თსუ-ს ადმინისტრაცია სტუდენტთა თხოვნას ითვალისწინებს

თარიღი: 2024-05-22 12:46:46

თსუ-ს სტუდენტებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო გამოცდების გადატანას ითხოვდნენ, შუალედური გამოცდების ჩაბარება 27 მაისიდან, ე.წ. აღდგენის კვირაში შეუძლიათ. თსუ-ს საგამოცდო ცენტრში გამოცდების გადატანის განაცხადების მიღება ამ დრომდე არ წყდება. ცენტრის უფროსის მაია ჩიღვინაძის განმარტებით, შუალედური გამოცდის აღდგენის თარიღი ყველა სტუდენტს, განცხადების პასუხად, მაქსიმალურად ოპერატიულად ეგზავნება.

შუალედური გამოცდების გადატანასთან დაკავშირებით განცხადების დაწერა სტუდენტებს ელექტრონული სასწავლო ბაზის მეშვეობით თსუ-ს საგამოცდო ცენტრისა და ფაკულტეტის დეკანის სახელზე შეუძლიათ.  

 „როგორც სხვა შემთხვევებში, ამჯერადაც ვითვალისწინებთ სტუდენტების მომართვას შუალედური გამოცდების გადატანასთან დაკავშირებით და  გამოცდებს დამატებით კვირაში, 27 მაისიდან აღვადგენთ.  ყველა სტუდენტს ვუბრუნებთ პასუხს მაქსიმალურად მოკლე დროში. ერთადერთი, რა პრობლემაც შეგვექმნა, არის ის, რომ დეკანის სახელზე დაწერილ განცხადებებს ვახარისხებთ და განვიხილავთ იმისთვის, რომ არცერთი მათგანი არ გამოგვრჩეს და მათაც მივაწვდინოთ ხმა“,  – აცხადებს თსუ-ს საგამოცდო ცენტრის უფროსი მაია ჩიღვინაძე.

ასევე გაგაცნობთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებას, რომელიც სტუდენტებისადმი მიმართვას შეიცავს:

,,ძვირფასო სტუდენტებო, გაცნობებთ, რომ გასულ კვირას გაცდენილი სასემინარო/პრაქტიკული/ლაბორატორიული/კლინიკური სამუშაოები აღდგება სასწავლო სემესტრის დასრულებამდე.

რაც შეეხება შუალედურ გამოცდებს, სტუდენტთა ნაწილს გადატანილი გამოცდების თაობაზე ინფორმაცია უკვე აესახა სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის (uni.tsu.ge) პირად გვერდზე, ხოლო მათ, ვინც გამოცდის გადატანის თაობაზე განცხადებით მიმართა დეკანს, გამოცდის კონკრეტული თარიღი აესახება არაუგვიანეს 22 მაისისა“, – ნათქვამია განცხადებაში.

Facebook
Twitter
LinkedIn