მამუკა ჭანტურაიას წიგნი დიდი ვაჟას თხზულებაზე

თარიღი: 2024-05-29 18:31:50

ცოტა ხნის წინ უნივერსიტეტის გამომცემლობამ დასტამბა თსუ-ს ვაჟა-ფშაველას მემორიალური მუზეუმის მენეჯერის, ფილოლოგიის დოქტორ მამუკა ჭანტურაიას წიგნი „ვაჟა-ფშაველას ეპოსი – ,,ძაღლიკა ხიმიკაურის” პრობლემატიკა და მხატვრული სტრუქტურა“.

,,ძაღლიკა ხიმიკაური’’ იმ პოემათა რიგს განეკუთვნება, რომლებშიც მთელი სისრულით გამოვლინდა ვაჟა-ფშაველას საუკეთესო მხატვრული თავისებურებანი. აქედან გამომდინარე, ეს ქმნილება პოეტის ერთ-ერთ რჩეულ ეპიკურ თხზულებად უნდა ჩაითვალოს. საფიქრებელია, ასეთად მიიჩნევდა მას ავტორი. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, ვაჟა ამ პოემას არ მიუძღვნიდა, როგორც ამბობდა, ,,რწმენისა და აზრის კაცს” – ილია ჭავჭავაძეს, უბრალოდ, არ აკადრებდა!

აი, ასეთი განსაკუთრებული ნაწარმოებია ,,ძაღლიკა ხიმიკაური“, მაგრამ ჩვენთვის ამოუხსნელი მიზეზების გამო ამ პოემას აშკარად მოაკლდა მკვლევართა ყურადღება და ამ მხრივ აქამდე ფართო მსჯელობის საგანი არ გამხდარა. ჩვენ, შეძლებისდაგვარად, შევეცადეთ ამ ხარვეზის შევსებას და აღნიშნული თხზულების პრობლემატიკაზე, მის იდეურ არსზე დროთა განმავლობაში პრესაში რამდენიმე წერილი გამოვაქვეყნეთ. წიგნში განხილულია დიდი ვაჟას პოეტური ოსტატობა, მოცემულია მისი პოემის – ,,ძაღლიკა ხიმიკაურის“ მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხებისა და საშუალებების ანალიზი“, – აღნიშნა  ავტორმა  გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტთან“ საუბარში.

ნიშანდობლივია, რომ წიგნის გარეკანზე გამოსახულია ძაღლიკა ხიმიკაურის ხმალი, რომელიც დაცულია ქალაქ თელავის ისტორიულ მუზეუმში.

ნაშრომი განკუთვნილია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, აგრეთვე, ვაჟა-ფშაველას პოეზიით დაინტერესებული ფართო მკითხველისათვის.

Facebook
Twitter
LinkedIn