მარიამ ხაზალია სტუდენტთა 83-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებულია

თარიღი: 2023-12-12 12:55:42

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეგიდით გამართულ სტუდენტთა 83-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებულად სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკური მეცნიერების მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი მარიამ ხაზალია დასახელდა. მან კონფერენციაზე წარადგინა მოხსენება, რომლის სათაურია ,,რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველოში დაბრუნებული რეემიგრანტების რეინტეგრაციის კვლევა’’. რატომ დაინტერესდა ამ თემით? – კითხვაზე მარიამ ხაზალია ასეთ პასუხს გვცემს: ,,როგორც ყველასთვის ცნობილია, 2022 წელს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. აღნიშნულმა ქმედებამ კი მსოფლიოში არსებული პოლიტიკური ამინდი კარდინალურად შეცვალა. ომმა გავლენა მოახდინა არაერთ საკითხზე, მათ შორის, მიგრაციაზე. ომის ფონზე რუსეთსა და უკრაინაში მცხოვრებ ქართველებს, და არამარტო ქართველებს, მოუწიათ თავშესაფარი ეძებნათ სხვადასხვა ქვეყანაში. ამ მხრივ საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ადგილი აღმოჩნდა. სწორედ ამ დროს სამშობლოს, საქსტატის სტატისტიკის თანახმად, 55 000-მდე ქართველი დაუბრუნდა. შესაბამისად, დამაინტერესა  – თუ როგორი იყო წლების შემდგომ ომის გამო საქართველოში დაბრუნებული ქართველების რეინტეგრაციის პროცესი. რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ ისინი დაბრუნების შემდგომ? რა ფაქტორები აძლევდა და უშლიდა ხელს მათ რეინტეგრაციას? ამასთანავე, დავინტერესდი შემესწავლა  – თუ რა მნიშვნელობა ენიჭებოდა სახელმწიფოს ამ პროცესში?“

როგორც მარიამ ხაზალია ამბობს, კვლევამ ცხადყო, რომ, დღესდღეობით, საქართველო ომის ფონზე დაბრუნებულ ქართველთა უმეტესობისათვის გახლავთ მშვიდობიანი ნავსაყუდელი, თავშესაფარი და არა სამშობლო (მისი საუკეთესო მნიშვნელობით).

,,შესაძლოა, ისინი აქ დაიბადნენ, გაიზარდნენ და მერე დატოვეს საქართველო, თუმცა, ქართული ეროვნული იდენტობა მათთვის უცხოა. როცა ადამიანი 30 წელია ემიგრაციაში, იქ უკვე მეორე თაობა ზრდასრულია, რომელმაც ენა არ იცის. ისინი სრულად ადაპტირებულნი არიან იქაურ  საგანმანათლებლო, სოციალურ და ეკონომიკურ სივრცესთან. აქედან გამომდინარე, დაბრუნებული ქართველებისთვის რეინტეგრაცია რთული აღმოჩნდა. ძალიან საეჭვოა, რომ (ერთეულებს თუ არ ჩავთვლით) ისინი სამუდამოდ დაბრუნდნენ. რეემიგრანტებისთვის რეინტეგრაციის პროცესში ხელის შემშლელ ფაქტორებს შორისაა: მოუწესრიგებელი ეკონომიკური მდგომარეობა, დასაქმების პრობლემა, ,,გაუცხოების ფენომენი’’, ენობრივი ბარიერი… ხოლო რეემიგრანტების რეინტეგრაციას ხელს უწყობს საქართველოში არსებული მეტ-ნაკლებად უსაფრთხო გარემო, სტუმართმოყვარე ატმოსფერო, ონლაინ მუშაობისა და ახალი ბიზნესის მარტივად წამოწყების შესაძლებლობა.

ამასთანავე, დადგინდა, რომ მიგრანტთა საინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა არაეფექტურია, რადგან ის რეპატრიანტთა ღირსეულ დაბრუნებას ვერ უზრუნველყოფს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოში დაბრუნებული რეემიგრანტების დიდი ნაწილი კვლავ ფიქრობს საქართველოს დატოვებაზე“, – ამბობს მარიამ ხაზალია.

Facebook
Twitter
LinkedIn