დგას თუ არა საქართველო მსოფლიოში არსებული უამრავი კიბერგამოწვევის წინაშე
,,კიბერგამოწვევები და მათი გადაჭრის პერსპექტივები საქართველოში“ – ეს თემა დაამუშავა თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების პირველმა კურსელმა ლიზა პაქსაძემ თანაკურსელ ნეკო მიქელაძესთან ერთად.
რატომ დაინტერესდა ამ თემით და რა პროცესი გაიარა თემის დასამუშავებლად? – ამ კითხვაზე ლიზა პაქსაძე გვპასუხობს: ,,მოგეხსენებათ, რომ 21-ე საუკუნეში ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოება მხოლოდ მათ სამხედრო შესაძლებლობებზე აღარ არის დამოკიდებული და კიბერუსაფრთხოება სახელმწიფოთათვის, მითუმეტეს, საქართველოსთვის, როგორც ძალიან რთული გეოპოლიტიკური მდებარეობის მქონე ქვეყნისთვის, უმნიშვნელოვანესია. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე ეს საინტერესო თემა გამომეკვლია, ვინაიდან, ვფიქრობ, საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს.
თემის დასამუშავებლად, ჩემს მეწყვილესთან ერთად, ინტერნეტ-რესურსების დახმარებით მოვიძიე სათანადო ინფორმაცია: კვლევები, ანგარიშები, საქართველოს კიბერუსაფრთხოების ისტორია და ა. შ.“, – ამბობს ლიზა.
სტუდენტების საკვლევი კითხვები გახლდათ – რამდენად მზად იყო საქართველო კიბერთავდასხმების თავიდან ასაცილებლად 2008 წლის ომამდე? რამდენად შედეგიანი აღმოჩნდა მის მიერ გატარებული რეფორმები ომის შემდეგ? რა არის ქვეყნის თანამედროვე გამოწვევები კიბერსივრცეში?
როგორც ლიზა პაქსაძე აღნიშნავს, აღნიშნული თემიდან გამომდინარე, სტუდენტებმა შემდეგი დასკვნა გააკეთეს: ,,2008 წელს საქართველო რუსეთის მხრიდან მომავალი კიბერთავდასხმებისთვის მზად არ იყო და შედეგად ძლიერი კიბერშესაძლებლობების ქონის აუცილებლობა დაინახა. შედეგად გატარებული რეფორმები სამომავლო თავდასხმებისთვის ნაკლებად ეფექტური გამოდგა. დღეს საქართველო მსოფლიოში არსებული უამრავი კიბერგამოწვევის წინაშე დგას, რისთვისაც მეტად უნდა განვითარდეს აღნიშნული სექტორი: გაიზარდოს კვალიფიციური და პროფესიონალი კადრების რაოდენობა, შეძენილ იქნას შესაბამისი, გამართული და მაღალხარისხიანი ინფრასტრუქტურა და ა. შ.“
ბლიც-ინტერვიუ
- რატომ აირჩიე შენი პროფესია და რამდენად მოგწონს?
- საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩაბარება გადავწყვიტე, რადგან მაინტერესებს ისეთი თემები, როგორიცაა გეოპოლიტიკა, საგარეო და საერთაშორისო ურთიერთობები, ქვეყნების საგარეო და დიპლომატიური ურთიერთობები და ა.შ.
განსაკუთრებულ ინტერესსა და აღფრთოვანებას ჩემში ეს პროფესია სწორედ იმიტომ იწვევს, რომ ურთულესი მდგომარეობის ან მდებარეობის მქონე ქვეყანასაც კი შეუძლია გადარჩეს და განვითარდეს ანარქიულ მსოფლიოში თავისი დიპლომატიისა და საგარეო პოლიტიკური სპეციფიკების დახმარებით. ჩვენს ქვეყანას კი ნამდვილად სჭირდება გადარჩენა და განვითარება. - რა ცოდნას გაძლევს უნივერსიტეტი?
- გარდა აკადემიური ცოდნისა, უნივერსიტეტი საშუალებას მაძლევს სხვა ინტელექტუალურ და შემეცნებით აქტივობებშიც მივიღო მონაწილეობა, როგორებიცაა, მაგალითად, ,,რა? სად? როდის?“, სხვადასხვა სპორტული და შემეცნებითი შეჯიბრებები, სტუდენტური პროექტები და ა.შ.
- რა პრობლემას გამოკვეთდი საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან?
- ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა შუალედური და ფინალური გამოცდების თსუ-ს მე-10 კორპუსის ბიბლიოთეკაში დაწერაა. ამიტომ ვისურვებდი საგამოცდო კორპუსის უფრო ახლოს და მოსახერხებელ ადგილას გადატანას.
- რა სურვილები გაქვს, რაც უნივერსიტეტს და შენს სტუდენტობას უკავშირდება?
- ჩემი უდიდესი სურვილი და მიზანი ამ ეტაპზე გაცვლითი პროგრამით ევროპის რომელიმე ქვეყანაში სწავლის გაგრძელებაა, რისთვისაც ჩემს მოტივაციას, დროსა და ენერგიას არ დავიშურებ.