,,TSU – ქველმოქმედება“ – ამ სახელწოდების ახალი სტუდენტური ფეისბუქ-ჯგუფი შეიქმნა

თარიღი: 2023-11-28 17:57:08

,,TSU students” – ასე ჰქვია შექმნილ ჯგუფს სოციალურ ქსელში, რომელსაც 31 000-მდე მომხმარებელი ჰყავს. ამ ჯგუფს ამჟამად კურირებს თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი გიგა ბენია, რომელსაც ჯგუფის მართვაში სტუდენტები – ლიკუნა გაჩეჩილაძე და ვაჟა ღურწკაია ეხმარებიან.

სიახლეა ის, რომ ამ სტუდენტების ინიციატივით, სულ რამდენიმე დღის წინ, შეიქმნა ახალი დახურული ფეისბუქ-ჯგუფი სახელწოდებით  ,,TSU – ქველმოქმედება“, რომლის ლოზუნგია: ,,არაფერია იმაზე კარგი შეგრძნება, რასაც სიკეთის კეთებისას შეიგრძნობს ადამიანი“. როგორც ჩვენთან საუბარში გიგა ბენია განმარტავს, ახალი დახურული ჯგუფის შექმნის მიზანია სტუდენტებისთვის მატერიალური და ფინანსური დახმარების გაწევა, გარდა იმისა, რომ სტუდენტთა ეს გუნდი უნივერსიტეტის სტუდენტებს ყველა მათთვის საჭირო კითხვებზე ინფორმაციას აწვდის.

,,TSU students  – ამ ჯგუფის შექმნის არსი ის არის, რომ, თუნდაც, პირველკურსელებს ან ნებისმიერი კურსის სტუდენტს დახმარება გავუწიოთ ბევრ საკითხში, რაზეც მათ ინფორმაცია, ხშირ შემთხვევაში, არ აქვთ. მე რომ ვიყავი პირველკურსელი, ვერ გავერკვიე გამოცდების სტრუქტურაში და ჩემი შესაბამისი შეკითხვების გამოქვეყნების შემდეგ სწორედ ეს ჯგუფი დამეხმარა გზის გაკვალვაში.

ჯგუფში დღეს ბევრი სტუდენტი წერს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უჭირს, არ აქვს ტანსაცმელი, საჭმელი და ა.შ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ახალი ჯგუფის გაკეთება ქველმოქმედებისთვის. ჩვენ სტუდენტურ თვითმმართველობასთან ერთად უნდა მოვახდინოთ ხოლმე იდენტიფიცირება ამ ჯგუფში დაწერილი მომართვიანობის ავტორებისა. მხოლოდ თსუ-ს სტუდენტებს იმიტომ ვეხმარებით, რომ მათი იდენტიფიცირება შესაძლებელია ჩვენ მიერ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ წერილს ბევრი აგზავნის ანონიმურად“, – ამბობს გიგა ბენია.

როგორც გავარკვიეთ, მაგალითად, ერთ-ერთი სტუდენტის მიერ ჯგუფში გამოქვეყნებული წერილის საფუძველზე გიგა ბენიას ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაუკავშირდა და გამოთქვა დახმარების სურვილი. ჯგუფის მოდერატორების შუამდგომლობით ეს სტუდენტი უკვე ყოველთვიურ დახმარებას იღებს აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციისგან.

,,ეს თავისუფალი ჯგუფია და ყველას შეუძლია დაეხმაროს ერთმანეთს. ჩვენ ეს ჯგუფი მოხალისეობის ფორმატით გვაქვს შექმნილი და არავისზე დამოკიდებული არ ვართ“, – აცხადებს ჩვენთან საუბრისას გიგა, რომელსაც ადამიანების მხრიდან უნივერსიტეტის სტუდენტების დახმარებისადმი კეთილი ნების გამოხატულების იმედი აქვს.

Facebook
Twitter
LinkedIn