როგორ გამოვიყენოთ მონაცემთა დაცვის წესები პრაქტიკაში?

თარიღი: 2023-12-04 15:20:50

პროფესორ ლუკ ვერჰეის საჯარო ლექცია თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულმა ფაკულტეტმა ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორ ლუკ ვერჰეის საჯარო ლექციას უმასპინძლა, რომელიც ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსთან და ლეიდენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით პროფესორ რუდოლფ კლევერინგას პატივსაცემად ჩატარდა.

ლეიდენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა კლევერინგამ 1940 წლის 26 ნოემბერს საჯარო გამოსვლაში გააპროტესტა ნაცისტური ოკუპანტი ძალების მიერ ებრაელი კოლეგების და განსაკუთრებით მისი კოლეგის –  მაიერსის სამსახურიდან გათავისუფლება. ამის გამო ის მალევე დააკავეს. მისმა გამოსვლამ სტუდენტების გაფიცვა გამოიწვია. უნივერსიტეტი ნაცისტებმა დახურეს და მთელი ომის განმავლობაში დახურული დარჩა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, პროფესორ კლევერინგას პატივსაცემად, ყოველწლიურად, ლეიდენის უნივერსიტეტის ფონდი მართავს „კლევერინგას ლექციებს“ მსოფლიოს მრავალ ადგილას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია თემაზე: „როგორ გამოვიყენოთ მონაცემთა დაცვის წესები პრაქტიკაში?“ 29 ნოემბერს ჩატარდა. პროფესორმა ვერჰეიმ ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციისა (GDPR) და პრაქტიკაში მისი რეალიზების პერსპექტივები, მათ შორის, 2018 წელს ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციის (GDPR) ძალაში შესვლიდან დღემდე განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და საქართველოზე მათი გავლენა მიმოიხილა.

საჯარო ლექცია თსუ-ს ვიცე-რექტორმა ერეკლე ასტახიშვილმა, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი დგებუაძემ და ნიდერლანდების საელჩოს მისიის ხელმძღანელის მოადგილემ და მრჩეველმა მორის პაულუსენმა გახსნეს. ღონისძიებას  პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლები, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ. 

პროფესორი ლუკ ვერჰეი არის ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორი საკონსტიტუციო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით; 1992 წელს უტრეხტის უნივერსიტეტში მას მიენიჭა დოქტორის ხარისხი ფუნდამენტური უფლებების ჰორიზონტური ეფექტის შესწავლაში, კერძოდ, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან მიმართებით; 1986-1993 წლებში იგი იყო ასისტენტ-პროფესორი როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტსა და უტრეხტის უნივერსიტეტში; 1993-2000 წლებში იყო იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო დეპარტამენტის იურისტი და შემდგომში ამავე დეპარტამენტის მრჩეველი; 2000-2012 წლებში მაასტრიხტის უნივერსიტეტის საკონსტიტუციო და ადმინისტრაციული სამართლის პროფესორი; 2008 წლიდან მაასტრიხტის მონტესკიეს ინსტიტუტის დირექტორი; 2007 წლიდან 2010 წლამდე პროფ. ლუკ ვერჰეი იყო იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო დირექტორატში მრჩეველი, რომელიც პასუხისმგებელია ნიდერლანდების ანტილის კუნძულების საკონსტიტუციო რეფორმის პროექტების მართვაზე; 2011 წლის 1 მარტიდან კი – სახელმწიფო საბჭოს მრჩეველთა დეპარტამენტის წევრი.

Facebook
Twitter
LinkedIn