გამოიცა ანზორ ხელაშვილის მონოგრაფია

თარიღი: 2024-02-21 20:10:22

ცოტა ხნის წინ გამომცემლობა „ნეკერმა“ გამოსცა ცნობილი ქართველი ფიზიკოსის, აკადემიკოს ანზორ ხელაშვილის მონოგრაფია „სიმეტრიები და ჯგუფთა თეორიის ელემენტები ნაწილაკთა ფიზიკაში“, სტანდარტული მოდელის შესავალი“.

მონოგრაფიაში ავტორის მიერ გამოყენებულია საკმაოდ მდიდარი ლიტერატურა: სახელმძღვანელოები, მიმოხილვები, ორიგინალური სტატიები. წიგნში მოცემული მასალა იკითხებოდა თსუ-ს მაღალი ენერგიების ფიზიკის ლაბორატორიისა და ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომლებისთვის 1973 წლიდან, როდესაც გაჩნდა პირველი მინიშნებები ყალიბრული თეორიის გზის სისწორის შესახებ.

აკადემიკოსი ანზორ ხელაშვილი კითხულობდა ლექციებს თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტის თეორიული ფიზიკის სპეციალობის სტუდენტებისათვისაც. ამიტომაა, რომ წიგნში განხილული მასალა მოიცავს საკმაოდ ვრცელ პერიოდს და თანაბრად გამოსადეგია ნაწილაკთა ფიზიკაში, სიმეტრიების განვითარების თვალის გასადევნებლად, ისტორიულ ასპექტში. წიგნში მოცემულია მხოლოდ ძირითადი ლიტერატურის ნუსხა, რომელიც გამოიყენებოდა სასწავლო პროცესში. გარდა ლექციებისა, მონოგრაფია სამსახურს გაუწევს ამ სპეციალობის დოქტორანტებს და ახალგაზრდა სპეციალისტებს.

„სიმეტრიები და ჯგუფთა თეორიის ელემენტები ნაწილაკთა ფიზიკაში“, სტანდარტული მოდელის შესავალი“ არის პირველი ცდა ქართულ ენაზე ნაწილაკთა ფიზიკის სახელმძღვანელოს შექმნისა. „ჯგუფთა თეორიის მეთოდები დღეს ფართოდ გამოიყენება ფიზიკის თითქმის ყველა სფეროში და საგულისხმოა, რომ ქართულ ენაზე არ არსებობს სახელმძღვანელო არა მარტო ნაწილაკების ფიზიკის საჭიროების, არამედ, საერთოდ, საგნის დაუფლებისათვის. წინამდებარე წიგნი ნაწილობრივ მაინც შეავსებს ამ ნაკლს, ცხადია, ფიზიკოსის თვალსაზრისით. მისი გამოყენება შეიძლება, აგრეთვე, სალექციოდ კვანტური ველების თეორიულ ფიზიკაშიც“, – აღნიშნა აკადემიკოსმა ანზორ ხელაშვილმა.

Facebook
Twitter
LinkedIn