ვინფრიდ ბოედერისა და ავთანდილ არაბულის თანაავტორობით მნიშვნელოვანი მონოგრაფია გამოიცა
ქართულ ენათმეცნიერებაში სასიამოვნო და მნიშვნელოვანი სიახლეა! ახლახანს გამოჩენილი გერმანელი ქართველოლოგის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის ვინფრიდ ბოედერისა და ცნობილი ქართველი ენათმეცნიერის, აკადემიკოს ავთანდილ არაბულის თანაავტორობით მნიშვნელოვანი მონოგრაფია „სინტაქსურ კოორდინაციასა და ზმნურ სიტყვაწარმოებას შორის (ზმნური დვანდვა ხევსურულში)“ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ გამოსცა.
უნდა ითქვას, რომ მეცნიერები წიგნზე თითქმის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მუშაობდნენ. ავთანდილ არაბულის ინფორმაციით, კვლევის იდეა წარმოიშვა ხევსურული ტექსტების ზედმიწევნითი შტუდირების დროს, რომლის შედეგადაც რამდენიმე საკითხი დამუშავდა. მალე ეს იდეა სამეცნიერო პროექტად იქცა, რომლის საწყისი ეტაპი გერმანიის კვლევითი საზოგადოების მიერ ოლდენბურგში სამივლინებო გრანტით იქნა მხარდაჭერილი.
„ეს ნაშრომი საუკეთესოდ წარმოაჩენს ენათმეცნიერული შესწავლის უახლეს ინტერესებსა და ტენდენციებს. თანამედროვე ლინგვისტური კვლევები სხვადასხვა ენებში რთულფუძიანი სიტყვების წარმოებას წარმოაჩენს როგორც ერთ-ერთ საინტერესო და, ამავე დროს, აქტუალურ პრობლემას. ამას განაპირობებს ის, რომ დვანდვის ტიპის ემპირიული მონაცემების ანალიზი გულისხმობს ენობრივი საკითხების მთელი კომპლექსის – ლექსიკურის, სემანტიკურის, ფონეტიკა-ფონოლოგიურის, მორფოლოგიურის, მორფონოლოგიურის, სინტაგმატურის – გადაწყვეტასა და ცნება „სიტყვის“ ერთიანსა და დიფერენცირებულ ანალიზს მოითხოვს. და პრობლემათა მთელი ეს კომპლექსი ლამის თითოეულ იმ ენობრივ წარმონაქმნშია წარმოდგენილი, რომელთა მნიშვნელოვანი რაოდენობაც არის გამოკვლევაში ანალიზის საგნად ქცეული.
ნაშრომი კომპლექსურად იკვლევს ზმნური გაორკეცების თავისებურ ტიპებს სალიტერატურო ქართულსა (თავისი ისტორიული განვითარებითურთ), ქართველურ ენებსა და დიალექტებში; განსაკუთრებით თავისებურ განვითარებას ეს მოვლენა ჰპოვებს აღმოსავლეთ საქართველოს მთის კილოებში (ამიტომაც არის სათაურში საგანგებოდ მითითებული ხევსურული დიალექტის შესახებ). ნაშრომის სტრუქტურულსა და შინაარსობრივ სირთულეს წარმოაჩენს თუნდაც მხოლოდ ის, რომ წიგნი შედგება ათი თავისაგან, რომელთაგან თითოეული, საშუალოდ, ათ პარაგრაფს მაინც შეიცავს.
უნდა ითქვას, რომ თბილისში წიგნის გამოსვლიდან მოკლე ხანში 85 წლის ასაკში ვინფრიდ ბოედერი გარდაიცვალა. საბედნიეროდ, ქართულმა გამოცემამ მას ცოცხალს მოუსწრო, მაგრამ წიგნის გერმანული ვერსიის გამოცემა ამ დროში ვერ მოხერხდა. გერმანულ ვერსიას მეტი სირთულე ახლდა, რადგან, დიდძალი მასალის გლოსირებასთან ერთად, თითოეული საილუსტრაციო ფრაზაც ზედმიწევნით თარგმნა-განმარტებას მოითხოვდა. ნაშრომის გერმანული ვერსიის გამოცემა ვერ მოესწრო და ის მიმდინარე წელს დაიბეჭდება“, – ამბობს ავთანდილ არაბული.