რატომ არის ნინო კაციტაძისთვის თსუ საუკეთესო სასწავლებელი

თარიღი: 2024-04-11 19:13:25

მათემატიკის სიყვარული, რომელსაც ბავშვობიდან ატარებდა, პროფესიის არჩევისას  დაეხმარა, რადგან ეკონომისტის პროფესია მათემატიკის ცოდნასაც მოითხოვდა. ბევრი არც უფიქრია და დღეს ნინო კაციტაძე თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის წარჩინებული და სამაგალითო  მაგისტრანტია, რომელიც ეკონომეტრიკისა და მათემატიკური ეკონომიკის  მიმართულებით იღებს ცოდნას. ნინო საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურშია დასაქმებული საკუთარი პროფესიით.

„პროფესიის არჩევა საკმაოდ რთული და მნიშვნელოვანია. თუ არ ხარ დაინტერესებული იმ სფეროთი, რასაც სწავლობ და რა მიმართულებითაც უნდა იმუშაო,  ვერ იქნები წარმატებული, რადგან შენი საქმის სიყვარული ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რაც გეხმარება მუდმივად განვითარდე და დახვეწო შრომითი უნარები. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, ბავშობიდანვე დაინტერესებული ვიყავი მათემატიკით, ვცდილობდი ამერჩია პროფესია, რომელიც ჩემთვის საინტერესო იქნებოდა  და  აუცილებლად დაუკავშირდებოდა მათემატიკასაც. შესაბამისად, როდესაც გავეცანი ეკონომიკის ზოგად არსს და მის მიმართულებებს, დავინტერესდი და გადავწყვიტე არჩევანი მასზე შემეჩერებინა“, – აცხადებს ნინო.

ნინო კაციტაძე თვლის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი და საინტერესოა: „ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი შესაძლებლობას გვაძლევს, გარდა ეკონომიკის პროგრამის სასწავლო  საგნებისა, გავიაროთ ჩვენთვის საინტერესო სხვა მიმართულებების საგნებიც. ამ გრძელვადიანი ურთიერთობის განმავლობაში ძალიან ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე პროფესორ-მასწავლებლების სახით, რომლებთანაც კავშირი ახლაც მაქვს და მათ დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს განვითარებაში, რისთვისაც მათი მადლობელი ვარ. გარკვეული პრობლემები და უკმაყოფილობები ყველგანაა, იდეალურის პოვნა, ალბათ, შეუძლებელია, მაგრამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ერთ-ერთი საუკეთესოა“,  –  აცხადებს ნინო, რომელსაც მიაჩნია, რომ   თუ შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი გინდა გახდე, ამისათვის მნიშვნელოვანია ღია იყო სიახლეებისათვის, მუდმივად ვითარდებოდე და გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ. იგი გეგმავს, რომ დოქტორანტიც გახდეს ეკონომიკის მიმართულებით და  სამომავლოდ საკუთარი წვლილიც შეიტანოს მომავალი თაობების აღზრდაში. 

Facebook
Twitter
LinkedIn