„დიგიტალური ქართველოლოგიის“ მეორე ტომი ვინფრიდ ბოედერის ხსოვნას მიეძღვნა

თარიღი: 2024-04-05 17:34:41

 2 აპრილს  „დიგიტალური ქართველოლოგიის“ მეორე ტომის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ უმასპინძლა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა,  „დიგიტალური ქართველოლოგიის“ მეორე ტომის გამოცემა მნიშვნელოვანია ორი თვალსაზრისით: მასში მოცემულია 2023 წლის 4-8 ოქტომბერს ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტში ჩატარებული საერთაშორისო სიმპოზიუმის („დიგიტალური კავკასიოლოგია – პარადიგმის ცვლა?“) მასალები; ჟურნალი ეძღვნება გამოჩენილი გერმანელი ქართველოლოგის, საქართველოსა და ქართული მეცნიერების დიდი მოამაგის პროფესორ ვინფრიდ ბოედერის ხსოვნას. 2 აპრილი ბატონი ვინფრიდის დაბადების დღეა და II ტომის პრეზენტაცია ღონისძიების ორგანიზატორებმა საგანგებოდ დაამთხვიეს ამ თარიღს.

ღონისძიებას უძღვებოდა ჟურნალის მთავარი რედაქტორი, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორი მანანა თანდაშვილი, რომელმაც  გაიხსენა ბატონ ვინფრიდთან ოცი წლის წინ დაწყებული ურთიერთობა და ისაუბრა თაობათა უწყვეტი კავშირის მნიშვნელობაზე ამ თვალსაზრისით. სიტყვით გამომსვლელებმა – პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ, პროფესორმა თინათინ მარგალიტაძემ, ასოცირებულმა პროფესორმა მაია ლომიამ, ასოცირებულმა პროფესორმა ნანა ლოლაძემ, დოქტორმა ნათია დუნდუამ გაიხსენეს ბატონ ვინფრიდთან პირადი და საქმიანი ურთიერთობის სხვადასხვა ეპიზოდი და ხაზი გაუსვეს პროფესორ ვინფრიდ ბოედერის გამორჩეულ ღვაწლს ქართველოლოგიური მეცნიერების განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში.

„დიგიტალური ქართველოლოგია“ დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია – საქართველოს მიერ დაარსებული ბილინგვური საერთაშორისო ონლაინჟურნალია; ჟურნალი რეცენზირებადია და ჰყავს ცნობილი ქართველი და უცხოელი მეცნიერებით დაკომპლექტებული სამეცნიერო საბჭო (თავმჯდომარე: პროფ. იოსტ გიპერტი) და სარედაქციო კოლეგია (მთავარი რედაქტორი: პროფ. მანანა თანდაშვილი). ჟურნალის გამოცემა ერთ-ერთი აქტივობაა აკადემიის მიერ განხორციელებულ სამეცნიერო და საგანმანათლებლო-შემეცნებით ღონისძიებებს შორის და ხელს უწყობს საქართველოში დიგიტალური ჰუმანიტარიის, განსაკუთრებით კი, დიგიტალური ქართველოლოგიის განვითარებას.

Facebook
Twitter
LinkedIn