გამოიცა ახალი სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალი – „ფილოლოგია“
ცოტა ხნის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრის ინიციატივითა და ძალისხმევით დღის სინათლე იხილა კიდევ ერთმა სტუდენტურმა სამეცნიერო ჟურნალმა „ფილოლოგია“. ჟურნალის გამოცემაში დიდი წვლილი მიუძღვის სარედაქციო კოლეგიას, რომელიც შედგება ქართველი და უცხოელი წევრებისგან. რედკოლეგიაში შედიან თელავის, ბათუმის, ქუთაისის, გალათის უნივერსიტეტის (რუმინეთი) წარმომადგენლები.
როგორც ჩვენთან საუბარში თსუ-ს ინგლისური ფილოლოგიის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მანანა რუსიეშვილმა აღნიშნა, ჯერჯერობით ჟურნალში მხოლოდ თსუ-ს სტუდენტების ნაშრომებია გამოქვეყნებული, მომავალში კი სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებსაც ექნებათ სტატიების გამოქვეყნების შესაძლებლობა: „სტუდენტური ჟურნალის – „ფილოლოგია“ – გამოცემა ჩვენი კათედრის წამოწყებაა. ჩემთვის, როგორც კათედრის ხელმძღვანელისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტების უფრო ფართოდ ჩართვა სამეცნიერო კვლევებში, მათთვის გამოცდილების მიცემა და პირველი ნაბიჯების გამოტანა დღის შუქზე. უნდა აღვნიშნო ჩვენი სტუდენტების, მათ ნაშრომთა ხელმძღვანელებისა და რეცენზენტების ენთუზიაზმი და მოტივირებული მიდგომა საქმისადმი. ორივე პროცესში მნიშვნელოვანი იყო გამოცდილ სპეციალისტებთან ერთად დოქტორანტების ჩართვა, რაც წარმატებით შედგა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პროფესორ მანანა ხაჩიძეს. მან შექმნა კომპიუტერული მხარდაჭერის ჯგუფი, რომელშიც გაერთიანდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის სტუდენტები ლაშა გაგნიძე, სალომე წიკლაური და ანა მწითური. ჟურნალის პირველ ნომერში გამოქვეყნდა მხოლოდ თსუ-ს სტუდენტების ნაშრომები. იმედი მაქვს, რომ შემდეგ ნომრებში სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც შემოგვიერთდებიან. რაც შეეხება ჟურნალის განვითარებას, ამჟამად სტატიები მისაწვდომია ყველასთვის. რა თქმა უნდა, ვგეგმავთ მის განვითარებასაც და შესაბამის ბაზებში დარეგისტრირებას“, – გვითხრა მანანა რუსიეშვილმა.
ჟურნალის რედაქტორია დოქტორანტი ნატო ფერაძე. მისი თქმით, ჟურნალის თემატიკა მრავალფეროვანია, მიიღება თარგმანმცოდნეობასთან დაკავშირებული კვლევებიც და სტუდენტების თარგმანებიც, თუმცა პირველ ნომერში უმეტესად გამოქვეყნდა ნაშრომები ლინგვისტიკისა და ლიტერატურის მიმართულებით. „აღსანიშნავია, რომ პირველ ნომერში შესულია სამივე საფეხურის სტუდენტების კვლევები, რომლებიც საკმაოდ აქტუალური და საინტერესო თემებს ეძღვნება. მაგალითად, „პირდაპირი და არაპირდაპირი აგრესიის ენა ქართველ პოლიტიკოსებს შორის“, „გენდერული სტერეოტიპების ვერბალური გამოხატვა დისნეის ანიმაციურ ფილმებში“, „კოვიდ-19 პანდემიის გავლენა ქართულ ენასა და კომუნიკაციაზე“ და ა.შ. გარდა ამისა, პირველ ნომერში გამოქვეყნდა ერთი თარგმანიც ვოლფგანგ ბორხერტის მოთხრობისა „მოწყენილი გერანიები“. სტატიები შეირჩა საკვლევი მასალის აქტუალურობისა და სიახლის მიხედვით“, – აღნიშნა ნატო ფერაძემ.