რექტორის ახალი მოადგილის კახაბერ ჭეიშვილის მრავალმხრივი საქმიანობა უნივერსიტეტის იდეას დაუკავშირდება
ამა წლის 1 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ კახაბერ (კახა) ჭეიშვილი დაინიშნა.
,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორობა არის უდიდესი პატივი და უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნივერსიტეტის წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე; ამავე დროს, შესაძლებლობაც, შენი ცოდნა, გამოცდილება და იდეები მოახმარო საუნივერსიტეტო საზოგადოების განვითარებას, უნივერსიტეტის იდეის მსახურებას. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის რექტორს, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას და ყველა იმ ადამიანს, ვინც ნდობა გამომიცხადა“, – ამბობს კახა ჭეიშვილი.
ბატონი კახა საუნივერსიტეტო სერვისების განვითარების მიმართულებით აპირებს საქმიანობას – იქნება ეს ახალი პროფესიული თუ მომზადება/გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა-განვითარებაზე ზრუნვა, უწყვეტი განათლების სისტემის უფრო მეტი აქტუალიზაციისა და პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა, ახალი საგამომცემლო კონცეფციის შემუშავების პროცესის მხარდაჭერა, თსუ-ს სამუზეუმო მიმართულება, კარიერული განვითარება, საბავშვო უნივერსიტეტი და სხვა უკვე არსებული ან ახალი სერვისების შეთავაზება და მიწოდება საუნივერსიტეტო და ფართო საზოგადოებისთვის.
როგორც კახა ჭეიშვილი ამბობს, ყველა კონცეფცია და საქმიანობა უკავშირდება უნივერსიტეტის იდეას. ,,მე სრულად ვიზიარებ მე-20 საუკუნის გერმანელი ფილოსოფოს-ეგზისტენციალისტის კარლ იასპერსის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ „უნივერსიტეტი ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტად ვლინდება ეპოქის შემეცნება. იქ პროფესორებისა და სტუდენტების სახით უნდა ერთიანდებოდნენ ის ადამიანები, რომელთა პროფესია, უპირველესად, ჭეშმარიტების ძიებაა ჭეშმარიტებისავე სახელით. ჭეშმარიტების ძიება, რომელიც გულისხმობს როგორც მეცნიერის მიღწევებს, ისე უნივერსიტეტში მოსული ადამიანის აზროვნების წესის შემუშავებას, სასურველ შედეგს გამოიღებს პროფესიული ცოდნის შემდგომი გამოყენების საქმეში“. 106 წლის წინ ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა დიდი საზრისი ჩადეს ამ იდეაში, სწორედ ამიტომ იქცა იგი მთელი ქვეყნის საერთო საქმედ და დროში გარდაისახა „ტაძრად“ (თეთრი ტაძარი) და „დედად“ (დედაუნივერსიტეტი). უნივერსიტეტის წარსულის, აწმყოსა და მომავალის მთლიანობა არის ის კონცეფცია, რომელსაც თითოეული ჩვენგანის საქმიანობა უკავშირდება“, – აცხადებს კახა ჭეიშვილი. მისი თქმით, ახალი ვიცე-რექტორის კონკრეტული ინიციატივები და აქტივობები დაუკავშირდება როგორც საკუთრივ მისი საკურატორო მიმართულებების სამომავლო წარმატებას, ისე, ორიენტირებული იქნება თსუ-ს რექტორის მიერ არაერთხელ გაჟღერებული კორპორაციული ერთიანობისა და მთლიანობის იდეის რეალიზაციისკენ.