თამარ ფარჩუკიძე: ,,ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის, ეკონომისტის აზროვნებაც ერთგვარი ხელოვნებაა“

თარიღი: 2024-06-03 18:09:41

თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  IV კურსის სტუდენტი თამარ ფარჩუკიძე  ერთ-ერთი პირველია რეიტინგით,  ვინც სახელმწიფო სტიპენდიის შესარჩევ კონკურსში კვლავ გაიმარჯვა. მას სახელმწიფო სტიპენდიატის სტატუსი ოთხივე კურსზე ჰქონდა.

„სასიამოვნო და საამაყოა იმის განცდა, რომ ამდენი შრომა, გარჯა (და ხშირად ნერვიულობაც) ბოლოს გიფასდება და ასე ვთქვათ – ,,კენწეროში გიტკბილდება“. ბოლო კურსზე კი, საბედნიეროდ, რეიტინგით ერთ-ერთი პირველი აღმოვჩნდი კონკურსში გამარჯვებულთა სიის სათავეში, რაც დამატებითი მოტივაციის საფუძველია“,  – აცხადებს თამარი, რომელიც წარმატებული მარტო სწავლაში კი არა,  შემოქმედებით საქმიანობაშიცაა.

„სწავლასთან ერთად  მომღერლის/ვოკალისტის ხელოვნებას ვეუფლები; ,,თბილისის ბავშთა კაპელას“ სოლისტი ვარ და ,,ნიჭიერის“ 2018 წლის გამარჯვებული. აქტიურად ვმონაწილეობ სხვადასხვა საქალაქო და რესპუბლიკურ ღონისძიებებში. მუსიკალურ განათლებას კი, ვცდილობ,  ეკონომისტის სპეციალობის დაუფლება  შევუთავსო“, – ამბობს თამარი, ვის ოჯახშიც ყველა ხელოვანია. თამარს  ტექნიკური საგნები ბავშვობიდანვე იზიდავდა  და ასაკის მატებასთან ერთად ინტერსი ეკონომიკის სფეროს მიმართულებით გაუმძაფრდა.

„ვცდილობ – ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ სფეროთა ერთობა ჩემს ერთ-ერთ ძლიერ მხარედ ვაქციო“, – აცხადებს  თამარი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს სტუდენტურ-სამეცნიერო კონფერენციებში.

თამარისთვის პროფესია ეკონომისტი  იყო, არის და ყოველთვის იქნება პერსპექტიული და მრავალპროფილური პროფესია. როგორც კაცობრიობის განვითარების ისტორია აჩვენებს, ყველა დროსა და ფორმაციაში  მმართველებს ჰყავდათ ადამიანები, რომლებიც აკონტროლებდნენ ფინანსებსა და ეკონომიკურ სფეროს. ალბათ, ყველა მეფის კარზე ხაზინადარი იყო იმ სახელმწიფოს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრიც.

ამ ისტორიულ რაკურსს იმიტომ გავუსვი ხაზი, რომ ეკონომისტობა იყო, არის და ყოველთვის იქნება პერსპექტიული და მრავალპროფილური პროფესია.

ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის, ეკონომისტის აზროვნებაც ერთგვარი ხელოვნებაა. შესაბამისად, კარგ ეკონომისტს, როგორც თავის საქმის ბრწყინვალე მცოდნეს, შესაძლებლობებიც დიდი აქვს“, – ამბობს თამარ ფარჩუკიძე, რომელიც ფიქრობს, რომ  ძალიან გაუმართლა, რადგან ერთი მეორეზე კარგ ლექტორებთან  მოუწია  ურთიერთობა (როგორც ცოდნის,  ასევე, პიროვნული თვალსაზრისით).

სტუდენტობა თამარ ფარჩუკიძისთვის  ყველაზე ბედნიერი პერიოდია,  სასიამოვნო და კარგი, მაგრამ რთულიც, რომელიც უამრავ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. სამომავლო გეგმები ამბიციური აქვს, თუმცა ურჩევნია ამ თემაზე  წინასწარ არ ისაუბროს, რამეთუ  ფიქრობს, რომ „საქმემან შენმან გამოგაჩინოს“.

Facebook
Twitter
LinkedIn