რა თემა იკვლია ნინო კარანაიამ თანამომხსენებელთან ერთად?
„ლინკდინი, როგორც ვირტუალურ საზოგადოებაში პროფესიული იდენტობის ჩამოყალიბებისა და დასაქმების პლატფორმა სტუდენტებისთვის“ – ეს თემა დაამუშავეს თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მეორე კურსის სტუდენტებმა ნინო კარანაიამ და თამთა კეკელიძემ.
,,მე და ჩემი თანამომხსენებელი ვცდილობდით მაქსიმალურად აქტუალური თემა გვეპოვა და ამასთანავე გამოვსულიყავით კომფორტის ზონიდან და ისეთი საკითხი აგვერჩია, რომელიც ჩვენს სფეროსთან არც ისე ახლოს იქნებოდა. შესაბამისად, თემის არჩევის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი იყო. რამდენიმე ვარიანტი განვიხილეთ და საბოლოოდ საერთო ინტერესების შეჯერებით მივედით დასკვნამდე. თემის დასამუშავებლად მოვიძიეთ ემპირიული მასალები. ამასთანავე ჩავატარეთ ფოკუს ჯგუფები, ექსპერტული ინტერვიუ ჩავწერეთ დარგის სპეციალისტებთან და, ამასთანავე, ჩავატარეთ პატარა დისტანციური გამოკითხვაც ჩვენს ფაკულტეტზე“, – აღნიშნავს ნინო კარანაია.
რის მიხედვით იკვლიეს თემა? – ამ კითხვაზე ნინო კარანაიამ ის ძირითადი საკითხები ჩამოაყალიბა, რომლის ირგვლივაც სტუდენტებმა იმუშავეს.
,,ძირითადი კითხვები იყო ის, თუ როგორ და რამდენად იყენებენ ქართველი სტუდენტები ლინკდინს თავიანთი პროფესიული იდენტობის შესაქმნელად. ასევე დავინტერესდით – როგორია ამ სტუდენტების თვალით დანახული ლინკდინის ე.წ. „ეტიკეტი“ და შექმნილი ვირტუალური საზოგადოება. გარდა სტუდენტის მხარისა, ამასთანავე დავინტერესდით დამსაქმებლების შეხედულებით და გამოვიკვლიეთ – რამდენად წარმოადგენს ლინკდინის გამართული პროფილი სტუდენტის დასაქმების შესაძლებლობას“ – ამბობს ნინო კარანაია, რომელიც დასკვნასაც გვიზიარებს: ,,საბოლოოდ გავედით იმ დასვკნამდე, რომ, მიუხედავად სტუდენტების სურვილისა – ჰქონდეთ გამართული პროფილი ლინკდინზე, ისინი თავს იკავებენ რამდენიმე მიზეზის გამო: 1. არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია ამ პლატფორმაზე და მის მნიშვნელობაზე. 2. არ აქვთ შესაბამისი სამუშაო გამოცდილება და ამის გამო ვერ აქტიურობენ ლინკდინზე. ამასთანავე, შეჯამების დროს გამოიკვეთა ტენდენციები, რომ ლინკდინს აბსოლუტური უმრავლესობა გამოკითხული ადამიანებისა მიიჩნევს როგორც პროფესიულ და უფრო სერიოზულ პლატფორმად, შესაბამისად, გააჩნია თავისი ეტიკეტებიც“.
ბლიც-ინტერვიუ
- რატომ აირჩიე შენი პროფესია და რამდენად მოგწონს?
- ჩემი პროფესია ავირჩიე იმიტომ, რომ საკმაოდ ფართოა და დიდ ცოდნას მაძლევს არა მხოლოდ საერთაშორისო ურთიერთობების, არამედ მომიჯნავე სფეროების შესახებაც, რაც მეხმარება იმაში, რომ უკეთ დავინახო – რა მაინტერესებს და რა მიმართულებით მინდა დავავიწროვო ჩემი აკადემიური მიმართულება ხარისხის შემდეგ საფეხურზე. რაც შეეხება მოწონებას, ჩემმა არჩევანმა ნამდვილად გაამართლა და ყოველდღე ვხვდები, რომ სხვა სფეროში ვერც წარმომიდგენია საკუთარი თავი, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს.
- რა ცოდნას გაძლევს უნივერსიტეტი?
- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ლექტორები, რომლებიც მასწავლიან, თავიანთი საქმის ნამდვილი პროფესიონალები არიან და შესაბამისად მაძლევენ ძალიან დიდ ცოდნას ჩემი სფეროს გარშემო… და მაძლევენ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ ხელს უწყობენ იმასაც, რომ მიღებული თეორიული ცოდნა გამოვიყენოთ პრაქტიკაში ესეების, რეფერატებისა და პრეზენტაციების სახით.
- ვინ არის/არიან უნივერსიტეტში შენი საყვარელი ლექტორ(ებ)ი?
- რთულია ჩემი მიმართულებიდან საყვარელი ლექტორის გამოყოფა, მაგრამ, ალბათ, მაინც კონსტანტინე შუბითიძეს გამოვყოფდი.
- რა სურვილები გაქვს, რაც უნივერსიტეტს და შენს სტუდენტობას უკავშირდება?
- ჩემი მთავარი სურვილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საბოლოოდ გათავისუფლდეს პარტიული მიკერძოებულობისგან და დაიცვას თავისი სტუდენტების უფლებები, ისევე, როგორც საქართველოს ევროპული მომავალი.