ნინო გელოვანის ახალი წიგნი საერთაშორისო აღიარებას ელოდება

თარიღი: 2024-01-24 14:45:27

„სატელევიზიო სერიალების სპეციფიკა“  –  ასე ჰქვია თსუ-ს კინო-ტელე ხელოვნების მიმართულების ასისტენტის, რეჟისორის ნინო გელოვანის ახალ წიგნს, რომლის  არასრული ვარიანტი  ქართულ ენაზე  ჯერ კიდევ 2019 წელს  გამოიცა.

როგორც წიგნის ავტორი აღნიშნავს,  დღეს მსოფლიოში სერიალების ნამდვილი „ბუმია“, იმდენად, რომ ეს ჟანრი პოპულარობით კლასიკურ კინოსაც კი უსწრებს. მიუხედავად ამისა, ფუნდამენტური და სერიოზული კვლევა ამ მიმართულებით საკმაოდ მწირია და უცხოეთშიც კი ბევრი  სახელმძღვანელო არ არსებობს, რასაც თავისი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორი განაპირობებს…

„დღეს სერიალი ამა თუ იმ ქვეყნის საიმიჯო პროდუქტი გახდა, ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ცნობილი რეჟისორები არიან ამ პროცესში აქტიურად ჩართულნი… შეიძლება ითქვას, რომ დღეს სერიალმა კლასიკურ კინოს გადაასწრო. ცნობილი რეჟისორები უფრო და უფრო ხშირად იღებენ სერიალებს.
ჩემს წიგნში ხარისხობრივად მაღალი ხარისხის სერიალებია განხილული. აღწერილია, ასევე, თუ როგორ იქმნება დრამატურგია, როგორ მუშაობს შემოქმედებითი ჯგუფი და სხვა.  წიგნში განხილულია ევროპასა და ამერიკაში  პოპულარული სერიალები, გამონაკლისის სახით თურქული  სერიალი  – „დიდებული საუკუნე“, რომელმაც წარმოუდგენელი პოპულარობა მოიპოვა და თურქული ეკონომიკაც კი წამოსწია. ჯერჯერობით, ქართული სერიალები ამ წიგნში ვერ მოხვდა. სამომავლოდ, შესაძლოა, ამ თემაზეც ვიმუშაო“,  – ამბობს ნინო გელოვანი. 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ავტორის პირველმა წიგნმა ,,ტელევიზია და სატელევიზიო პროდუქციის შექმნის ზოგიერთი ასპექტი“  სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. შედეგია  ის ფაქტი, რომ პირველად ქართულ რეალობაში, ლამბერტის აკადემიურ გამოცემასთან მოლაპარაკების შემდეგ, წიგნი მსოფლიოს რვა ენაზე ითარგმნა ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით.  ამასთან, წიგნს უკვე მიენიჭა სასწავლო სახელმძღვანელოს გრიფი და საქართველოს გარდა  სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტის  სასწავლო სილაბუსშია შეტანილი. ამჟამად   სახელმძღვანელო ხელოვნური ინტელექტით ითარგმნება ჩინურ, იაპონურ და თურქულ ენებზეც.

ავტორის მეორე წიგნის ,,Specifics of TV Series“  უკვე  გამოიცა  და დღეისათვის  შესაძლებელია  ნინო გელოვანის სახელმძღვანელოს https://www.morebooks.shop/shop-ui/shop/product/9786207452385  ყიდვა,  ასევე  შესაძლებელია დაკვეთაც. მალე ის ამაზონზეც დაიდება.

ნინო გელოვანი ამაჟამად სერიალების რეჟისურაზე მუშაობს, რომელიც გამოიცემა გერმანიის აკადემიური გამომცემლობის  ‎ ,,AV Akademikerverlag“- ის მიერ.

„მინდა საჯაროდ  გადავუხადო მადლობა წიგნის რედაქტორს, IBSU-ს აფილირებულ პროფესორს დალი ოსეფაშვილს, ანდრო ამბარცუმიანს (ბიდსტრუფების ავტორს), ანა დუმბაძეს, ქეთევან გორდელაძეს და რედაქტორს ელენე ბარბას.

დაბოლოს, ცხოვრებაში ყოველთვის  გამოჩნდებიან  ადამიანები, რომლებიც ცუდად მოგექცევიან. აუცილებლად მადლობას  ვუხდი მათთაც იმისთვის, რომ   იოლად დანებების  საშულებას არ მაძლევენ“, –  ამბობს ნინო გელოვანი.

Facebook
Twitter
LinkedIn