რა განაპირობებს გივი ბარამიძის სადოქტორო კვლევის აქტუალობას

თარიღი: 2024-05-29 18:55:52

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი გივი ბარამიძე რამდენიმე წელია საერთაშორისო პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო, უსაფრთხოებისა და სხვა აქტუალურ საკითხებზე მუშაობს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის საერთაშორისო ახალი ამბების დეპარტამენტში. იგი აშუქებს სამხრეთ კავკასიის, ახლო აღმოსავლეთის, ევროპის, აშშ-ის და აზიის საკითხებს საინფორმაციო გამოშვება „მოამბისა“ და პირველი არხის ვებგვერდისთვის.

საერთაშორისო ამბები და დიპლომატია მისი ინტერესის სფერო ბავშვობიდანვე იყო და, როგორც თავად ამბობს, გაუმართლა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე,  დიპლომატიის და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია შეისწავლა, ხოლო შემდეგ ევროპათმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი ლატვიაში, ბალტიის საერთაშორისო აკადემიაში მიენიჭა, სადაც შეისწავლა ევროკავშირის სტრუქტურა – ამ უზარმაზარი პოლიტიკურ-ეკონომიკური ერთეულის მუშაობის სპეციფიკა.

გივი ბარამიძე ახლა უკვე სადოქტორო ნაშრომზე მუშაობს და, როგორც თავად ამბობს, სადოქტორო კვლევის თემა სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების გაცნობის შემდეგ აირჩია: „მოგეხსენებათ, სამხრეთ კავკასიაში სამი ქვეყანაა, მაგრამ რეგიონში არაერთი ქვეყნის ინტერესები იკვეთება, რაც აქტიურ და მუდმივად ცვლად პოლიტიკურ პროცესს განაპირობებს. საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შესწავლის შემდეგ, ვფიქრობდი, რომ აუცილებელი იყო პრაქტიკული ცოდნის დაგროვება, რომ დოქტორანტურის საფეხურზე მუშაობას უფრო მყარი საფუძველი ჰქონოდა. აქედან გამომდინარე, გასული წლები პრაქტიკას დავუთმე. აქვე მსურს აღვნიშნო ჩემი ლექტორის და ამჟამად ჩემი სადოქტორო კვლევის ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის, ქალბატონი ლეილა ხუბაშვილის მხარდაჭერა, რომელიც მუდმივად მომიწოდებდა – სწავლა გამეგრძელებინა დოქტორანტურაში“, – ამბობს იგი.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო თუ უსაფრთხოების საკითხების შესწავლის ფონზე, კვლევის ფარგლებში, ძირითადი აქცენტი საქართველოზე გაკეთდება. რეგიონული და გლობალური საკითხების განვითარება აჩვენებს, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ შექმნილი მსოფლიო წესრიგი ერთგვარ რევიზიას დაექვემდებარა, რადგან მსოფლიო სულ უფრო მეტად იხრება მრავალპოლუსიანობისკენ და ეს პროცესი მუდმივ დაკვირვებას საჭიროებს ისეთ რეგიონში, სადაც დიდი ძალების გეოპოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს ხვდება. მოჭარბებული ინტერესების და ამ ინტერესების გასატარებლად მობილიზებული პოლიტიკური ინსტრუმენტების ფონზე, რეგიონის ქვეყნებს სიფხიზლე მართებთ, რადგან პატარა ქვეყნების უმთავრესი ამოცანა უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ეკონომიკური სტაბილურობის შექმნა უნდა იყოს. განსხვავებული ინტერესები განსხვავებულ მიდგომებს განაპირობებს, რაც პატარა ქვეყნების მსოფლმხედველობით ალღოს მუდმივად  გამოცდას უწყობს. შესაბამისად, სამხრეთ კავკასიის რეგიონის გეოპოლიტიკური პროცესების შესწავლა, გაანალიზება და, შეძლებისდაგვარად, სამოქმედო გეგმის შემუშავება სასიცოცხლო მნიშვნელობის არის.

გივი ბარამიძის თქმით, პატარა ქვეყნებს ხშირად არ აქვთ შესაძლებლობა დამოუკიდებლად იმოქმედონ მაშინ, როდესაც გლობალიზებულ მსოფლიოში ამის ფუფუნება ხშირად უფრო დიდ ქვეყნებსაც არ აქვთ. მსოფლიოს რთული პროცესები აიძულებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს – აქტიურად დააკვირდნენ დიდი მოთამაშეების მოქმედებებს და მაქსიმალურად სცადონ, პირველ რიგში, საფრთხეების თავიდან არიდება: „სადოქტორო კვლევის ფარგლებში, ვეცდებით გამოვკვეთოთ ძირითადი მოთამაშეების ინტერესები სამხრეთ კავკასიაში, სად ეწინააღმდეგებიან ისინი ერთმანეთს ან სად შეიძლება თანხვედრაში აღმოჩნდნენ. ასევე, კვლევა მიზნად ისახავს, შეძლებისდაგვარად განსაზღვროს, პირველ რიგში, საქართველოს გეოპოლიტიკური კოდექსი, რაც გულისხმობს იმის კლასიფიცირებას, თუ ვინ არიან მტრები ან მეგობრები/პარტნიორები, ვინ შეიძლება გახდნენ პოტენციური მტრები ან მეგობრები, როგორ უპირისპირდება ქვეყანა საფრთხეებს და როგორ ხდება გაანგარიშების წარდგენა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ. აღნიშნული სამუშაოს წარმატებით შესრულება მოკრძალებულ წვლილს შეიტანს სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური პროცესების კვლევაში“, – ამბობს გივი ბარამიძე.

სადოქტოროს დასრულებამდე წინ კვლევის შრომატევადი პროცესია. თემის აქტუალობას ახალ მსოფლიო დღის წესრიგში საქართველოს ადგილის  ახლებურად დანახვა გამოკვეთს.

Facebook
Twitter
LinkedIn