სამაგისტრო პროგრამის – „კულტურული და სოციალური ანთროპოლოგია“ – მაგისტრანტები კა’ფოსკარის უნივერსიტეტში
ელენე ბერაია და ლუკა ფადიურაშვილი თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ს/ს ინსტიტუტის წარჩინებული მაგისტრანტები არიან. მათ ,,ერაზმუს +“-ის გაცვლითი პროგრამით შემოდგომის სემესტრი ვენეციაში, კა’ფოსკარის უნივერსიტეტში გაატარეს. მაგისტრანტებმა კონკურსში მიიღეს მონაწილეობა და შედეგად 2023 წლის სექტემბრიდან სწავლა იტალიაში განაგრძეს.
„თსუ-ში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისას სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში მივიღე მონაწილეობა და, შესაბამისად, გამიჩნდა სურვილი საზღვარგარეთ გამეტარებინა გარკვეული დრო და მიმეღო სხვა აკადემიურ გარემოში სწავლის გამოცდილებაც. კა’ფოსკარის უნივერსიტეტი იმიტომ შევარჩიე, რომ აქ ჩემთვის, როგორც მომავალი ანთროპოლოგისთვის, საინტერესო კურსები იყო შემოთავაზებული. არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა ქალაქსაც. ვენეციაში ისტორია და თანამედროვეობა საინტერესოდ თანაარსებობენ, მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესი ნაწილობრივ შუა საუკუნეების გოთიკურ შენობებში და უნიკალური მუზეუმების გარემოში მიმდინარეობს, ამასთან, სრულიად თანამედროვედ აღჭურვილი სააუდიტორიო სივრცეები და ბიბლიოთეკებია სტუდენტთა სამსახურში. კა’ფოსკარის უნივერიტეტში გატარებულმა სემესტრმა დიდი გამოცდილება შემძინა, პიროვნულადაც და პროფესიულადაც. ძალიან საინტერესო კურსები გავიარე მსოფლიოში აღიარებულ პროფესორებთან. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნების სტუდენტებთან და პროფესორებთან ურთიერთობები და ახალი კონტაქტები. ლექციებს გვიკითხავდნენ იტალიელი, გერმანელი და ამერიკელი პროფესორები. მინდა აღვნიშნო, რომ თსუ-ში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით საკმაოდ კონკურენტუნარიანი აღმოვჩნდი, თავისუფლად ვერთვებოდი აკადემიურ დისკუსიებში. მაგალითად, სალექციო კურსის – „უძველესი რელიგიები და მაგია ხმელთაშუაზღვის აუზში“ – გავლისას ძალიან გამომადგა საქართველოსა და კავკასიის რეგიონის ეთნოგრაფიული მასალის ცოდნა პარალელების გამოსაკვეთად, რაც ლექტორისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა და სამომავლო თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვა.
ჩემთვის, ასევე, მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა ინტერდისციპლინურ კონფერენციებზე დასწრება, ახალი აკადემიური გამოწვევების შესახებ მიმდინარე მსჯელობების მოსმენა და მათი გადაჭრის გზებზე დისკუსიებში ჩართვა. გავიარე საგნები, სადაც ისეთ საკითხებზე მიდიოდა დებატები, რომლებსაც ერთი შეხედვით ჩემს უშუალო სფეროსთან – კულტურულ და სოციალურ ანთროპოლოგიასთან კავშირი არ აქვს. ამან დამაფიქრა იმაზე, თუ როგორ შეიძლება ჩემს ინტერესებს დავუკავშირო სხვადასხვა თემები. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ დიდ სამეცნიერო დებატებში ჰუმანიტარიის მომავლის შესახებ თვალსაჩინოდ გამოიკვეთა სამეცნიერო წრეების ინტეგრაციის საჭიროება და ანთროპოლოგიური ცოდნის მნიშვნელობა, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა ჩემი არჩევანის სისწორეში. ჩემი უცხოეთში გატარებული სემესტრის გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველა სტუდენტს ვურჩევ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში, ეს დაეხმარებათ მათ დარწმუნდნენ საკუთარ თავში და გაიზარდნონ პიროვნულადაც და აკადემიურადაც. ჩვენი საზღვარგარეთ სწავლა ჩვენი უნივერსიტეტისა და ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი მგონია, რადგან გვეძლევა საშუალება წარვადგინოთ ჩვენი ისტორია, კულტურა და თანამედროვეობა”, – ამბობს ელენე ბერაია.
ვენეციაში მიღებულ შთაბეჭდილებებს ლუკა ფადიურაშვილიც გვიზიარებს: „ერაზმუსის გაცვლითი პროექტი ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტში საუკეთესო შესაძლებლობა აღმოჩნდა – მიმეღო ფორმალური და არაფორმალური განათლება როგორც აკადემიურ, ასევე, ცხოვრებისეულ დონეზე ჩემთვის აქამდე უცნობ გარემოში. ამ სივრცეში ადაპტაცია არა მხოლოდ იტალიურ, არამედ მულტიკულტურული და ეთნიკური მრავალფეროვნების შეცნობასაც ნიშნავდა, რამდენადაც, უნივერსიტეტში საერთაშორისო პროგრამების წყალობით სტუდენტები მსოფლიოს უამრავი კუთხიდან იყრიდნენ თავს. უცხოენოვან გარემოში ცხოვრებით შექმნილი ბარიერები, ბიუროკრატიასთან გამკლავება თუ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება, პირადი სივრცის მოწყობა თუ ახალი პასუხისმგებლობები არაფორმალური განათლებისა და განვითარების უმნიშვნელოვანეს ელემენტებს წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პიროვნული ზრდისთვის გადამწყვეტ როლს თამაშობდა. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მეპოვა ახალი ინტერესები – საკუთარი თავი განსხვავებულ დისციპლინებში, გამეგო როგორ ფუნქციონირებს სხვადასხვა ტიპის სისტემები (განათლების, ჯანდაცვისა თუ სამოქალაქო უსაფრთხოების) საზღვარგარეთ, რათა წარმოდგენა შემქმნოდა – რა არის იქ, რაც არ არის ჩვენთან, რა მოგვწონს შორიდან და რასაც შორიდან ვხედავთ, როგორია სინამდვილეში ახლოდან. არაფორმალური დაკვირვებით, საუბრებით და ადგილობრივებთან ინტერაქციით იმაზე მეტის სწავლა შევძელი, ვიდრე ჩემი არჩეული ნებისმიერი საგანი მომცემდა. და რაც მთავარია, დავიწყე იტალიურის შესწავლა, რამაც ამ სივრცეში ინტეგრაცია და ადამიანებთან დაახლოება გამიადვილა, ამავდროულად კი იქაური ყოფითი ცხოვრების სიღრმეებში შესვლისა და მეტად შეგრძნების საშუალება მომცა“, – ამბოს ლუკა ფადიურაშვილი.
თსუ-ს კა’ფოსკარის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საკმაოდ ხანგრძლივი და მრავალმხრივი ისტორია აქვს. უკვე წლებია, თსუ-სა და კა’ფოსკარის უნივერსიტეტებს შორის გაფორმებულია თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მუშაობს გაცვლითი პროგრამები, მათ შორის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებით.