ლუკა ყურუამ ჩინეთის სამთავრობო სტიპენდია მოიპოვა
თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სინოლოგიის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტმა ლუკა ყურუამ ჩინეთის სამთავრობო სტიპენდია მოიპოვა, რის საფუძველზეც მალე სწავლას პეკინის ენებისა და კულტურის უნივერსიტეტში განაგრძობს.
„მიმდინარე წლის იანვრის თვეში განაცხადი შევავსეთ ჩინეთის სამთავრობო სტიპენდიის მოსაპოვებლად. ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) აქვთ საშუალება – სწავლა გააგრძელონ ჩინეთში სრულიად დაფინანსებული სწავლის საფასურით, საცხოვრებლით და ყოველთვიური სტიპენდიით. სტიპენდიატები ირჩევიან შესაბამისი საბუთების განხილვის და საელჩოში გასაუბრების შედეგად. საბედნიეროდ, მიმდინარე წლის მარტში საელჩოსთან გასაუბრების შემდეგ შემატყობინეს, რომ მოვიპოვე აღნიშნული სტიპენდია და ერთი წლით სწავლას გავაგრძელებ პეკინში, პეკინის ენებისა და კულტურის უნივერსიტეტში“, – ამბობს ლუკა.
წარჩინებით სწავლის გამო ლუკა პირველივე სემესტრიდან დღემდე უნივერსიტეტის სტიპენდიატია.
ჩინური ენის სწავლა პირველივე სემესტრიდან დაიწყო და, მიუხედავად თავისებური გამოწვევებისა, შრომისმოყვარეობით, მონდომებით და დიდი ნებისყოფით შეძლო უნივერსიტეტში წარმატებით ჩაებარებინა ჩინური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო გამოცდა (B1).
,,ჩინეთის მთავრობის სტიპენდიით ჩინური ენის ერთწლიან სასწავლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელება ჩემთვის მეტად სასარგებლო იქნება რამდენიმე კუთხით. პირველ რიგში, საჭიროა, რომ შევძლო ენის ფლობა იმ დონეზე, რომ კურსის დასრულების შემდეგ შემეძლოს ჩინურენოვანი მასალის დამუშავება და თარგმნა. სინოლოგიის მიმართულებით ქართულენოვანი მასალის სიმწირისდა გამო დავიწყე სამეცნიერო ლიტერატურის დამუშავება. ორი წლის განმავლობაში დაახლოებით ათზე მეტი მოხსენება წარმოვადგინე სამეცნიერო კონფერენციებზე. სამეცნიერო მოხსენებებზე უმეტეს შემთხვევაში გამოვიყენე ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი მასალები. მოხსენებები, ძირითადად, ეხებოდა ჩინეთის ისტორიის, პოლიტიკის, რელიგიურ-ფილოსოფიურ და ლიტერატურის საკითხებს. ბუნებრივია, თუ ჩინეთთან დაკავშირებულ საკითხებს ვიკვლევ, საჭიროა ჩინურენოვანი მასალის გამოყენებაც. აქედან გამომდინარე, ჩემი ჩინური ენის დონის გაუმჯობესებაც ამ მიზანს ემსახურება. დიდი იმედი მაქვს, რომ პეკინის ენებისა და კულტურის უნივერსიტეტში შევძლებ ჩინური ენის სათანადო დონეზე შესწავლას, რადგან აღნიშნული უნივერსიტეტი უცხოელი გაცვლითი სტუდენტებისთვის ჩინური ენის შესწავლის მხრივ ჩინეთში ერთ-ერთი საუკეთესოა“, – აცხადებს ლუკა.
ლუკას სამომავლო გეგმებიც ისევ ჩინური ენის და კულტურის შესწავლას უკავშირდება.. „სწავლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში დავბრუნდები, რათა დავასრულო ბაკალავრიატის საფეხური და დავიცვა ჩემი საბაკალავრო ხარისხი კონკრეტული ნაშრომით. ჩინური ენის დონის გაუმჯობესების და სათანადო მთარგმნელობითი პრაქტიკული საგნების გავლის შემდეგ, რომელსაც მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტი გვთავაზობს, მსურს მივიღო პრაქტიკა ჩინურენოვანი მხატვრული ლიტერატურის თარგმანის კუთხით. საბაკალავრო ნაშრომის დაცვისა და უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მსურს მაგისტრატურის საფეხურზეც სწავლის გაგრძელება.
აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი მიმართულების ხელმძღვანელს, თსუ-ს პროფესორს, სამეცნიერო კონფერენციებში ჩემს ხელმძღვანელს ქალბატონ ნანა გელაშვილს, რომელიც თავისი პროფესიონალიზმით და საქმისადმი დიდი სიყვარულით ყველანაირად უდგას თითოეულ სტუდენტს მხარში, რომ მიაღწიონ დიდ წარმატებებს“, – ამბობს ლუკა ყურუა.