ახალი ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა
თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ერთწლიანი საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამა – საექსპორტო სტრატეგიების მენეჯმენტი (EMBA-EM) – ამოქმედდება.
,,დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სასაქონლო ვაჭრობის დეფიციტი, ანუ იმპორტის ექსპორტზე მეტობა წარმოადგენდა მუდმივ პრობლემას. ექსპორტის წახალისებისათვის გამოიყენებოდა და გამოიყენება სხვადასხვა მეთოდები, თუმცა საექსპორტო ტექნოლოგიების ცოდნა წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას.
ერთი წლის წინ დაიდო მემორანდუმი თსუ-სა და ,,აწარმოე საქართველოში” სააგენტოს შორის. სამაგისტრო პროგრამის შექმნის ძირითადი მიზანია აღჭურვოს მაგისტრები საჭირო უნარებითა და ცოდნით გლობალურ გარემოში ფუნქციონირებადი ბიზნესის მენეჯმენტის ისეთ სპეციფიკურ საკითხებზე, როგორებიცაა, საექსპორტო ოპერაციების წარმოება, მოლაპარაკებების მართვა, გლობალურ გარემოში პროექტების მართვის სპეციფიკა და სხვა“, – აღნიშნავს თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე.
ასეთი ტიპის პროგრამის შექმნა ძალიან წაადგება ექსპორტით დაინტერესებულ პრაქტიკოსს მენეჯერებს. ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამის გავლისას აქცენტი გადატანილია პრაქტიკული უნარების დახვეწაზე.
,,ერთწლიანი ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამები გათვლილია პრაქტიკული გამოცდილების მქონე მენეჯერებზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ პრაქტიკულად საქართველოში მოქმედ ყველა საწარმოს უნდა, რომ გავიდეს მსოფლიო ბაზარზე და მოახდინოს პროდუქციის ექსპორტირება, პროგრამის სამიზნე აუდიტორია საკმაოდ ფართო იქნება.
მაგისტრანტები შეისწავლიან ექსპორტთან დაკავშირებულ ფართო სპექტრის საკითხებს, გაეცნობიან საექსპორტო ბაზრების შერჩევის პროცესებსა და პროცედურებს, საექსპორტო პროდუქტის მზადყოფნის შეფასებას. ექსპორტი რთული და მრავალწახნაგოვანი ამოცანების გადაწყვეტას მოითხოვს, სადაც კომპლექსურობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. მიწოდების არხის შერჩევა განპირობებულია ბაზარზე შესვლის შესაბამისი ფორმის არჩევით, რაც მოიცავს საექსპორტო პროდუქტის შეფუთვის თავისებურებებს და ეს ყველაფერი გავლენას ახდენს საექსპორტო ფასზე.
აქვე შეგახსენებთ, რომ საგანმანათლებლო პროგრამამ სტუდენტების მიღებამდე უნდა გაიაროს სტანდარტული სააკრედიტაციო პროცედურები, ასევე განათლების სამინისტრო გეგმავს მოაწესრიგოს პროგრამაზე დაშვების წინაპირობები. კერძოდ, პროგრამაზე სწავლის მსურველებს არ უნდა მოეთხოვებოდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა. ამ პროცესების დასრულების შემდეგ პროგრამაზე სწავლის მსურველთა რიცხვი საკმაოდ მაღალი იქნება.
აღნიშნულ პროგრამაზე სწავლის საფასური სტანდარტულია – 2250 ლარი ერთი სასწავლო წლისათვის, ანუ მთლიანად საგანმანათლებლო პროგრამისათვის“, – აცხადებს გიორგი ღაღანიძე.