იოანე მახარაძე სწავლას ამერიკულ ვებსტერის უნივერსიტეტში გააგრძელებს

თარიღი: 2023-12-27 19:03:46

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მეოთხე კურსის სტუდენტმა იოანე მახარაძემ, რომელიც სამაგისტრო საფეხურზე სწავლას ამერიკულ ვებსტერის უნივერსიტეტში გააგრძელებს, მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდებიც ჩააბარა გეოგრაფიაში, ინგლისურ ენასა და სამოქლაქო განათლებაში.

,,კონკურსის საფუძველზე ჩავირიცხე ერთ-ერთ წამყვან ამერიკულ ვებსტერის უნივერსიტეტში, რომელსაც კამპუსები აქვს მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში და სწავლას სამაგისტო პროგრამაზე – საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით 2024 წლის აგვისტოდან დავიწყებ. რამდენადაც ჩემთვის ამ ეტაპზე ცნობილია, 3 სემესტრის განმავლობაში ევროპის  სულ სხვადასხვა ქალაქში მომიწევს სწავლა.  ჩემი არჩევანის მიხედვით, პირველად ათენში ვისწავლი, რადგან ძალიან მომწონს ეს ქალაქი… განსაკუთრებული მოლოდინები მაქვს… მჯერა, რომ საინტერესო თავგადასავალი მელოდება. აქვე აღვნიშნავ, რომ თსუ-ში 4 წლის მანძილზე სტიპენდიაც ოთხჯერ მაქვს აღებული და საერთაშორისო ურთიერთობებზეც 100 %-იანი დაფინანსებით ჩავაბარე’’, – აღნიშნავს იოანე.

ჩვენი რესპონდენტი საუბრობს იმაზე, თუ რატომ გადაწყვიტა ჩაებარებინა მასწავლებელთა გამოცდები: ,,დიდი ხანი ვყოყმანობდი – რომელი სპეციალობა ამერჩია – გეოგრაფია თუ საერთაშორისო ურთიერთობები? თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ საერთაშორისო ურთიერთობები ფართო სფეროა და ბევრ რამეს მოიცავს, ამან განაპირობა საბოლოოდ ჩემი არჩევანიც. მიუხედავად იმისა, რომ ეს სპეციალობა ძალიან მაინტერესებს, ჩავაბარე სამოქალაქო განათლების, ინგლისური ენისა და გეოგრაფიის მასწავლებელთა გამოცდა, რაც,   პირველ რიგში, საკუთარი თავის გამოცდა უფრო იყო.  დღეს კი აბიტურიენტებსაც ვამეცადინებ გეოგრაფიაში და არა მხოლოდ მათ, ასევე მათაც, რომელთაც სურთ იყნენ პედაგოგოები. ჩემი ბებიაც და ბაბუაც გეოგრაფები არიან, შეიძლება ამიტომ მიყვარს ეს სპეციალობა. საზოგადოებრივი გეოგრაფია, ქვეყნის მოსახლეობა, დიდი ქალაქები და ა.შ. ყოველთვის ჩემი ინტერესის სფერო იყო“,  – ამბობს იოანე მახარაძე. მას ჩაბარებული აქვს გეოგრაფიაში საერთაშორისო გამოცდაც.  შემდეგ კი ევროპის გეოგრაფიული ასოციაციის წევრიც გახდა, სადაც იგი საქართველოს წარმოადგენს. ,,ევროპის გეოგრაფთა ასოციაციაში სხვადასხვა კონფერენციები ტარდება. ახლაც მაქვს მოსაწვევი ერთ-ერთი კონფერენციის, რომელიც პორტუგალიაში უნდა ჩატარდეს ზაფხულში“, – ამბობს იოანე, რომელიც 15-მდე ქვეყანაშია ნამყოფი და ყველა მოგზაურობაზე თავის შთაბეჭდილებებს გონებაში ინახავს.

ჩვენი რესპონდენტი საუბრისას იხსენებს სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას: ,,მე პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მივიღე მოწვევა, რამაც გამახარა. ჩვენი შეხვედრის მთავარი საუბრის თემა იყო ევროინტეგრაცია.  პრეზიდენტთან ევროპის გეოგრაფთა ასოციაციის შესახებაც ვისაუბრეთ, ვინაიდან  მასაც აინტერესებდა ამასთან დაკავშირებული საკითხები“.

იოანე სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც გვესაუბრა და რჩევებიც მისცა იმ სტუდენტებს, რომელთაც სურთ, რომ იყვნენ წარმატებულები. ,,სამომავლოდ ჩემ თავს ვხედავ აკადემიურ სფეროში. საგანმანათლებლო სისტემის რეფორმირებაში მივიღებდი მონაწილეობას დიდი სიამოვნებით. მაინტერესებს ლექციების, ტრენინგების ჩატარება… ამისთვის, რა თქმა უნდა, შრომას და ძალისხმევას არ დავიშურებ. ვფიქრობ, თუ გინდა იყო წარმატებული, ყველა ღონისძიებასა და პროექტში უნდა მიიღო მონაწილეობა. პრაქტიკა არის საწინდარი საუკეთესო შედეგების“, –  აღნიშნავს იოანე მახარაძე.

                                                                                                     ანი როსტიაშვილი

თსუ-ს    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი

Facebook
Twitter
LinkedIn