ვლადიმერ პაპავას მორიგი აღიარება

თარიღი: 2024-03-09 19:56:08

თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  მაკროეკონომიკასა და გამოყენებით ეკონომიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიის (International CORE Academy of Sciences and Humanities) ნამდვილ წევრად აირჩიეს.

აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა 1990 წლიდან  ეკონომიკური თეორიის მიღწევების საზოგადოების (აშშ) წევრია და, მოყოლებული ამ დღიდან, მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო  აკადემიების, საზოგადოებებისა და ასოციაციების წევრია: დანახარჯები-გამოშვების საერთაშორისო ასოციაცია (ავსტრია, 1992), ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემია (გაერო, 1994), დასავლეთის საერთაშორისო ეკონომიკური ასოციაცია (აშშ, 1996), მეცნიერების, განათლების, მრეწველობისა და ხელოვნების საერთაშორისო აკადემია (აშშ, 1997), სამეფო ეკონომიკური საზოგადოება (დიდი ბრიტანეთი, 1997), საერთაშორისო ატლანტიკური ეკონომიკური საზოგადოება (აშშ, 1998), ლუდვიგ ფონ მიზესის ინსტიტუტი (აშშ, 2006), ამერიკის ეკონომიკური ასოციაცია (აშშ, 2006), ცენტრალური ევრაზიის შემსწავლელი საზოგადოება (აშშ, 2006), შედარებითი ეკონომიკური კვლევების ევროპული ასოციაცია (იტალია, 2006), ამერიკის პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოციაცია (აშშ, 2006), პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა ამერიკის აკადემია (აშშ, 2006)  და სხვა…

დღეს ამ შთამბეჭდავ ნუსხას საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიის ნამდვილი წევრობაც შეემატა.      
საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემია დაფუძნებულია ჰონგ-კონგის მთავრობის მიერ და მისი წევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდანაა არჩეული. აკადემია ინტერდისციპლინური, არასამთავრობო, არაკომერციული, სამეცნიერო ორგანიზაციაა და მისი წევრები მეცნიერებაში მოპოვებული დამსახურებებისთვის არიან არჩეულნი. აკადემიის მიზანია ხელი შეუწყოს ცოდნის ყველა სფეროში საერთაშორისო, მოწინავე და ინტერდისციპლინურ კვლევებს. აკადემია მოწოდებულია აღიაროს გამოჩენილი სამეცნიერო მიღწევები და ხელი შეუწყოს გლობალურ აკადემიურ თანამშრომლობას და ცოდნის გავრცელებას კაცობრიობის საკეთილდღეოდ.

სიტყვა „CORE“ შექმნილია ორი ჩინური სიტყვიდან. კერძოდ, სიტყვის პირველი მარცვალი ჩინურად „მეცნიერებას“ ნიშნავს, მეორე კი – „სიბრძნეს“.

აღსანიშნავია, რომ საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიის წევრობის კანდიდატის ნომინირების უფლება მხოლოდ ამ აკადემიის წევრებს გააჩნიათ, ხოლო ნომინირებული კანდიდატის სამეცნიერო შედეგები გადის ფარულ რეცენზირებას CORE აკადემიის სხვა ორი წევრის მიერ. მხოლოდ ფარული რეცენზირების პროცესის წარმატებით გავლის შემდეგ ხდება აკადემიის ახალი წევრის არჩევა.  აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას არჩევის საკითხიც, რა თქმა უნდა, ამ წესით მოხდა, მაგრამ  მნიშვნელოვანი ცვლილებით, რომლის შესახებაც თავად კანდიდატი, აკადემიკოსი  ვლადიმერ პაპავა გვიამბობს:   

„დღეს საერთაშორსიო აღიარება, გარკვეულწილად, ბიზნესად იქცა. არსებობს საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციები, სამეცნიერო აკადემიები, რომელიც აღიარებისთვის, წოდების მინიჭებისთვის გარკვეულ ფინანსურ სარგებელს ითხოვენ. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებშიც ხდება მსგავსი რამ, როცა ზოგიერთ პრესტიჟულ ჟურნალში მათ მიერვე მოწონებული სტატიის გამოქვეყნებისთვის საკმაოდ მაღალი საფასურია გადასახდელი.  იმავდროულად, არსებობს ისეთი ავტორიტეტული ჟურნალებიც, რომელშიც ნაშრომის გამოქვეყნება უფასოა, მაგრამ იქ სტატიის გამოქვეყნება კიდევ უფრო  ძნელია.

რაც შეხება საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიას,  იგი დაფუძნებულია ჰონგ-კონგის მთავრობის მიერ.  ამ აკადემიის წევრად  არჩევის  წესი არის ძალიან საინტერესო, რომელიც არც თანხის და არც საკუთარი განაცხადის საფუძველზე არ ხდება. მხოლოდ აკადემიის რომელიმე წევრს, რომელსაც იგივე პროფილი აქვს, როგორც წევრობის კანდიდატს, შეუძლია ფარული განაცხადის საფუძველზე აკადემიის წევრ-კორესპონდენტად ან ნამდვილ წევრად დაგასახელოს.

იანვრის ბოლოს წერილით მაცნობეს, რომ ნომინირებული ვიყავი აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, მაგრამ ვინ დამასახელა – არ ვიცი, რადგანაც ამის გამჟღავნება არ ხდება. ჩემი თანხმობის შემდეგ ინფორმაცია ჩემი კვლევის შედეგების შესახებ გადაეცა ფარულ რეცენზენტებს, დარგის სპეციალისტებს, რომლებიც ამ აკადემიის  წევრები არიან. ამ პროცედურის გავლის შემდეგ დგება არჩევის საკითხი. ფარულმა რეცენზენტებმა, შეფასების მიხედვით, ჩემი წევრ-კორესპონდენტად არჩევის კი არა, აკადემიის  ნამდვილ  წევრად არჩევის გადაწყვეტილება მიიღეს. ყველა აქ ჩამოთვლილი პროცედურა არის ფარული და ეს არის სწორედ იმ ადამიანების დაცვის გარანტი, ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ეს გადაწყვეტილება უარყოფითია.

დღეისათვის აკადემიის ნამდვილ წევრად არჩევის სერტიფიკატის მხოლოდ ელექტრონული ვერსია მაქვს.  ოფიციალურად,  მისი გადმოცემის  ორი ვარიანტი არსებობს:  პირველი – მიმიწვიონ საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიაში და იქ მოხდეს მისი გადმოცემა და მეორე – ისინი ჩამოვიდნენ აქ, საქართველოში.  ჩემი სურვილია, რა თქმა უნდა, აქ ჩამობრძანდნენ, რადგან ეს ხელს შეუწყობს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან ურთიერთთანამშრომლობის დაწყებას“, – განაცხადა  აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, ვისთვისაც საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიის  ნამდვილი წევრობა საპატიო და  მნიშვნელოვანია.

 „რა თქმა უნდა,  ეს  წოდება ჩემთვის საპატიოა, ეს არის ჩემი ნაშრომების გარკვეული  აღიარება,  რომელიც სტიმულს მაძლევს კიდევ უფრო მეტი აქტიურობისთვის. ჩემი მიზანი ის კი არ არის, რომ საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციებმა მაღიარონ, არამედ ის, რომ რასაც ვწერ, საინტერესო იყოს მკითხველისთვის. ჩემი ნაშრომების ციტირება ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე ორგანიზაციის წევრობა“, -აღნიშნავს   აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ვისთვისაც  მეცნიერება  ცხოვრების წესია.

„ყველა მეცნიერის სურვილია მისი შრომა სხვამ წაიკითხოს და თუ ის სხვა  მას აღიარებს, ეს, რა თქმა უნდა, სასიხარულოა. აღიარების ყველაზე უშუალო გზა – საკუთარი ნაშრომის ციტირებაა  სხვა მეცნიერულ ნაშრომებში. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ქართველმა მეცნიერებმა შეძლონ თავიანთი კვლევების შედეგების გატანა საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში. თუ ინგლისურ ენაზე აქვეყნებ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მკითხველთა აუდიტორია უფრო ფართოა და უფრო მეტი შანსია – შენი  ნაშრომის ციტირება მოხდეს. სწორედ დაგროვილი ნაშრომების, უფრო ზუსტად კი, ამ ნაშრომებში ასახული კვლევის შედეგების მიხედვით ხდება მეცნიერის საერთაშორისო აღიარება. არის კიდევ სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციები, რომლის წევრობაც ასევე  საპატიოა. რა თქმა უნდა, ქართველმა მეცნიერებმა უნდა ვიფიქროთ თანამემამულეებზე, რომ მათაც შეძლონ მშობლიურ ენაზე შენი ნაშრომების წაკითხვა. ასე რომ, სამუშაო ფორმატი ფართოა…“ – აცხადებს  აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა.  

აქვე შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პაპავა მეორე ქართველია, რომელიც საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიის წევრი გახდა. უფრო ადრე აკადემიის წევრად ცნობილი ქართველი მათემატიკოსი, აკადემიკოსი ხვედრი ინასარიძე აირჩიეს.

Facebook
Twitter
LinkedIn