ინოვაციები: იდეიდან დანერგვამდე
2023 წლის 23 -25 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თსუ-ს რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტისა და სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და სეზონური სკოლა: „მეცნიერება, განათლება, ინოვაციები და ქიმიური ტექნოლოგიები – იდეიდან დანერგვამდე“. ინტერდისციპლინური კონფერენცია მიეძღვნა ქიმიური და საინჟინრო ტექნოლოგიების დაახლოებას, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების ინტეგრაციას, კვლევის შედეგების დანერგვის შესაძლებლობათა გაძლიერებას. კონფერენციისა და სეზონური სკოლის მუშაობაში, ქართველ მეცნიერებთან ერთად, საბუნებისმეტყველო, სოციალური და ჰუმანიტარული მიმართულების დოქტორანტები და მაგისტრანტებიც იყნენ ჩართული. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს უცხოელმა მეცნიერებმა: აშშ-დან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, ბელგიიდან, სლოვაკეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვადან, პორტუგალიიდან, იაპონიიდან, ირანიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, ბრაზილიიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან.
ღონისძიების მნიშვნელობასა და შედეგებზე ჩვენი კორესპოდენტი ესაუბრა რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორს გრიგორ ტატიშვილს:
– ბატონო გრიგორ, ეს კონფერენცია თქვენი ინსტიტუტის მიერ ბოლო წლებში ორგანიზებული მეორე საერთაშორისო კონფერენციაა. რა იყო ახალი და რა გამოცდილება შეგძინათ ამ ღონისძიებამ?
– პირველი საერთაშორისო კონფერენცია ინსტიტუტის 60 წლის იუბილესადმი იყო მიძღვნილი, რომელიც ეხებოდა თანამედროვე კვლევებს და მათი გამოყენების პერსპექტივებს ქიმიაში, ქიმიურ ინჟინერიასა და მასთან დაკავშირებულ სფეროებში. მეორე კონფერენცია შედარებით ინოვაციურია, რადგან, კონფერენციის პარალელურად, დაიგეგმა და ჩატარდა სეზონური სკოლა დოქტორანტებისა და მაგისტრანტებისთვის, რაც უწყვეტი სწავლისა და იდეების ევოლუციის ქმედითი ინიციატივაა. როდესაც ამ ინიციატივას ვაყალიბებდით, მიგვაჩნდა, რომ განათლების სფეროში ჩვენ, მეცნიერები, არ ვართ მხოლოდ მაყურებლები, არამედ – ცოდნის გადაცემის აქტიური მონაწილეებიც. კონფერენციის ფორმატში დაწყებული სამეცნიერო კავშირები ერთგვარი კლასტერია მოაზროვნეთა და ნოვატორთა შემდეგი თაობის აღზრდაში, ამიტომ დარგთაშორისი კვლევებისა და ინტერდისციპლინური კავშირების უზრუნველყოფით ჩვენ შევქმენით სწავლისა და ტრანსფერული უნარების გამომუშავებისვის საჭირო პლატფორმა.
– როგორც პროგრამიდან ჩანს, კონფერენცია საკმაოდ დიდ გეოგრაფიულ არეალს მოიცავს. საქართველოს აკადემიური სივრცე მასპინძლობდა მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ცენტრების მეცნიერებსა და მკვლევრებს. როგორ შეაფასებდით მათ ვიზიტს საქართველოში?
– კონფერენციის ფორმატი ონ-ლაინ ჩართვასაც ითვალისწინებდა, მაგრამ სასიხარულოა, რომ მოპატიჟებულთა 95-მა პროცენტმა პირადად მიიღო მონაწილეობა. სტუმრად გვყავდნენ იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტიდან (INFN) სტეფანო ბელუჩი, რომლის ციტირების ინდექსი დაახლოებით 11000-ია; ბიოსამედიცინო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი ფრედ ლისდატი, ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის ქიმიური ინჟინერიის ინსტიტუტიდან ვენკო ნ. ბეშკოვი; ჰოკაიდოს უნივერისტეტიდან პროფესორი ტამაკი ნაკანო და სხვები, რომელთაც, ასევე, მაღალი ციტირების ინდექსი გააჩნიათ. პანელების თემატიკა რამდენიმე მიმართულებით გვქონდა განსაზღვრული: I. ნანოპროცესები და ნანოტექნოლოგიები; II. სასარგებლო წიაღისეულისა და მეორადი ნედლეულის გადამუშავების ფუნდამენტური და ტექნოლოგიური ასპექტები; III. მწვანე ქიმია; IV. სამეცნიერო ინოვაციების პოპულარიზაცია და კომერციალიზაცია, V. ენერგეტიკა.
კონფერენციაზე მოვისმინეთ განსხვავებული და მრავალფეროვანი ექსპერტული მოსაზრებები, რამაც კონფერენცია არა მარტო თეორიული, არამედ პრაქტიკული კუთხით საჭირო და მიმზიდველი გახადა. იგრძნობოდა ცოდნის გავრცელების სფეროში კოლექტიური სულისკვეთება, თაობათა შორის სამეცნიერო კომუნიკაციის გამოცოცხლება, ყოველივე ეს კი მეცნიერება-სახელმწიფო-საზოგადოების ურთიერთკავშირის ეფექტურობის გაზრდის შესაძლებლობებს აჩენს.
– როგორც თქვენ ბრძანეთ, კონფერენცია და სეზონური სკოლა ინტერდისციპლინური იყო. რომელი დარგის ექსპერტები, მეცნიერები და პროფესიონალები იყვნენ შეკრებილნი. როგორი იყო მათი ენთუზიაზმი, მზაობა და წვლილი თანამშრომლობისთვის.
– ქიმიის პროფილის მეცნიერებთან ერთად, კონფერენციაში მონაწილეობდნენ მედიცინის, ბიოლოგიის, ფიზიკის, ინჟინერიის, განათლებისა და მეცნიერების მართვის, ბიზნეს-ადმინისტრირების, პოლიტოლოგიის სპეციალისტები. ჩამოსული გახლდათ და ერთ-ერთ პანელს ხელმძღვანელობდა სილვია მ. მროზოვსკა (Prof. Sylwia M. Mrozowska) – გდანსკის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი პოლონეთიდან, რომელიც, ამავე დროს, არის პოლიტოლოგი და მდგრადი განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, არკადიუს მოდრჟევსკი (Prof. Arkadiusz Modrzejewski) – გდანსკის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მატეო გერლინი (Prof. Matteo Gerlini) – ასევე საერთაშორისო და პოლიტიკური მეცნიერებების ექსპერტი სიენას უნივერსიტეტიდან.
ვფიქრობდით, რომ ინტერდისციპლინური კონფერენცია გადამწყვეტ როლს ითამაშებდა თანამშრომლობისა და ინოვაციების ხელშეწყობაში. არც შევმცდარვართ, სხვადასხვა დისციპლინის იდეების შერწყმამ კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის სურვილები გააჩინა, რომელიც აქამდე არ იყო აშკარა ფართო მეცნიერებისთვის და მხოლოდ ქიმიური ტექნოლოგიების ფარგლებში მოიაზრებოდა. მათემატიკური მოდელირების, ხელოვნური ინტელექტის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში ქიმიური ტექნოლოგიების გამოყენების, მდგრადი განვითარების და ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად მკვლევრებმა ერთმანეთის გამოცდილებას ყურადღებით უსმინეს და, ჩვენ, საერთო პრობლემის იდენტიფიცირების, ერთი შეხედვით, თითქოს დაუკავშირებელ სფეროებს შორის კავშირის შესაძლებლობათა მომსწრენი გავხდით. იყო ხმამაღალი ფიქრები ტრადიციულ საზღვრებს მიღმა ინოვაციების კულტურის განვითარების, სპეციფიური სფეროს მიღმა ცოდნის გადაცემის შესახებაც. სწორედ ამიტომ გაადვილდა საუბარი სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალებთან თანამშრომლობითი პარტნიორობის ჩამოყალიბებაზე, ერთობლივი კვლევითი პროექტების შემუშავებასა და რესურსების გაზიარებაზე, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გაამდიდროს კვლევითი ლანდშაფტი გლობალური გამოწვევების მოსაგვარებლად.
– რა პრაქტიკულ ნაბიჯებს ელით ამ კონფერენციიდან?
– პირველ რიგში, ქიმიური და მომიჯნავე დარგების სამეცნიერო სკოლების წარმომადგენელთა კომუნიკაციის გაძლიერებას ერთობლივი კვლევების სფეროში; შემდეგ კი საპარტნიორო ურთიერთობების განვითარებას „Horizon Europe“-ის ფარგლებში ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნის მიზნით; ველით ასევე ერთობლივ პროექტებს, რომლებიც ფოკუსირებული იქნება საწარმოო სექტორში პარტნიორების მოძიებასა და მათ დაინტერესებაზე.
კონფერენციისა და სკოლის მუშაობის დინამიკამ ბუნებრივად წარმოშვა ახალი, მესამე საერთაშორისო კონფერენციის მიმართულება. ვფიქრობთ, ეს იქნება ჰიპერდისციპლინური ფორმატი, რომელიც რეფორმაციული ტექნოლოგიების დაახლოებას მიეძღვნება ლოკალიზებული გადაწყვეტილებებისათვის. ვგულისხმობთ ფორმატს, რომელიც სცილდება ტრადიციულ ინტერდისციპლინურ თანამშრომლობას – მოიცავს დისციპლინების კიდევ უფრო ფართო ინტეგრაციას და თანამშრომლობის დონის გაძლიერებას, ეს იწვევს ტექნოლოგიების გაერთიანებას და აქვს ტრანსფორმაციული ეფექტი წარმოების თუ საზოგადოების კონკრეტული სფეროების სხვადასხვა ასპექტზე. ლოკალიზებულ გადაწვეტილებაში ვგულისხმობთ საქართველოს საჭიროებებს. კონფერენციის გეოგრაფიამ აჩვენა, რომ სრულიად შესაძლებელია – საქართველო გახდეს „აბრეშუმის ცოდნის გზის“ ერთ-ერთი ჰაბი.
– კონფერენციასა და სეზონურ სკოლას სპონსორებიც ჰყავდა…
– პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, ღონისძიების ფარგლებში სეზონური სკოლის კომპონენტის დაფინანსება – ეს იყო ჩვენი და ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის ბაზაზე მომუშავე დოქტორანტების მიერ თსუ-ს შიდა საუნივერსიტეტო სტუდენტური პროექტების კონკურსში გამარჯვების შედეგი. პროექტი წარდგენილი იყო 4 დოქტორანტის მიერ, რაც მათ საერთაშორისო კვლევით სივრცეში ინტეგრირების, სამეცნიერო კვლევების მეთოდოლოგიისა და თანამედროვე მიდგომების გაცნობის სურვილზე მეტყველებს, რაც ძალიან მისასალმებელია.
ღონისძიებას, ასევე, ჰყავდა სპონსორები, კერძო კომპანიები: „კაპაროლი“, „ინოსისტემები“, სერვისების მართვის კომპანია, „ჭონას მარანი“, რამაც, კიდევ უფრო გაუსვა ხაზი ღონისძიების ძირითად ჩანაფიქრს – „იდეიდან დანერგვამდე“ და გააჩინა სხვადასხვა მიმართულება ინდუსტრიასთან თანამშრომლობის გზების გამონახვაზე.
დაბოლოს, რა თქმა უნდა, იყო დაფინანსება თსუ რ.აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის ბიუჯეტიდანაც.
* * *
კონფერენციის პარალელურად სამი დღის განმავლობაში იმუშავა სეზონურმა სკოლამ, რომლის შედეგებზეც გვესაუბრა სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ ცაცანაშვილი
– ქალბატონო მარიამ, რა თავისებურებით ხასიათდებოდა ეს სკოლა და როგორი იყო ახალგაზრდების ინტერესი?
– თვით ის ფაქტი, რომ სეზონური სკოლა თსუ-ს 2023 წლის სტუდენტური პროექტების კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის შედეგად იქნა რეალიზებული, უკვე ახალგაზრდების ინტერესზე მიუთითებს – მიიღონ ახალი ცოდნა და შეიძინონ ტრანსფერული უნარები კონკურენტულ გარემოში კვლევითი თუ პრაქტიკული კარიერის გასაგრძელებლად. სამი დღის განმავლობაში 70-მდე ახალგაზრდა მკვლევარი მონაწილეობდა სკოლის პროგრამით გათვალისწინებულ დისკუსიებში თემებზე: გამოყენებითი კვლევების კულტურა; დარგთაშორისი კვლევები და აგროეკოლოგიური გარემო; ინოვაციების სფეროში საჯარო-კერძო პარტნიორობა.
თემატიკის დაგეგმვა წინასწარი გამოკითხვის შედეგად მოხდა. ამიტომაც მსმენელებს თავიანთი დამოკიდებულება სკოლის პროგრამის მიმართ უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდათ. შესაბამისად, მათი აქტიურობა მაღალი იყო. სეზონურ სკოლაში უცხოელ და ქართველ მეცნიერებთან ერთად მსმენელებმა იმსჯელეს ქიმიური ტექნოლოგიების ახალ მიღწევებზე, მათემატიკური კვლევის ძირითად მეთოდებზე, მოისმინეს გამოცდილ მეცნიერთა წარმატების პირადი მაგალითები, მეცნიერების პოპულარიზაციის ახალი მიდგომები, გაიღრმავეს ცოდნა საგანმანათლებლო-კვლევითი და ბიზნეს-პროცესების ინტეგრაციის შესაძლებლობებზე, ზოგიერმა სტაჟირებაც კი დაგეგმა კვლევითი ინტერესების შესაბამისად; შეხვდნენ საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წევრებს; საბუნებისმეტყველო დარგების, აგრეთვე ინოვაციების მართვის, სამეცნიერო პიარის საკითხებზე მომუშავე თანატოლებს, დაამყარეს კავშირები სამომავლო ერთობლივი პროექტების შექმნის პერსპექტივით. ინოვაციებისა და ცოდნის გადაცემის ფაბ-ლაბში გაეცნენ ჭრის, გრავირების და-3D სკანერების ტექნოლოგიას. აგრეთვე, დრონების ლაბორატორიას და დრონების მეშვეობით სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას.
– რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს სეზონურ სკოლას ცენტრის მხრიდან?
– ცენტრის ფუნქცია დოქტორანტთა და პოსტდოქტორანტთა კვლევების ხელშეწყობაა. ამ ხელშეწყობის მთავარ ქვაკუთხედს ცენტრის მიერ მოქმედი პროეტები „დოქტორანტთა ქსელი“ და „სამეცნიერო სპარინგი“ წარმოადგენს. დოქტორანტთა ქსელის ფარგლებში ჩვენ უზრუნველვყოფთ სამეცნიერო დანადგარებისა და აპარატურის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ამ ინფრასტრუქტურით სარგებლობის კოორდინაციას, ინდივიდუალური პროგრამების შესრულების ხელშეწყობას და კვლევითი საქმიანობის ეფექტურობისათვის დამხმარე სერვისების ორგანიზებას. ეს მიზანი ეხმაურება „ღია მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის“ სამთავრობო პოლიტიკას და სამეცნიერო ელექტრონული პლატფორმის განვითარებას.
ასეთ პირობებში საერთაშორისო წამყვან კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობის ორგანიზებაც შევძელით, რაც ახალგაზრდა მკვლევრებში პრაქტიკის გავლის მოტივაციას ზრდის და შესაძლებლობებს აფართოებს.
რაც შეეხება „სამეცნიერო სპარინგს“ – ეს არის მეცნიერთა და დამწყებ მკვლევართა „შეჯიბრი/ვარჯიში“, – საზოგადოებისთვის შესამჩნევი გახადონ სამეცნიერო პროდუქტი, ხოლო სამეცნიერო აზროვნება – მეტად კომუნიკაბელური. შესაბამისად, ასეთი ვარჯიშები კონკრეტულ თემებზე ონ-ლაინ სივრცეში გაგრძელდება. ეს პროექტი საჯარო მმართველობის დოქტორანტმა დაიწყო, რომელიც ინოვაციების მართვის პრობლემებს ამუშავებდა. ახლა მას ინტერდისციპლინური ურთიერთობის მექანიზმად გამოვიყენებთ.