ანა ტალახაძემ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის სტაჟირება წარმატებით გაიარა

თარიღი: 2023-12-01 18:26:57

თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სტუდენტი  ანა ტალახაძე 35 ქართველ სტუდენტს შორის ერთ-ერთია, რომელმაც  მონაწილეობა მიიღო USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის სტაჟირებაში.

„აქ გავიცანი ადამიანები, რომლებიც  ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე მუშაობენ. შესაძლებლობა მქონდა უკეთ შემესწავლა ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფერო და ის გამოწვევები, რომლებიც დღეს საქართველოს წინაშე დგას. ასევე, გავიგე – რა უნდა განვითარდეს და გაუმჯობესდეს ამ მიმართულებით. ახალგაზრდებს ვურჩევდი, რომ აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და თვალი ადევნონ ახალ მოვლენებს“, – აცხადებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სტუდენტი  ანა ტალახაძე, რომელმაც USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის სტაჟირება წარმატებით გაიარა.

ანამ  თბილისის 24-ე საჯარო სკოლა დაამთავრა და დღეს  ISET-ის  მესამე კურსის სტუდენტია.  ეკონომიკას სწავლობს და ფიქრობს, რომ ამ პროფესიას უფრო სიღრმისეულად დაეუფლოს. ბავშვობიდანვე ჰქონდა სიახლეებისადმი ინტერესი  და ხალხთან ურთიერთობაშიც გახსნილია. ჰუმანიტარული საგნების მიმართ დიდი ინტერესი ჰქონდა, მაგრამ  ნაკლები მიზიდულობა:  „ვგრძნობდი, რომ არ იყო ეს ჩემი მოწოდება, ტექნიკური საგნები უფრო მომწონდა და საბოლოოდ, ალბათ, ამან განაპირობა ჩემი არჩევანიც. დაახლოებით, მერვე-მეცხრე კლასიდან მქონდა გადაწყვეტილი, რა მიმართულებით მინდოდა სწავლის გაგრძელება“, – ასე გახდა  ანა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სტუდენტი, რომელიც აქტიურად ჩაერთო  სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში.  

„USAID-ის პროექტთან დაკავშირებით ინფორმაცია აისეტმა მოგვაწოდა. მეც, როგორც ერთ-ერთი დაინტერესებული სტუდენტი, ჩავერთვე პროექტში ,,გოგონები ცვლილებებისთვის”, რომლის დასრულების შემდგომაც მონაწილეებს შემოგვთავაზეს სტაჟირების გავლა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამაში. გავხდი სტაჟიორი, სადაც უკეთ შევისწავლე საქართველოს ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფერო და ის ცვლილებები, რაც ამ მიმართულებით არის განსახორციელებელი ან უკვე განხორციელებული“, – განაცხადა ანამ, რომელისთვისაც USAID -თან თანამშრომლობა ნაყოფიერი და სასიამოვნო გამოდგა.

„USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამაში მონაწილეობით   განმივითარდა ის უნარ-ჩვევები, რაც ინფორმაციის მოძიებას, დახარისხებასა და შედგენას საჭიროებს, გავიცანი ადამიანები, მათ შორის, ჩემი ხელმძღვანელი რატი დევაძე, რომლებიც აქტიურად არიან ჩაბმულნი ქვეყნის რიგ ეკონომიკურ ძვრებსა და რეფორმებში. USAID-ს მჭიდრო კავშირი აქვს ISET-თან, ისევე, როგორც EBA-სთან, მათთან თანამშრომლობა სასიამოვნო და ნაყოფიერი გამოდგა ჩემთვის, რადგან მომეცა შესაძლებლობა, უკეთ აღმექვა – რა სახის ცვლილებები სჭირდება ქვეყანას იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ დასავლეთის სტანდარტებსა და ღირებულებებს“, – აღნიშნა  ანამ, რომელიც  საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროფინანსური მოდელირებისა და ანალიზის განყოფილებაშიც იყო სტაჟიორად. „აქ ჩემი  ხელმძღვანელი მარიამ ხარაიშვილი იყო, რომელიც  ჩემი ლექტორია და მოხარული ვარ, რომ მისი და სხვა ბევრი პირის სახით ქვეყანას ამდენი კვალიფიციური პირი ჰყავს ქვეყნის ეკონომიკის მართვასა და განვითარებაში, იქნება ეს ფინანსური სტაბილურობის, მაკროეკონომიკური თუ სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით. ეროვნული ბანკისა და USAID-ის პროგრამებმა მასწავლა, როგორი ცვლილებები უნდა დავნერგოთ ქვეყნის წინსვლისთვის“, – ამბობს ანა, რომელსაც უკვე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საკუთარი ხედვა აქვს და ამაში  არც თავისი სასწავლებლის წვლილს და  ამაგს  ივიწყებს.

„დღევანდელი პოლიტიკური თუ ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით,  განსაკუთრებით მნიშნელოვანია გვქონდეს ევროპული ღირებულებები, ვიყოთ აქტიურად ჩართულები სამოქალაქო აქტივობებში, რომლებიც ქვეყნისთვის რეალურ ძვრებსა და სიკეთეს მოიტანს.  დღესდღეობით ქვეყანას ბევრი წარმატებული  სპეციალისტი ჰყავს ეკონომიკური მიმართულებით, რომლებმაც თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა დაამთავრეს  და დარწმუნებული ვარ, მათ რიცხვს კიდევ ბევრი შეემატება“, – აცხადებს ანა, რომელიც არა მარტო საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც მაქსიმალურ განვითარებასა და რეალიზებას ურჩევს ნებისმიერი მიმართულებით, რათა  ქვეყანას რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი ჰყავდეს.  

Facebook
Twitter
LinkedIn