საახალწლო სუფრის გაშლა ყველას შეუძლია, მთავარია – რა იქნება ამ სუფრაზე?!
საახალწლო სუფრის გაშლა და ,,ეკონომია“ ქართველ კაცში, მეტნაკლებად, შეუთავსებელია, რადგან ოდითგანვე მოგვდგამს ტრადიცია – ახალ წელს მაქსიმალურად ხელგაშლილნი და მდიდარი სუფრით შევხვდეთ. განსაკუთრებით საახალწლოდ ეკონომიის გააზრება ბევრს, ალბათ, ქვეყნის ეკონომიკისადმი აგრესიულადაც განაწყობს, რადგან ამ დროს გასაწევი ხარჯი ბევრია, დასახარჯი კი – ცოტა. ფაქტია, რომ სწორედ საახალწლო დღესასწაულზე უორმაგდებათ ადამიანებს ემოციები – მეტი შემოსავალი ჰქონდეთ და მომავალი წლიდან მაინც ხელმომჭირნედ არ იცხოვრონ. ამიტომ, ყველა მოქალაქისთვის ყოველი ახალი წლის დადგომისთვის კიდევ უფრო აქტუალურია ქართულ ეკონომიკაზე საუბარი და იმ კუთხით გათვითცნობიერება – რა მომავალს სთავაზობს სახელმწიფო მათ. ბედნიერი მომავალი ბევრისთვის ხომ ეკონომიკური კეთილდღეობაა.
ამ თემას ჩვენს რედაქციაში მოწვეული თსუ-ს პროფესორი, აკადემიკოსი ლადო პაპავა უკეთ განმარტავს: ,,როცა ვსაუბრობთ საქართველოს ეკონომიკაზე, არ ვიქნებით მართალი, თუ მას არ განვიხილავთ გლობალურ კონტექსტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. საუბარია ისეთ პრობლემაზე, როგორიც არის რუსეთის ომი უკრაინაში, ასევე, დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები… და მეორეა ის ომი, რომელიც ახლა მიმდინარეობს ჰამასსა და ისრაელს შორის. ეს ყველაფერი აისახება მსოფლიო ეკონომიკაზე, აისახება, მათ შორის, მცირე ეკონომიკის მქონე საქართველოზეც. რა მაქვს მხედველობაში? – მსოფლიოში მიმდინარეობს ის პროცესი, რასაც ჰქვია კონფრონტაციული გლობალიზაცია, ანუ გლობალიზაცია დღის წესრიგიდან არ გამქრალა, ის არსებობს… უბრალოდ, გაჩნდა კონფრონტაციული ელემენტი, რაც გამოიწვია იმან, რომ მთელი რიგი ქვეყნები შეუერთდნენ ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა ქვეყნების ბევრად მეტი რაოდენობა სანქციებს არ შეერთბიან, ხოლო ზოგიერთი ქვეყანა კი, რომელიც ამ სანქციებს მიერთებულია, არღვევს მათ. ამან მთელ მსოფლიოში ეკონომიკური რისკების ზრდა გამოიწვია. ამ ფონზე, საგულისხმოა ის, რომ საქართველო არ ჩაება საომარ მოქმედებებში, მიუხედავად იმისა, რომ ემოციური ფონი ძალიან რთული იყო და პროვოკაციული ხაფანგებიც მრავლად იყო დაგებული… ფაქტია, რომ საქართველოს მთავრობამ მოახერხა ქვეყნის განვითარება წაეყვანა მშვიდობიანი გზით, რის შედეგადაც საკმაოდ კარგი შედეგები დაიდო: საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის კუთხით. მაგრამ, არის თუ არა ეს მდგომარეობა ისეთი, რომ მოსახლეობამ შვებით ამოისუნთქოს?! ობიექტურად თუ შევხედავთ სიტუაციას, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, რადგან მოსახლეობა კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაშია, რადგანაც შეჭირვებულ ადამიანებს, წლების განმავლობაში, საკმაოდ ბევრი პრობლემა დაუგროვდა. ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილებები, რომელიც მიღებულ იქნა 2024 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით. გარკვეულწილად, კომპენსირება გაუკეთდება ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელიც აქვს მოსახლეობას. საუბარია იმაზე, რომ მთავრობამ აიღო ვალდებულება – ყოველწლიურად საჯარო სექტორში ხელფასები 10%-ით გაიზარდოს. გარდა ამისა, მიღებულ იქნა მთელი რიგი სოციალური პაკეტები სხვადასხვა მიმართულებით. ამ ეტაპზე გაიზარდა არა მხოლოდ ხელფასები, არამედ პენსიაც. ზრდა არის გათვალისწინებული სხვადასხვა მუშაკებისთვის და, რაც მთავარია, ძალიან დიდი კომპონენტი ჯანდაცვის დაფინანსებისა მთავრობამ საკუთარ თავზე აიღო. სერიოზული ფასდაკლებით შეუძლია მოსახლეობას თურქული წარმოების მედიკამენტების ყიდვა… ამის არ დანახვა დაუშვებელია! რა თქმა უნდა, ადამიანებს უნდათ ,,მეტი“ და ,,უფრო სწრაფად“, მაგრამ ასე სწრაფად ეკონომიკური და სოციალური სიტუაციის რადიკალური შეცვლა, როგორც წესი, ვერ ხერხდება.
ბლიც-ინტერვიუ
- ქართველი კაცი შეიძლება მომთმენი იყოს ეკონომიკური სიძნელეების მიუხედავად მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ მისთვის ახალი წელი გამორჩეული დღესასწაულია და სურს, რომ საახალწლო სუფრა მრავალფეროვანი იყოს. ეს სიამოვნება წლიდან წლამდე უფრო ძვირი ჯდება…
- ახალი წელი ყოველთვის ძვირი უჯდება ხალხს. ყველა ადამიანს აქვს სურვილი, რომ საახალწლო სუფრა, რაც შეიძლება, კარგად იყოს წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, მოთხოვნა იზრდება წინა საახალწლო დღეებში ყველა იმ პროდუქტზე, რომელიც საახალწლო სუფრისთვისაა განკუთვნილი, რაც ზრდის ამ პროდუქტების ფასებს… სიტუაციურად სწორედ ამის გათვალისწინებით არის, რომ მთავრობა ცდილობს – ის პრობლემები, რომლებიც დაგროვდა 2023 წელს, უფრო შემსუბუქდეს 2024 წელს.
- ყველას შეუძლია საახალწლო სუფრის გაშლა, თქვენი აზრით?
- საახალწლო სუფრის გაშლა ყველას შეუძლია, მთავარია – რა იქნება ამ სუფრაზე?! ყველას ერთნაირი სუფრა არც არასდროს ჰქონდა და ვერც ვერასდროს ექნება… ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ უკეთესი მდგომარეობა იყოს, მაგრამ ამას გარკვეული დრო და საყოველთაო ძალისხმევა ესაჭიროება.
- თქვენ რას ელოდებით 2024 წლიდან?
- 2024 წელი საკმაოდ რთული წელია: შემოდგომაზე დაგეგმილია საპარლამენტო არჩევნები, იქნება დიდი პოლიტიკური დაპირისპირება, სხვადასხვა პოპულისტური დაპირებები, მაგრამ მთავრობას აღებული აქვს რეალური კურსი იმასთან დაკავშირებით, რომ გაზარდოს მოსახლეობის შემოსავლები, რაც უკვე დაგეგმილია კიდეც.
- პროფესორებისთვის ხელფასების ზრდაზე რა შეგიძლიათ თქვათ?
- იმისთვის, რომ პროფესორების ხელფასები გაიზარდოს ისევე, როგორც იზრდება საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების ხელფასები, მაშინ სახელმწიფო უნივერსიტეტები საბიუჯეტო დაფინანსებაზე უნდა გადაიყვანონ. ჩვენ გვაქვს საგრანტო სისტემა, ანუ რამდენად ბევრ სტუდენტს მოიზიდავენ უნივერსიტეტები, მით მეტ ფულს მიიღებენ ისინი… ამ შემთხვევაში პროფესორებისთვის ხელფასების ზრდა დამოკიდებულია უნივერსიტეტში შემოსულ თანხებზე. ამ ეტაპზე მე ნამდვილად გამიჭირდება თქმა – რა შეიძლება გაითვალისწინონ უნივერსიტეტებმა (რა თქმა უნდა, სახელმწიფო უნივერსიტეტებს ვგულისხმობ). ერთი სტუდენტის წლიური საფასური 2250 ლარია, რაც, აგერ უკვე 15 წელია, არ შეცვლილა… გამოსავალი ისევ და ისევ სახლმწიფო უნივერსიტეტების სრულ საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადაყვანასთანაა დაკავშირებული.