ქართული ენის კვირეული თსუ-ში 14 აპრილისადმი მიძღვნილი გამოფენით გაიხსნა

თარიღი: 2024-04-15 16:38:39

ექსპოზიციაზე თსუ-ს ბიბლიოთეკაში დაცული, ქართული ენის მეცნიერული შესწავლისადმი მიძღვნილი უნიკალური ხელნაწერები და გამოცემები წარმოადგინეს. გამოიფინა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ მომზადებული პოსტერები, სადაც 1978 წლის 14 აპრილს მშობლიური ენის დასაცავად დაწყებული პროტესტი საარქივო ფოტო-დოკუმენტური მასალებით ქრონოლოგიურად არის აღდგენილი და კომპლექსურად მოიცავს პროტესტის ამსახველ ფოტოებს. გამოფენა მოიცავდა, ასევე, საქართველოს  სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში  და უმაღლეს საბჭოში ფოსტით გაგზავნილ სტუდენტების ხელმოწერებს, უცხოურ პრესაში ასახულ ინფორმაციას, უშუალოდ უნივერსიტეტში და აჭარასა თუ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს, დემონსტრაციის მონაწილეთა მოგონებებსა და მოქალაქეთა საპროტესტო წერილებს.

„სწორედ უნივერსიტეტის ეზოში დაიწყო ის დიდი მოძრაობა 1978 წელს, რომელიც ქართული ენის დაცვას ითვალისწინებდა. საქართველოს უახლესი ისტორია სწორედ ამ თარიღებზე არის დაფუძნებული. ქართველებმა დაიცვეს უპირველესი სახელმწიფოებრივი სიმბოლო – ქართული ენა. ამ თარიღის აღნიშვნით ჩვენ კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს იმ ეპოქის მოვლენებს, რომელთაც საფუძველი დაუდეს შემდგომში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას“, – განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნისას.

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ერთად სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ალიბეგაშვილმა და თსუ-ს ბიბლიოთეკის დირექტორმა ზურაბ გაიპარაშვილმა გახსნეს.

„14 აპრილის მოვლენების გახსენებისას გასათვალისწინებელია, რომ იმ თაობას კარგად ახსოვდა 1956 წლის სისხლიანი მოვლენები და ესმოდა ის საფრთხეები, რაც პროტესტს შეიძლებოდა მოჰყოლოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენი მშობლების თაობამ შეძლო და მშობლიური ენა შეგვინარჩუნა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის საბედისწერო მუხლი, ფაქტობრივად, ქართველობას დააკარგვინებდა ჩვენს ქვეყანას, გარკვეული პერიოდით მაინც“, – აღნიშნა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ალიბეგაშვილმა. 

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული დღეა, რადგან სწორედ აქედან დაიწყო ქართული ენის დაცვის საპროტესტო ტალღა 1978 წლის 14 აპრილს. გამოფენაზე წარმოდგენილია ძალიან ძვირფასი, უძველესი წიგნები და მნიშვნელოვანი კვლევები ქართულ ენათმეცნიერებაში, რომლებიც თსუ-ს ბიბლიოთეკის საცავებში ინახება, მათ შორის, უმნიშვნელოვანესია: 1629-1670 წლებში რომში დაბეჭდილი „ქართული ენა და გრამატიკა“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაცული პირველი ორი დისერტაცია – „სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობიექტური პრეფიქსი მესამე პირის ქართულ ზმნებში“, რისთვისაც, 1920 წელს, აკაკი შანიძეს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა  და, ასევე, წარმოდგენილია 1924 წლის არნოლდ ჩიქობავას დისერტაცია თემაზე „მარტივი წინადადების პრობლემა ქართულში“, – განაცხადა თსუ-ს ბიბლიოთეკის დირექტორმა ზურაბ გაიპარაშვილმა.

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსშია განთავსებული. გამოფენის გახსნას სტუდენტები, აკადემიური წრეებისა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Facebook
Twitter
LinkedIn