SEEვრცე – პლატფორმა, რომელმაც ასობით სტუდენტი გააერთიანა

თარიღი: 2024-03-26 13:02:15

გასული წლის მიწურულს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აქტიური დელეგატების ეგიდით ჩამოყალიბდა ახალი ინოვაციური სტუდენტური პლატფორმა სახელად ,,SEEვრცე“, რომელიც მიზნად ისახავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის დახმარების გაწევას – იპოვონ საერთო ინტერესების მქონე სხვა სტუდენტები. ასევე, პლატფორმის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსებაა ახალი შესაძლებლობების წარმოქმნა, რაც სტუდენტურ ცხოვრებას ბევრად ოპტიმალურს გახდის. პირობითად რომ ვთქვათ, ისინი სტუდენტებს სთავაზობენ შესაძლებლობას ახალი მეგობრების გაჩენისა და საკუთარი პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარებისა. აღნიშვნას საჭიროებს ის ფაქტი, რომ SEEვრცე არის ინიციატივა, რომელმაც მოახერხა და ძალიან მოკლე დროში გააერთიანა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასობით სტუდენტი, მიუხედავად განსხვავებული ინტერესებისა. პლატფორმას აქვს თავისი სლოგანიც – „იპოვე შენი SEEვრცე“. ამ პლატფორმის შექმნის იდეა გაჩნდა ჯერ კიდევ 2023 წლის გაზაფხულის სემესტრში, როდესაც გამოცხადდა მე-8 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები. პლატფორმის დამფუძნებლების თქმით, მათ მთავარ სამიზნეს ჯანსაღი საუნივერსიტეტო გარემოს შექმნა წარმოადგენდა და ისინი თანაუნივერსიტეტელებს დიდი პრაქტიკული გამოცდილების მიღების პირობასაც აძლევენ. 2023 წლის 12 დეკემბერს ჩაეშვა პლატფორმის აპლიკაცია, სადაც განთავსდა სხვადასხვა ,,სივრცეები“ სტუდენტებისათვის. აქ ჩვენ ვხვდებით პოლიტიკის, ფსიქოლოგიის, საჯაროდ გამოსვლის ხელოვნების, სპორტის, ლიტერატურის, კინოხელოვნების, მუსიკის, კულტურისა და სხვა სახის ბლოკებს, სადაც დაინტერესებულ სტუდენტებს შეეძლებათ პრიორიტეტების მიხედვით მიუთითონ თავიანთი ინტერესთა სფეროები და აღმოაჩინონ ანალოგიური ინტერესების მქონე სტუდენტები.

„ჩემი და ჩემი თანაგუნდელების მიზანი, თუ რატომ ვიყარეთ კენჭი ამ არჩევნებში, იყო სწორედ ის, რომ სტუდენტებს გვსურდა, გაგვეუმჯობესებინა სტუდენტური ცხოვრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჩვენ საკმაოდ აქტიურად და ინტენსიურად ვაწარმოებდით წინასაარჩევნი კამპანიას. გვინდოდა, რომ ბევრი სტუდენტი გაგვეერთიანებინა და შეგვექმნა ჯანსაღი საუნივერსიტეტო გარემო. ბევრჯერ მოგვისმენია სტუდენტებისაგან, რომ ჩააბარეს უმაღლეს სასწავლებლებში და მეგობრები არ ჰყავთ, რომ სოციალიზაცია ჭირს, რომ ვერ იპოვეს საერთო ინტერესების მქონე ადამიანი და ა.შ. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა პლატფორმა „SEEვრცე“. არ დავმალავ და ვიტყვი, რომ სტუდენტების მხრიდან ამდენად დიდი გამოხმაურება აღნიშნული ინიციატივის მიმართ პლატფორმის თითოეული თანადამფუძნებლისათვის ძალზე მოულოდნელი იყო. პირველი დღიდან, რაც ეს პლატფორმა ჩავუშვით და აპლიკაციების მიღება გამოვაცხადეთ, სულ რაღაც 3 დღეში 100-მდე სტუდენტი დარეგისტრირდა, რაც ძალიან სასიხარულო იყო ჩვენი გუნდისთვის. ჩვენთან არის სხვადასხვა „სივრცე“ და აბსოლუტურად ყველა სტუდენტს, განურჩევლად ფაკულტეტისა და მიმართულებისა, შეუძლია გახდეს იმ სივრცის წევრი, რაც მას ყველაზე მეტად აინტერესებს. ვისაც აინტერესებს პოლიტიკა, გახდება პოლიტიკის სივრცის წევრი. ვისაც უნდა გაიუმჯობესოს საჯაროდ გამოსვლის უნარ-ჩვევები, შეუძლია გახდეს საჯაროდ გამოსვლის ხელოვნების სივრცის წევრი და ა.შ.“ – გვითხრა პლატფორმის ერთ-ერთმა თანადამფუძნებელმა მარიამ ყოლბაიამ.

„ინიციატივა ,,SEEვრცე”-ს მიმართ სტუდენტების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ვეცადეთ, რომ ბევრი ღონისძიება ჩაგვეტარებინა. ჩვენი პირველი ღონისძიება იყო საინფორმაციო შეხვედრა, სადაც ვისაუბრეთ ჩვენი პლატფორმის შექმნის იდეაზე, „Seeვრცე“-ს მიზნებსა და საქმიანობაზე. გარდა ამისა, პერიოდულად ვატარებდით არაფორმალურ შეხვედრებს „Seeვრცე“-ს წევრ სტუდენტებთან, სადაც გვქონდა სხვადასხვა აქტივობა ერთმანეთის უკეთესად გასაცნობად. ჩვენი მიზანი იყო, რომ მაქსიმალურად შეგვეწყო ხელი სტუდენტების სოციალიზაციისთვის. ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იყო „Seeვრცე“-ს Kick-Off, სადაც მოწვეული გვყავდა სტუმარი – დავით ესათია, საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში 2022-2023 წლებში, რომელმაც ღონისძიების მონაწილეებს გააცნო გაეროს საქმიანობა და გაუზიარა საკუთარი გამოცდილება. მან ასევე ისაუბრა ახალგაზრდების როლზე ქვეყნის განვითარების საქმეში. ღონისძიების მეორე ნაწილი საინფორმაციო პრეზენტაციებს დაეთმო და ბოლოს გვქონდა Teambuilding აქტივობები. მონაწილეების უკუკავშირის გათვალისწინებით, ძალიან დასამახსოვრებელი, ინფორმაციული, საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გამოგვივიდა. ღონისძიებას დაესწრო 50-ზე მეტი სტუდენტი და ამ ღონისძიების შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა აპლიკაციებისა და ინიციატივით დაინტერესებული სტუდენტების რაოდენობა. ვფიქრობ, რომ „Seeვრცე“ ძალიან მალე უამრავ ახალგაზრდას დაეხმარება განვითარებაში, მისცემს მათ შესაძლებლობას, რომ სტუდენტობა, რომელსაც ცხოვრების საძირკველი შეგვიძლია ვუწოდოთ, გახადონ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და ღირებული. მჯერა, რომ ახალგაზრდები „SEEვრცე“-ს დახმარებით შეძლებენ ყველა ცხოვრებისეული დაბრკოლების გადალახვას და საბოლოოდ, აუცილებლად იპოვიან თავიანთ SEEვრცეს“, – გვეუბნება პლატფორმის თანადამფუძნებელი ალექსანდრე ფასიეშვილი.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვასკვნით, რომ ინოვაციური პლატფორმა ,,SEEვრცე“ არის ორიენტირებული სტუდენტთა სოციალიზაციის, ინტერაქციულობისა და სინერგიულობის ხარისხის ამაღლებაზე.

ვანო კაკაშვილი

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების სტუდენტი

Facebook
Twitter
LinkedIn