ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

თარიღი: 2023-12-25 18:02:52

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე  მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ღაღანიძე,  თსუ-ს კანცლერი ლაშა საღინაძე,  თსუ-ს ვიცე-რექტორი ერეკლე ასტახიშვილი, აზერბაიჯანის უნივერსიტეტის დოქტორანტები და დოქტორები,  აკადემიური პერსონალი და  სტუდენტები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციას უძღვებოდა თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანელ სტუმრებს,  პროექტების ხელმძღვანელებს და  დამსწრე საზოგადოებას. „დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ფაკულტეტისთვის.  მიზნობრივი სამეცნიერო პროექტების განხორციელება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ყოველწლიურად ხორციელდება,  რომელიც შემდგომ სამეცნიერო სტატიის ფორმით  საერთაშორისო, სამეცნიერო, პრესტიჟულ, რეფერირებად  ჟურნალებში ქვეყნდება. დღეს აქ გვესწრებიან წარმომადგენლები ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან  და  შეიძლება ითქვას, რომ ახალი ეტაპი იწყება ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის, სამეცნიერო პროექტებზე ერთობლივი მუშაობის, რომელიც მომავალში უფრო აქტიურად გაგრძელდება“, – განაცხადა  პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ.

პრეზენტაციაზე მისასალმებელი სიტყვით  გამოვიდა ვიცე-რექტორი ერეკლე ასტახიშვილი: „სამეცნიერო საქმიანობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მხარი დავუჭიროთ მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელებას,   აკადემიური პერსონალის მოტივირებას სამეცნიერო საქმიანობის განსახორციელებლად, ასევე, კვლევითი საქმიანობის ხარისხის, აკადემიური პერსონალის კვლევითი საქმიანობის  შეფასებასა და ანალიზს.  ხელი უნდა შევუწყოთ, აგრეთვე,   საერთაშორისო სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეში ქართველი მეცნიერების ეტაპობრივ ინტეგრაციას თსუ-ს ცნობადობის და პოპულარიზაციის მიზნით“.

ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს, აგრეთვე, თსუ-ს რექტორის მოადგილემ კახაბერ ჭეიშვილმა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა  ლაშა საღინაძემ.

სამეცნიერო პროექტების კონკურსმა საკმაოდ დიდი ინტერესი და გამოხმაურება გამოიწვია ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალში. კონკურსში გაიმარჯვა 9 პროექტმა. პროექტები მოიცავდა როგორც ეკონომიკის, ასევე, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების აქტუალური პრობლემების კვლევას. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თითოეულ პროექტში აქტიურად არიან ჩართული სწავლების ორი საფეხურის სტუდენტები.

თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულებების პროფესორებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს შემდეგ თემებზე:

თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში ადამიანისეული კაპიტალის ზეგავლენა ეკონომიკურ ზრდაზე საქართველოში  – მომხსენებელი და პროექტის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი გივი ბედიანაშვილი;

 ბიზნესის ფინანსური შედეგების პროგნოზირების მანქანური სწავლების პროგრამული სისტემის შემუშავება – ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი თეა მუნჯიშვილი;

 საქართველოს ევროკავშირის მოთხოვნებთან კოორდინირებული ენერგეტიკული ჰაბის პოლიტიკის ფორმირება და მისი განხორციელების პერსპექტივები  – პროექტის ხელმძღვანელი: პროფესორი რევაზ გველესიანი, მომხსენებელი – ასოცირებული პროფესორი ირინე გოგორიშვილი;

დისპეტჩერული მართვისა და კონტროლის   ავტომატიზებული სისტემის (შჩADA) სრულყოფის გზები ელექტროენერგეტიკაში – პროექტის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი რუსუდან სეთურიძე;

 ციფრული ტრანსფორმაცია მცირე და საშუალო ფირმებში: გამოწვევები და პერსპექტივები მდგრადი განვითარებისათვის – პროექტის ხელმძღვანელი:  პროფესორი ეთერი ხარაიშვილი;

 ლიდერის ქცევის გავლენა მიმდევრების მოტივაციასა   და ქცევაზე“ – პროექტის   ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნატალია ხარაძე;

 პოსტკრიზისული რეაბილიტაციის ეკონომიკური სტრატეგია და ძირითადი მიმართულებები საქართველოში – პროექტის  ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მარინა ტაბატაძე;

დისკრიმინაციის ფორმები კარიერის მართვის პროცესში და ქართული  სტერეოტიპები“ – პროექტის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი;

 საქართველოს საგარეო ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის თანამედროვე პრიორიტეტები – პროექტის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი შოთა ვეშაპიძე.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი  თითოეული  მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის  გაცნობის  შემდეგ,  საკუთარი აზრი და პოზიცია გამოხატეს  თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორებმა.  პრეზენტაციის ბოლოს ერთხმად აღინიშნა, რომ წარმოდგენილი  კვლევის შედეგები  ძალიან აქტუალური,  საინტერესო და ყურადსაღებია არა მარტო ეკონომიკური  სფეროს,  არამედ სახელმწიფო სტრუქტურების,  მართვის ორგანოების  წარმომადგენლებისათვის. კვლევის შედეგების მიხედვით ჩამოყალიბებული რეკომენდაციები ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესს და საზოგადოების განვითარებას.

Facebook
Twitter
LinkedIn