ეკა ლეკაშვილის დედის დღე
საქართველოში ,,დედის დღე“ ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. ეს დღე საოჯახო დღესასწაულია და ამ დღეს მთავარია – გამოვხატოთ მადლიერება ყველაზე ძვირფასი და ახლობელი ადამიანის მიმართ, რომელმაც სიცოცხლე და თავისი სიყვარული გვაჩუქა.
დედის დღესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მოღვაწე მრავალშვილიან დედას – ასოცირებულ პროფესორს ეკა ლეკაშვილს ვესაუბრეთ, რომელიც არა მარტო წარმატებული მეცნიერი, არამედ სამაგალითო დედაა, რომელიც სულ რაღაც 19 წლის ასაკში ეზიარა ამ უდიდეს გრძნობას და დღემდე ღირსეულად ატარებს ქართველი დედის, ქალის, მეცნიერის საპატიო სახელს!
- ქალბატონო ეკა, თქვენი დედობის ისტორია გვიამბეთ, როგორ ფიქრობთ, სად გადის ზღვარი ქალ მეცნიერსა და მეცნიერ დედას შორის? თქვენს შვილებზეც გვიამბეთ ორიოდე სიტყვით...
- ჩემი დედობის ისტორია ათწლეულებს ითვლის. 1990 წელს დავქორწინდი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი, ორ ფაკულტეტზე ვსწავლობდი – ეკონომიკის ფაკულტეტზე პოლიტეკონომიის პროგრამაზე და სპეცფაკულტეტზე (საერთაშორისო ბიზნესის სკოლა). დღის განმავლობაში სრული სამუშაო დატვირთვის რეჟიმმა დროის მენეჯმენტის, არჩევანის სწრაფად და ეფექტიანად მიღების, საკუთარი შესაძლებლობების გამორკვევის და განვითარების და ბევრი სხვა უნარი გამომიმუშავა, რაც შემდგომ საოჯახო და სამეცნიერო საქმიანობის დაბალანსებაში დამეხმარა.
დედა 1991 წლის აგვისტოში გავხდი. 19 წლის ვიყავი. ახლანდელი გადმოსახედიდან – მე თვითონ გამოუცდელი და პიროვნულად ჩამოსაყალიბებელი ვიყავი, მაგრამ ღმერთმა დედობის პასუხისმგებლობა დამაკისრა. არ იყო მარტივი, რადგან სწავლა და შვილის აღზრდა ერთდროულად დიდ რესურსს და ძალისხმევას ითხოვდა. თანაც ეს იყო 90-იანი წლების საქართველო – ომები, სტრესული გარემო, ეკონომიკური პრობლემები, გაურკვევლობები… მაგრამ იყო მთავარი – ადამიანური ურთიერთობები. ამასთან, ჩვენი თაობა აღზრდილები ვიყავით იმ მოტივით, რომ საქართველოს მეფეები 15-16 წლისები იბარებდნენ სახელმწიფოს მართვას და, შესაბამისად, არცერთი გამოწვევა ახალგაზრდისთვის არ უნდა იყოს დამრთრგუნველი. დღესაც ამ თვალსაზრისზე ვარ, რადგან მიმაჩნია, რომ პასუხისმგებლიანობის გრძნობით და ოპტიმიზმით უნდა მივუდგეთ ყველა საქმეს.
ასპირანტურა რომ დავამთავრე, უკვე ორი შვილი მყავდა. მაშინ მქონდა შემოთავაზება აშშ-ში კვალიფიკაციის ასამაღლებლად, თუმცა არჩევანი შვილებზე გავაკეთე, რასაც არ ვნანობ. მესამე შვილი კი მაშინ შემეძინა, როცა უნივერსიტეტში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება მქონდა.
თითოეული შვილის გაზრდას და აღზრდას თავისი დრო დავუთმე. ვგულისხმობ იმას, რომ ასაკობრივი სხვაობა მათ შორის 5-6 წელია, რამაც ჩემი ფიზიკური და გონებრივი ძალების აღდგენის საშუალებაც მომცა და სამეცნიერო კარიერის თვალსაზრისითაც არ შემაფერხა.
ჩემი შვილები არიან ვეკო, ანნა და დაჩი დოდაშვილები. სამივე შვილი სხვადასხვა სპეციალობისაა: ვეკო – საერთაშორისო სამართლის, ანნა – სამსახიობო ოსტატობის და მოდის ბიზნესის, ხოლო დაჩი – კომპოზიციის მიმართულებით დასპეციალიზდა. მრავალმხრივი მონაცემები აქვთ და მათი აღზრდის პროცესი ძალიან საინტერესო იყო – ბავშვების აღზრდაც დაკვირვებას, შესწავლას, ანალიზს ითხოვს – რა უნარები გავაძლიეროთ, როგორ აღმოვაჩინოთ ფარული ტალანტი და ა.შ.
რაც შეეხება მეცნიერ ქალს, ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. მეცნიერმა დედამ უნდა მოახერხოს იცხოვროს როგორც თავისი ცხოვრებით, ისე შვილების ცხოვრებითაც. ეს ძალიან რთულია, ამიტომ ხშირად გვიხდება არჩევანის გაკეთება ჩვენი ცხოვრების ნაწილის დათმობის გზით – სწორედ ესაა ზღვარი მათ შორის.
– დასქმების კუთხით, დედებისა და მამების როლი ახლა უფრო მეტად ჰგავს ერთმანეთს, დედებისა და მამების ფუნქციების გამიჯვნა შემცირდა, ტექნოლოგიების განვითარებამაც დედების საშინაო საქმეების სიმძიმე შეაჩერა და დედას მეტი შესაძლებლობა მიეცა განვითარებისთვის და დასაქმებისთვის. როგორ ფიქრობთ, რა გავლენა იქონია ყველაფერმა ამან შვილებზე, მათ აღზრდასა და განვითარებაზე?
– ტექნოლოგიების ეპოქაში და ახალი რეალობის გათვალისწინებით, თანამედროვე დედები და მამები შვილების აღზრდაშიც ,,პარტნიორები“ არიან – მხარეები თანხმდებიან აღზრდის პასუხისმგებლობის განაწილებაზე. როგორც აღნიშნეთ, ტექნოლოგიების განვითარებამ დედების საშინაო საქმეების სიმძიმე შეაჩერა და დედას მეტი წვდომა მიეცა განვითარებისთვის და დასაქმებისთვის, მაგრამ ახალი გამოწვევა წარმოიშვა – კონკურენტულ გარემოში შრომის ბაზარზე სტაბილური პოზიციების შენარჩუნების სახით. ეს გარემოება და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები ხშირად არღვევს დედის ცხოვრების ნორმალურ რიტმს. მათ არ რჩებათ საკმარისი დრო შვილებისთვის. ერთმანეთთან კომუნიკაციის ახალი პრობლემები იჩენს თავს როგორც მშობლების, ისე შვილების მხრიდან. შეცვლილი გარემო, განსაკუთრებით საინფორმაციო გარემო და საზოგადოებრივი ღირებულებები გავლენას ახდენს ბავშვების ფსიქიკაზე, განწყობებზე, ღირებულებებზე, არჩევანზე… ახალგაზრდებს უჭირთ კარგის და ცუდის ერთმანეთისგან გარჩევა, აქვთ სასოწარკვეთა და უიმედობა… შვილებს სჭირდებათ აღზრდის ინდივიდუალური მიდგომა, რაც მშობლებისგან მეტ ცოდნას, დროს და ენერგიას მოითხოვს.
ამასთან, თუ წინა პერიოდში დედები ნაკლებად ინფორმირებულნი ვიყავით უამრავ საკითხზე – მათ შორის, მედიცინის, ფსიქოლოგიის, აღზრდის, კომუნიკაციის და ა.შ., რაც მხოლოდ შეზღუდული საინფორმაციო არხებით მიიღებოდა და პრობლემებს გვიქმნდა, ახლა ეს ინფორმაცია მოკლე დროში ხელმისაწვდომია. თუმცა თანამედროვე დედას უნდა ჰქონდეს ცოდნა და უნარები, რომ მოზღვავებულ ინფორმაციაში შეარჩიოს მისთვის საჭირო ინფორმაცია.
– თქვენ მრავალშვილიანი დედა და წარმატებული მეცნიერი ბრძანდებით. ჩვეულებრივ, მეტი ბავშვის ყოლის შემთხვევაში დედის მუშაობის ალბათობა მცირდება… სამეცნიერო საქმიანობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომელიც დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, თქვენ შემთხვევაში ასე არ მომხდარა. როგორ შეძელით ის, რომ დღეს სამაგალითო დედა და წარმატებული მეცნიერი ბრძანდებით?
– ამ კითხვაზე ჩემი მეცნიერ-ხელმძღვანელის, პროფესორ გრიგოლ თოდუას შეკითხვა მახსენდება, ჯერ კიდევ ასპირანტურაში სწავლის პერიოდში რომ დამისვა: ,,კი მაგრამ, როგორ ახერხებ სამეცნიერო პრობლემაზე ფიქრს და მუშაობას, როცა სახლში საჭმელს ამზადებ და საჭმლის სუნი დგას?“… მეცნიერების უმრავლესობა სამეცნიერო საქმიანობისთვის შესაბამის გარემოს საჭიროებს, იმ შემთხვევაში, თუ მისი პირველხარისხოვანი მიზანი სამეცნიერო მიღწევაა. ჩემი შემთხვევა კონკრეტულია, რადგან მე ორი პირველხარისხოვანი მიზანი მქონდა, რომელიც ერთმანეთს არ გამორიცხავდა. დამატებითი ფაქტორი იყო სამივე შვილის ბუნება. ისინი ბავშვობიდანვე პიროვნებები იყვნენ, ჩემს სამუშაო დატვირთვას სერიოზულობით აღიქვამდნენ. კარგად გამოგვდიოდა კომუნიკაცია. ვმუშაობდი სამეცნიერო საკითხებზე ბავშვებთან ერთად ერთ სივრცეში, ეს არ მიქმნიდა დისკომფორტს. პირიქით, შვილებს შეუყვარდათ კითხვა, სხვისი და საკუთარი შრომისადმი პატივისცემა, პასუხისმგებლიანობა. ბავშვების აღზრდის ცალკეულ მონაკვეთში დედ-მამასთან ერთად, რა თქმა უნდა, მონაწილეობდნენ ოჯახის სხვა წევრები, მეგობრები, ნათესავები…
რა თქმა უნდა, სამაგალითო დედის და წარმატებული მეცნიერის ცნება შეფარდებითია. უბრალოდ ვიტყვი, რომ ყველა ადამიანს განსხვავებული შრომის მწარმოებლურობა აქვს, რაც მათ გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებზე, ხასიათზე, სურვილებზე და სხვა რესურსებზეა დამოკიდებული. ამიტომ ყველა უნდა ეძებდეს თავისი შრომის მწარმოებლურობის ამაღლების მოდელს. წარმატების მისაღწევად კი ზომიერების დაცვა არის აუცილებელი სამსახურეობრივი და აღმზრდელობითი საქმიანობის მონაცვლებაში. ეს ცხოვრებას მრავალფეროვანს და შინაარსიანს ხდის და გამოირიცხება ცხოვრებისეული რუტინა.
- თანამედროვე ეპოქაში სამედიცინო მიღწევებმა, სოციალურმა პროგრესმა და ქალთა უფლებების მზარდმა მხარდაჭერამ მთელ მსოფლიოში დედობის გამოცდილების შეცვლას შეუწყო ხელი. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა სინამდვილეში, როგორ გარდაიქმნა დედობა?
- დღეს შეცვლილია დედობის გამოცდილების მიმართ დამოკიდებულებები და ბევრი ასპექტი ექსპერიმენტის საგნად იქცა. ტარდება პოლიტიკა ქალთა აქტივობის წახალისებისთვის, რომლის მთავარი მიზანიც შობადობის შემცირებაა. ამიტომ იბადება კითხვა, შეთავსებადია კარიერასთან მრავალშვილიანი დედობა? დიახ, შესაძლებელია, თუ ამ არჩევანს თქვენ გააკეთებთ. ვფიქრობ, ქალის ბიოლოგიური, ბუნებრივი ფუნქციის გარდაქმნა არ არის მარტივი, რადგან ეს ბუნებრივი ფუნქცია მშვენიერია, ნაყოფიერია, სასწაულია..
- როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა იქცეს დედის წარმატება შვილის წარმატების მოტივატორად?
- ხშირად წარმატებული დედები სინანულს გამოთქვამენ, რომ მათ შვილებს სათანადო დრო ვერ დაუთმეს. ჩემ შემთხვევაში ასე არ ყოფილა. თან შეცვლილმა დროებამ საზოგადოებაში ის თვალსაზრისიც დაამკვიდრა, რომ შვილებს მოტივს აძლევს დედის პროფესიული წარმატება. დედამ შვილებს უნდა დაუწესოს მაღალი სტანდარტი და უბიძგოს მათ ამ სტანდარტის გადალახვისკენ. ჩვენ ერთმანეთის წარმატება გვიხარია და უფრო მეტი სტიმული გვაქვს ერთმანეთის გასახარებლად.
- რას ეტყვით ქალებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით თავს იკავებენ რამდენიმე შვილის გაჩენისგან და რას ეტყვით სახელმწიფოს, რომლის სიძლიერეც მრავალშვილიან ოჯახებზე გადის?
- როგორც აღმოჩნდა, უნივერსიტეტში, მეცნიერ ქალებში, მრავალშვილიანი დედები ერთეულები ვართ, რაც სამწუხარო ფაქტია… რა თქმა უნდა, ყოველთვის მოიძებნება მიზეზი, რომ თავი შეიკავო შვილის გაჩენისგან, თუმცა, ჩემი თვალსაზრისით, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, ეს მიზეზი კომფორტის ზონიდან გამოსვლის შიშია… მინდა მოვუწოდო ახალგაზრდა ქალბატონებს – დიახ, დედობა მაღალი პასუხისმგებლობაა ღვთისა და ერის წინაშე, მაგრამ შვილების, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობებით და უნარებით, სურვილებით, მიზნებით, აღზრდა თქვენს ცხოვრებას შინაარსს შესძენს. ადამიანი ხომ სამყაროს ყველაზე ღირებული და ამოუცნობი ფენომენია? ადამიანების სიყვარულს შვილები და-ძმების სიყვარულით სწავლობენ. ნუ მოაკლებთ შვილებს ამ შესაძლებლობას.
- რაც შეეხება სახელმწიფოს, მისთვის პრიორიტეტად უნდა იქცეს ადამიანი და მისი კეთილდღეობა. უნდა გაძლიერდეს მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების და ხელშეწყობის პაკეტები – იაფი საბინაო კრედიტის, დასაქმების, სადეკრეტო პირობების გაუმჯობესების და სხვადასხვა წახალისების მექანიზმებით. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – სახელმწიფომ ისეთი პოლიტიკა უნდა გაატაროს, რომ არასრულწლოვანი შვილების დედები არ წავიდნენ ემიგრაციაში.