ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა დიდი მეცნიერი
შალვა გაბესკირიას ამ ქვეყნიდან გარდასვლას ვერაფრით ვერ ვეგუებით და ამის გამო გვიჭირს მისი ხსენება წარსულში. იგი ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა საერთაშორისო ორიენტალისტურ ცენტრებში. აღმოსავლური ენებისა და ლიტერატურების სრულყოფილი ცოდნა, ანალიზის უნარი მას თურქოლოგიის პრობლემების კვლევის მოწინავე პოზიციებზე ერთ-ერთ საუკეთესო სწავლულად წარმოაჩენდა. დაუვიწყარია შალვა გაბესკირიას სამეცნიერო ღვაწლი და საოცარი პიროვნული ღირსებები. ქართული სიტყვისადმი უაღრესად ფაქიზი და პასუხისმგებლური მიდგომა მის უმაღლესი რანგის პროფესიონალურ შემოქმედებაზეც აისახა. სამეცნიერო ინტერესების ფართო დიაპაზონის მქონე შალვა გაბესკირიას ხელეწიფებოდა რთული საკითხების დამაჯერებელი და მკაფიო ახსნა. მას ჰქონდა უზადო ფილოლოგიური ნიჭი, შესაშური ერუდიცია, არაჩვეულებრივი ლინგვისტური ალღო და სტილის შეგრძნება.
ქართული თურქოლოგიური სკოლის საკვლევ თემატიკაში შალვა გაბესკირიას სამეცნიერო მოღვაწეობას თავისი ადგილი ჰქონდა, სადაც აუნჯებდა დაკვირვებებს თურქული ენისა თუ ლიტერატურის შესახებ.
თვალი გადავავლე შალვა გაბესკირიას ბოლო ოცი წელიწადის პუბლიკაციებს (გამოქვეყნებული ოცდაათამდე სამეცნიერო სტატია და ერთი მონოგრაფია – „იუნუს ემრეს ნაწარმოებთა ლექსიკა“ (რუსულ ენაზე) არ მაქვს მხედველობაში). გამომეკვეთა და თქვენც მინდა გაგიზიაროთ ეს აზრი: იგი ამა თუ იმ საკითხის ციკლური, სისტემური მკვლევარი იყო. ასე, მაგალითად:
1) ქართველთა თვითსახელწოდება, საქართველოს, მისი დედაქალაქებისა და ქართველის აღმნიშვნელ აღმოსავლურ ტერმინთა წარმომავლობა და ისტორია– ამ საკითხებისადმი მიძღვნილი წერილები გაბესკირიასეული ახალი პარადიგმაა ქართველთმცოდნეობაში.
2) რაც შეეხება ,,ვეფხისტყაოსნის” თემატურ კვლევას; ვეფხისტყაოსნისეული ლექსიკური ერთეულების ეტიმოლოგიური სათავეებისა (აღმოსავლური წარმო-მავლობის სიტყვები) თუ ტაეპთა წაკითხვის თაობაზე შექმნილი წერილები ციკლური კვლევის მაღალკვალიფიციური ნიმუშებია; ასეთივეა ,,ვეფხისტყაოსანში” დიალექტიზმები და რუსთველოლოგიის რიგი პრობლემური საკითხები; შენიშვნები ,,ვეფხისტყაოსნის” ახალ გამოცემათა კომენტარებზე, ორი ანთროპონიმის წარმომავლობისათვის (როსანი, დულარდუხტი); განსაკუთრებით მინდა გამოვყო მისი სტატია „ვეფხისტყაოსნის“ ქვეყნების შესახებ.
3) შალვა გაბესკირია საენათმეცნიერო განსწავლულობას ნაყოფიერად უთავსებდა ონომასტიკური პრობლემების კვლევას. რად ღირს გაბესკირიასეული სტატიები ბაგრატიონთა გვარის წარმომავლობის შესახებ, რომლებშიც საერთოდ ქართველურ სინამდვილეში გვარის კატეგორიის შექმნის საკითხიც არის შეთავსებული.
4) ღირსშესანიშნავია შალვა გაბესკირიას კვლევები აღმოსავლურ ენებში ქართული ლექსიკური ნასესხობის გამოვლენაზე.
5) იბერიულ-კავკასიური ენების ხეთურთან და ურარტულთან მიმართების საკითხები შალვა გაბესკირიამ არაერთ საერთაშორისო ფორუმზე გააჟღერა.
მასზე თავისუფლად შეიძლება ითქვას შემდეგი: იგი იყო თავისი სპეციალობის ფარგლებში – ფილოლოგიურ მეცნიერებებში – თანამედროვე დონის მკვლევარი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ანუ იყო მხატვრული ლიტერატურის მცოდნე ენათმეცნიერი, ხოლო ლიტერატურის საკითხებზე მსჯელობისას _ კეთილსინდისიერი ენათმეცნიერი. გულწრფელობა, სამეცნიერო სიღრმე, აკადემიზმი, სულის სიფაქიზე, გასაოცარი კეთილსინდისიერება და საკუთარი თავისადმი მომთხოვნელობა მისი თვისებების არასრული ჩამონათვალია.
შალვა გაბესკირია თავისი სასიქადულო მასწავლებლების კვალდაკვალ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეთა სკოლას ყველგან საამაყოდ წარმოადგენდა და საქართველოს გულშემატკივრად აქცევდა უცხოელ კოლეგებს. შალვა გაბესკირია იყო: მუდამ ახლის მაძიებელი, ჭეშმარიტი მეცნიერი, ალღოიანი მკვლევარი, მადლიერი მოწაფე, უმწიკვლო კოლეგა, სანიმუშო მეგობარი, მზრუნველი ხელმძღვანელი, გულანთებული მამულიშვილი, გამორჩეულად მოკრძალებული, ნათელი ადამიანი…
დიდად ვისაკლისებთ მის დამოკიდებულებას ჩვენდამი.
მისი ყოველი ქმედება იმ პატიოსანი ადამიანის პოზიციის მანიფესტაცია იყო, ვისთვისაც საქმის ერთგულება სულიერ სიმშვიდეზე უფრო მაღლა იდგა. გვჯერა, სიკეთის საზღაურად ღმერთი ნათელში ამყოფებს მის სულს.
მარიკა ჯიქია, პროფესორი