული მაღალი სტანდარტებით აგრძელებს საქმიანობას.