მარიამ დადუნაძე – მრავალგზის სტიპენდიატი

თარიღი: 2024-05-31 17:37:47

თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი მარიამ დადუნაძე ერთ-ერთია, ვინც კონკურსში გაიმარჯვა და  თსუ-ს სახელმწიფო სტიპენდიატი გახდა გაზაფხულის სემესტრში.

„სახელმწიფო სტიპენდიის მიღება სასიხარულოა, რადგან ხედავ, რომ შრომა გიფასდება. ერთგვარი მოტივაციაა, რომელიც სტიმულს გაძლევს ყოველთვის იყო აქტიური, მაღალ შედეგებზე ორიენტირებული სტუდენტი. რა თქმა უნდა, მარტივი არ არის გქონდეს სტიპენდიატის სტატუსი ოთხი წლის განმავლობაში. აღნიშნული მრავალ გამოწვევასთან არის დაკავშირებული – მუდმივად უნდა იყო ფორმაში, გაუმკლავდე გამოცდების „ციებ-ცხელებას“, ჩართული იყო სტუდენტურ აქტივობებში და გაამართლო ის დადებითი მოლოდინები, რომლებიც შენ გარშემო ექმნებათ ადამიანებს შენზე. მიუხედავად ამ გამოწვევებისა, სწავლობ შრომას, ბრძოლას, თვითდისციპლინას და ყოველ ჯერზე მიღწეული შედეგები უფრო მაღალი შედეგების მიღწევის გარანტია ხდება.  ეს გამოცდილება კი ცხოვრებაშიც გეხმარება“, – აცხადებს  მარიამ დადუნაძე, რომელიც კომპანია „ავერსი-ფარმას“ მომარაგების განყოფილებაში ტენდერებისა და სტრატეგიული პოზიციების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე მუშაობს. იგი პარალელურადაც გადის  სტაჟირებას    ფირმის ფინანსების განყოფილებაში.

სანამ ეკონომისტის პროფესიას აირჩევდა, როგორც აბიტურიენტმა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ძალიან ბევრ კომპეტენტურ ადამიანს ჰკითხა აზრი ეკონომიკის სპეციალობის შესახებ.  მათ მიერ გაზიარებული რჩევები და პროფესიული გამოცდილება, როგორც თვითონ ამბობს,  დაეხმარა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და ასე გახდა  თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი. რა თქმა უნდა, ამაში გარდამტეხი როლი მათემატიკისადმი სიყვარულმაც  ითამაშა. მარიამი პირველი კურსიდანვეა აქტიურად ჩართული  სტუდენტურ აქტივობებში და ღონისძიებებში.

მონაწილეობას ვიღებდი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებში. ჩემს ხელმძღვანელ ლექტორებთან ერთად ვმუშაობდი აქტუალურ ეკონომიკურ საკითხებზე და ვატარებდი შესაბამის კვლევებს. პირველივე კურსზე ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე წარვადგინე საკონფერენციო ნაშრომი – „COVID 19 პანდემიის გავლენა ქალთა დასაქმებაზე საქართველოში“. დავიკავე პირველი ადგილი. შემდეგ კურსებზე წარვადგინე როგორც მიკროეკონომიკის, ისე მაკროეკონომიკის კათედრები. ასევე, მონაწილეობა მივიღე Kyiv National Economic University named after Vadym Hetman-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში – ,,Management: Challenges and Prospects”, რომელშიც თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სახელით ჩემს ხელმძღვანელ ლექტორთან ერთად წარვადგინე ნაშრომი – ,,Problems that Generation Z faces in the field of Human Resource Management“, – აღნიშნა მარიამმა, რომლისთვისაც პროფესია ეკონომისტი არ არის მხოლოდ პროფესია. 

„ეკონომიკა რაციონალურად აზროვნების ხელოვნებაა. იყო ეკონომისტი – ნიშნავს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინო ალტერნატივები, შეაფასო რისკი და ზღვრული ანალიზის საშუალებით გააკეთო გონივრული არჩევანი. აქედან გამომდინარე, დღეს არ არსებობს დარგი ან სფერო, რომელსაც კარგი ეკონიმისტი არ სჭირდება, რადგან ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს ნებისმიერ საქმიანობასთან დაკავშირებული რესურსების ეფექტიან მენეჯმენტს. ამიტომ, კარგ ეკონომისტებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე, თვითრეალიზაციისა და განვითარების საუკეთესო შესაძლებლობები აქვთ, რადგან მათზე მოთხოვნა მაღალია“, – ასე ფიქრობს მარიამი, რომელიც თვლის, რომ  თსუ მას კარგ ცოდნას აძლევს კვალიფიციურ ეკონომისტად ჩამოყალიბებისთვის.

მარიამი მადლიერია თსუ-ს სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრისა, რომლისგან მიღებული ინფორმაციის დახმარებით დაიწყო სტუდენტური სტაჟირება ორი წლის წინ.

,,დღემდე უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გენერირებას ვახდენ ჩემს  სამუშაო პოზიციაზე. რა თქმა უნდა, აღსანიშნავია იმ კომპანიების მხრიდანაც მხარდაჭერა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები, რომლებსაც სტუდენტებს სტუდენტური დასაქმების საშუალებით გვაძლევენ“, – აცხადებს მარიამ დადუნაძე,  რომელიც პროფესიონალ ეკონომისტად ჩაომყალიბებისთვის ბაკალავრიატის საფეხურის დასრულების შემდეგ გეგმავს როგორც სამაგისტრო, ისე სადოქტორო საფეხურების გავლას.  „კონცენტრირებული ვარ გრძელვადიანი მიზნების მიღწევაზე და მსურს – ჩემი საქმითა და ცოდნით წვლილი შევიტანო ქვეყნისა და საზოგადოების ეკონომიკურ კეთილდღეობაში“, – ამბობს მარიამი, რომელიც ახლა სამაგალითო სტუდენტი, ხოლო მომავალში, ალბათ, წარმატებული ეკონომისტი და  თავისი ქვეყნის ღირსეული მოქალაქე იქნება. 

Facebook
Twitter
LinkedIn