დიდი სამეცნიერო შეხვედრა თსუ-ში

თარიღი: 2024-04-25 14:03:46

8-12 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით DySoN-MultIChem 2024. ამ სამეცნიერო შეხვედრამ ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება გააერთიანა: მე-8 საერთაშორისო კონფერენცია  „სისტემების დინამიკა  ნანომასშტაბზე“ (DySoN) და ევროპული გაერთიანების  COST-პროგრამის  მიერ  დაფინანსებული  CA20129 (“MultIChem“) პროექტის მე-3 საერთაშორისო კონფერენცია. აღნიშნული COST-პროგრამა ეხება რადიაციის მოქმედებას რთულ და კომპლექსურ სისტემებზე, მათ შორის, ბიოლოგიურ ორგანიზმებსა და რადიაციასთან დაკავშირებულ ახალ ტექნოლოგიებზე, განსაკუთრებით მედიცინაში.

კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და  MBN სამეცნიერო ცენტრის (მაინის ფრანკფურტი, გერმანია) თანაორგანიზებით ჩატარდა და ქართული მხრიდან მისი თანათავმჯდომარე  გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი რევაზ შანიძე, რომლის ფართო სამეცნიერო საქმიანობამ და საერთაშორისო კონტაქტებმა თსუ-ში არაერთი სამეცნიერო ფორუმის ჩატარებას შეუწყო ხელი.

DySoN-ი ინტერდისციპლინარული კონფერენციების სერიას წარმოადგენს, რომელიც ნანომასშტაბის სისტემების დინამიკის შესწავლასთან დაკავშირებული თემების ფართო სპექტრს მოიცავს. ასეთ სისტემებს შორის არის როგორც ნანოტექნოლოგიებით შექმნილი ახალი მასალები, ასევე ბიოლოგიური სტრუქტურები, მაგალითად, უჯრედი და მისი შემადგენელი მრავალატომიანი ბიო-მოლეკულები.  მათი სტრუქტურისა და დინამიკის დეტალური შესწავლა ფუნდამენტური და რთული ამოცანაა, რაც ახალი, უნიკალური ნანო-მასალების და სამედიცინო ტექნოლოგიების შექმნისთვის არის აუცილებელი.  

პროფესორმა ანდრეი სოლოვიოვმა, ფრანკფურტის (გერმანია) MBN-საკვლევი ცენტრის ხელმძღვანელმა და კონფერენციის თანათავმჯდომარემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ინტერდისციპლინარული შეხვედრა, რომელიც თბილისში გაიმართა, აერთიანებს სხვადასხვა სამეცნიერო საზოგადოებას – დაწყებული ფიზიკიდან და ქიმიიდან, დამთავრებული ბიოლოგიით, მედიცინითა და თანამედროვე ტექნოლოგიური მეცნიერებებით. „ეს ინტერდისციპლინურობა აუცილებელია სხვადასხვა რთული პრობლემის და მიდგომის გასაგებად. მაგალითად, დღესდღეობით ძალიან პოპულარულია პროტონული თერაპია, კიბოს საწინააღმდეგო ადრონული თერაპია ან იონური სხივური თერაპია. ეს ერთი და იგივე პროცესის სხვადასხვა სახელია. იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს ეს მიდგომები, აუცილებელია, გვქონდეს ცოდნა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დისციპლინიდან. ამ თვალსაზრისით, ეს კონფერენცია საკმაოდ წარმატებული იყო, რადგან მომხსენებლებმა ბევრი შესანიშნავი პრეზენტაცია მოიტანეს  და  სხვადასხვა კვლევებში არსებული პროგრესის შესახებ ისაუბრეს“, – გვითხრა ანდრეი სოლოვიოვმა.

ევროპული COST CA20129 პროექტი უკავშირდება რადიაციის გავლენის შესწავლას რთულ, მრავალკომპონენტიან სისტემებსა და რადიაციასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებზე. ასეთი ტექნოლოგიების მაგალითს წარმოადგენს ადრონული (პროტონული) თერაპია.  აღნიშნულ პროექტში წარმატებით მონაწილეობენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეცნიერები. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მშენებლობის პროცესშია ადრონული ცენტრი, რომელიც პირველი მაღალტექნოლოგიური სამეცნიერო და სამედიცინო ცენტრი იქნება როგორც კავკასიაში, ასევე გაცილებით ფართო გეოგრაფიულ არეალში.

ალექსეი ვერხოვცემა, ფრანკფურტის (გერმანია) MBN-საკვლევი ცენტრის თანამშრომელმა და ევროპული გაერთიანების COST პროგრამის პროექტის CA20129 (https://www.cost.eu/actions/CA20129/) ხელმძღვანელმა კონფერენციის შესახებ მოსაზრებები გაგვიზიარა და აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, შეხვდეს და ითანამშრომლოს იმ მეცნიერებთან, რომლებსაც დიდი წვლილი შეაქვთ ამ სფეროში. „კლინიკურ პრაქტიკაში გვაქვს პრობლემები, რომელთა გაუმჯობესება ან გადაჭრა თავად არ შეგვიძლია, მაგრამ,  იმ ადამიანებთან თანამშრომლობა, რომლებსაც შეუძლიათ ინტერდისციპლინური პროცესების მოდელირება, შესაძლოა დაგვეხმაროს კლინიკაში პროტონული თერაპიის სიზუსტისა და ეფექტურობის გაუმჯობესებაში. ეს, გრძელვადიან პერსპექტივაში, მეტ პაციენტს დაეხმარება“, – აღნიშნა მან.

კონფერენციის ჩატარებაში დიდი წვლილი შეიტანა ლონდონის უნივერსიტეტის (UCL- University College London) პროფესორმა რიჩარდ ამოსმა. მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ COST პროგრამა ნიშნავს ევროპის თანამშრომლობას მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში. იგი 40-ზე მეტი ქვეყნის დიდ ასოციაციას წარმოადგენს და  ევროკავშირსა და მის მიღმა ფუნქციონირებს, მათ შორის, საქართველოსა და სომხეთშიც. „ჩვენი პროგრამა ოთხწლიანია და ამჟამად დარჩენილი გვაქვს, დაახლოებით, ორწელიწადნახევარი. ასე რომ, ჯერ კიდევ გვაქვს დრო. ვფიქრობ, პროგრამა და მის ფარგლებში გამართული კონფერენციები საკმაოდ წარმატებულია – 200-ზე მეტი მონაწილე გვყავს 37 სხვადასხვა ქვეყნიდან. ასევე, ჩამოდიან მონაწილეები საერთაშორისო პარტნიორი ქვეყნებიდან – იაპონიიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ისინი აქტიურად მონაწილეობენ ჩვენს აქტივობებში – კვლევით ვიზიტებსა და კონფერენციებში. თბილისში მესამე კონფერენცია გაიმართა და ვფიქრობ, ეს და ყველა წინა ღონისძიება, ძალიან წარმატებული იყო“,  – გვითხრა  რიჩარდ ამოსმა.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღო 60-მა მეცნიერმა მსოფლიოს 20 ქვეყნიდან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, იაპონიიდან, ისრაელიდან, იტალიიდან და საფრანგეთიდან.

ქართველმა მეცნიერებმა კონფერენციაზე წარადგინეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების შედეგები და მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო დისკუსიებში. კონფერენციაზე აღინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიის როლი ამ სამეცნიერო ფორუმის წარმატებით ჩატარებაში, რაც უდავოდ შეუწყობს ხელს ჩვენი უნივერსიტეტის საერთაშორისო ავტორიტეტის განმტკიცებას და გაზრდას.  

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების აქტიური მონაწილეობა კონფერენციაში. მათ საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ მსოფლიოში აღიარებული მეცნიერების მოხსენებები და მონაწილეობა მიეღოთ მათთვის საინტერესო სამეცნიერო თემების განხილვაში. კონტაქტები, რომლებიც ამ კონფერენციაზე დამყარდა, ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ქართველი მეცნიერების და სტუდენტების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას.

კონფერენციის სოციალურ პროგრამაში თბილისის ცენტრის („ძველი თბილისი“) და მცხეთის ექსკურსიებს ნახევარი დღე დაეთმო. კონფერენციის მონაწილეთა უმრავლესობა პირველად იყო საქართველოში და, ინტენსიური საკონფერენციო განრიგის მიუხედავად, მათ საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და კულტურას. კონფერენციამ უდავოდ შეუწყო ხელი ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას.

Facebook
Twitter
LinkedIn