საერთაშორისო კონფერენცია „მიგრაცია, ენა და კულტურული მეხსიერების დინამიკა“ თსუ-ში

თარიღი: 2024-03-06 13:31:19

2024 წლის 2 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო ინტერდისციპლინური კონფერენცია „მიგრაცია, ენა და კულტურული მეხსიერების დინამიკა“.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლისა და კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებმა როგორც საქართველოდან, ისე სხვა ქვეყნებიდან.

ღონისძიება ორგანიზებული იყო თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მიმდინარე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის – „ენა და კულტურული მეხსიერების დინამიკა XX საუკუნის საქართველოს შიდა მიგრაციების კონტექსტში“ [FR-21-336] – ფარგლებში.

მიგრაციების საკითხების ინტერდისციპლინური შესწავლა „საქართველოს ლინგვისტური პორტრეტის“ სამეცნიერო ჯგუფის დიდხნიანი ინტერესია. თითქმის ოც წელზე მეტია, ჯგუფი სხვადასხვა კუთხით იკვლევდა და სწავლობდა საქართველოს მიგრაციულ პროფილს, ხოლო კონფერენცია – „მიგრაცია, ენა და კულტურული მეხსიერების დინამიკა“ – ამ სამეცნიერო პროცესს ერთდროულად აჯამებს და  თან ახალი კვლევის პერსპექტივებს წარმოაჩენს.

კონფერენციის მთავარი კონცეფცია მისი ინტერდისციპლინურობაა. ლინგვისტიკის, ლიტერატურის, ეთნოლოგიის, ბიომრავალფეროვნების, ანთროპოლოგიისა და სხვა დარგების გადაკვეთა ერთიან, მასშტაბურ, სანდო სურათს ქმნის.  ხოლო ამ პროცესის მონაწილე სხვადასხვა თაობის მეცნიერთა თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს მას.

სხვა მოხსენებებთან ერთად, „საქართველოს ლინგვისტური პორტრეტის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარინე ბერიძემ კონფერენციის მონაწილეებს მიგრაციების ახალი ელექტრონული ბაზა წარადგინა, სადაც ვიზუალური მონაცემებით აისახება  ბოლო ორი საუკუნის  ქართული შიდამიგრაციების მრავალფეროვანი სურათი.

კონფერენციის თემატიკა მოიცავდა მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს: პროტოქართველური ენის წარმოშობისა და გავრცელების ადგილის, სიტყვებისა და ცნებების მიგრაციის, ქართველი ერის ეთნოგენეზის, საქართველოს ლინგვისტური და დიალექტური მრავალფეროვნების, გერმანული თუ იდიშური დიასპორების, ქართველური ენების თანამედროვე მდგომარეობის, მიგრაციის უახლესი ამბების, საბჭოთა წარსულის სირთულეების, საქართველოსა და აქ გავრცელებული ენებისა და დიალექტების წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ.

კონფერენციის მხარდამჭერები არიან: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი – LOEWE – უმცირესობათა კვლევები.

იგეგმება, რომ კონფერენცია ტრადიციული გახდეს და ყოველ წელს გააერთიანოს საკითხით დაინტერესებული მეცნიერები.

Facebook
Twitter
LinkedIn