თსუ-ს პროფესორებს შალვა ნუცუბიძის სახელობის პრემია მიენიჭათ
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით, გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემია ფილოსოფიაში (შალვა ნუცუბიძის სახელობის პრემია) თსუ-ს ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტის პროფესორებს ანასტასია ზაქარიაძეს, ირაკლი ბრაჭულს, დემურ ჯალაღონიას, ვალერიან რამიშვილს და თეოლოგიის დოქტორ დეკანოზ ალექსი ქშუტაშვილს მიენიჭათ 2022 წელს დაბეჭდილი სამი წიგნისთვის: „ანთიმოლოგიური შტუდიები – ტრადიცია და პერსპექტივები“, „ანთიმოზ ივერიელი – თხზულებები, ტომი II“ და ,,ანთიმოზ ივერიელის რჩეული თხზულებების სამენოვანი ქართულ-რუმინულ-ინგლისური პარალელური ტექსტების კრებული“. სამივე წიგნის სამეცნიერო რედაქტორები და რეცენზენტები ქართველი და უცხოელი დარგის სპეციალისტები – ფილოსოფოსები და თეოლოგები არიან.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პროფესორთა ამ ჯგუფის ინიციატივით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2008 წლიდან დაიწყო ანთიმოზ ივერიელის შემოქმედების ფუნდამენტური შესწავლა, მოეწყო არაერთი საერთაშორისო ფორუმი და გამოიცა სამეცნიერო კვლევების არაერთი ტომი, მათ შორის, გამოცემა ანთიმოზ ივერიელის თხზულებათა პირველი ტომი, რომელშიც განთავსდა პირველად ქართულ ენაზე თარგმნილი და აკადემიური აპარატურით აღჭურვილი ტექსტები.
გვესაუბრება თსუ-ს ფილოსოფიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი,
პროფესორი დემურ ჯალაღონია
,,უცხოეთში მოღვაწე დიდი ქართველი მოაზროვნისა და მოღვაწის შემოქმედების არსებითი ნაწილების შტუდირება იმთავითვე გულისხმობდა ანთიმოზ ივერიელის მემკვიდრეობის კვლევას, მათ შორის, ქართული ფესვების ძიებას, რადგანაც ეს ადექვატური საშუალებაა ქართული კულტურის, როგორც ევროპულის განუყოფელი ნაწილის, რეპრეზენტაციისათვის და იმის ჩვენებისათვის, რომ ქართული კულტურა დღესაც ღიაა დიალოგისათვის და მას აქვს შინაგანი რესურსი მისი წარმატებული განხორციელებისათვის. დღესაც ამით არის განპირობებული ანთიმოზ ივერიელის მემკვიდრეობის სისტემური შესწავლის აქტუალურობა. ანთიმოზ ივერიელი არ არის მხოლოდ ისტორიული პიროვნება, რომლითაც შეიძლება ვიამაყოთ. იგი თანამედროვე საქართველოსათვის უცხო კულტურის გაგების, პატივისცემის, კულტურათა დიალოგისა და თანამშრომლობის ნიმუშს წარმოადგენს. წარმოშობით ერთი იდენტობის მატარებელი მეორე კულტურის ერთგულ და აქტიურ წევრად იქცა. ეს განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც ამდენი ქართველი იძულებულია იცხოვროს საქართველოს გარეთ. ანთიმოზ ივერიელის სახით ჩვენ გვაქვს ევროპულ კულტურასთან ურთიერთობის, მისი წარმატებით ათვისებისა და უახლესი მიღწევების გადმოღების მაგალითი.
წმინდა ანთიმოზ ივერიელის მოღვაწეობა არის კულტურათა და იდენტობათა თავისუფალი, პროდუქციული კომუნიკაციის მოდელი, ინტერკულტურული სივრცის ღირსეულ წევრად გახდომის მაგალითი. წარმოდგენილ ნაშრომებში ანთიმოზ ივერიელის შემოქმედების კვლევის სააზროვნო ჰორიზონტი თანამედროვე კონტექსტში რამდენიმე მიმართულებით არის გაიხსნილი; მათ შორის, ცხადია, ყველაზე აქტუალურია ცივილიზაციათა ინტერკულტურული დიალოგის ვექტორი. ანთიმოზ ივერიელმა ისლამური და ქრისტიანული ცივილიზაციების შეჯახების შუაგულში შესძლო განეხორციელებინა კულტურათა დიალოგის სტრატეგია. ეს საკონკურსოდ წარმოდგენილ სამ წიგნში ნათლად ჩანს.
საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაშრომით საქართველოში საფუძველი ჩაეყარა ახალ მიმართულებას მეცნიერებაში – ანთიმოლოგიურ შტუდიებს, ხოლო მსოფლიო მეცნიერებაში დაიწყო ახალი ეტაპი ამ სფეროში“.