რატომ სურს ნეკო მიქელაძეს ყველა საუნივერსიტეტო აქტივობაში ჩართვა

თარიღი: 2024-05-30 14:06:09

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების პირველმა კურსელმა ნეკო მიქელაძემ იმუშავა თემაზე – ,,კიბერგამოწვევები და მათი გადაჭრის გზები საქართველოში“. მას შემდეგ, რაც მან შეისწავლა საქართველოზე განხორციელებული თავდასხმები 2008 წლის ომიდან მოყოლებული დღემდე, ნეკომ ასეთი დასკვნა გააკეთა: ,,თვალნათლივ დავინახე, რომ საქართველოს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა ძალიან სუსტია, რასაც ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებიც. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი კიბერთავდასხმის შემდგომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად ტარდებოდა რიგი რეფორმები, სამწუხაროდ, გრძელვადიანი და შედეგის მომტანი, მეტწილად, ვერცერთი რეფორმა აღმოჩნდა. დღეს კი ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე –  იქნება თუ არა საქართველო მზად წინააღმდეგობა გაუწიოს მოსალოდნელ თავდასხმებს კიბერ გიგანტებისგან“, – ამბობს ნეკო მიქელაძე.

                                                          ბლიც-ინტერვიუ

  • რატომ აირჩიე შენი პროფესია და რამდენად მოგწონს?
  • პროფესიის არჩევა ერთ-ერთი რთული გადაწყვეტილება აღმოჩნდა ჩემთვის. ბავშვობიდანვე ერთი კონკრეტული პროფესია არასდროს მქონდა განსაზღვრული. ძალიან ხშირად ვიცვლიდი აზრს აბიტურიენტობის პერიოდშიც – დაწყებული სამედიცინოთი, დამთავრებული საერთაშორისო ურთიერთობებით, ყველაფერი მინდოდა… ამის ფონზე კი, რა თქმა უნდა, ძალიან გამიჭირდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. პრიორიტეტები იმის მიხედვით დავალაგე – ყველაზე მეტად რა მაინტერესებდა და რა მხრივ მსურდა ცოდნის გაღრმავება. ამასთან ერთად, მინდოდა – მქონოდა უშუალო შეხება ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის, მისი სწორ გზაზე დაყენების პროცესთან, ამიტომაც შესაბამის მიმართულებად საერთაშორისო ურთიერთობები დამესახა.
  • რა ცოდნას გაძლევს უნივერსიტეტი?
  • უშუალოდ პროფესიული საგნების შესწავლის პარალელურად უნივერსიტეტი საშუალებას მაძლევს განვივითარო სოციალიზაციის უნარები,  გვთავაზობს არაერთ საინტერესო პროექტს და გვაძლევს შესაძლებლობას – გავიფართოოთ თვალსაწიერი, მივიღოთ ზოგადი განათლება და აქტიურად ვიყოთ ჩართული საუნივერსიტეტო საქმიანობაში.
  • ვინ არის/არიან უნივერსიტეტში შენი საყვარელი ლექტორ(ებ)ი?
  • ჩემი საყვარელი ლექტორი უნივერსიტეტში არის ნინო მაისურაძე, ადამიანი, რომელიც დაუღალავ შრომას დებს თავის საქმეში და მაქსიმალურს გასცემს სტუდენტებისთვის. აქვე აღვნიშნავ, რომ აღნიშნულ კონფერენციაში ქალბატონმა ნინომ გვიხელმძღვანელა და უდიდესი დახმარება გაგვიწია –  გაგვეცნობიერებინა კონფერენციის დანიშნულება, გაგვეთვალისწინებინა თითოეული დეტალი და საბოლოოდ კარგი შედეგი მიგვეღო. ჩემს საყვარელ ლექტორთა სიაში მოწინავე რიგებს იკავებს, ასევე,  თეონა მატარაძე, რომლის ლექციებიც და სემინარებიც მუდმივად ერთმანეთისგან განსხვავებული და საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული.
  • რა პრობლემას გამოკვეთდი საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან?
  • პირველი პრობლემა ჩემი მიმართულების სტუდენტებისთვის ალბათ ისაა, რომ ლექციიდან ლექციამდე რამდენიმე კორპუსს შორის გვიწევს სიარული, რაც დიდ დროსთან და ენერგიასთანაა დაკავშირებული. ამასთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სასადილოს არქონა, რაც ხშირ შემთხვევაში სტუდენტების უმრავლესობის პრობლემას წარმოადგენს.
  • რა სურვილები გაქვს, რაც უნივერსიტეტს და შენს სტუდენტობას უკავშირდება?
  • სურვილები და სამომავლო გეგმები უნივერსიტეტთან დაკავშირებით ბევრია… პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ უნივერსიტეტი ჩემთვის წარმატების მიღწევის საშუალებას წარმოადგენს, ამიტომაც  მინდა, რომ ამ გზაზე მაქსიმალურად მივიღო ყველაფერი, რაც სამომავლო მიზნების მიღწევაში დამეხმარება. სურვილი მაქვს მაქსიმალურად ვიყო ჩართული შიდა და გარე საუნივერსიტეტო აქტივობებში, გავაგრძელო სწავლა რომელიმე პარტნიორ უნივერსიტეტში, გავეცნო მათი სწავლების სტილსა და მივიღო ევროპული განათლება. ვთვლი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც სტუდენტობისგან შემიძლია მივიღო, კარგი სამეგობრო წრის შექმნაა, რაც, ვფიქრობ, ძალიან კარგად დაიწყო, ნამდვილად საუკეთესო ადამიანების გარემოცვაში აღმოვჩნდი.
Facebook
Twitter
LinkedIn