ნინო ტყეშელაშვილის გახსენება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოაკლდა დიდი მოამაგე უნივერსიტეტელი ნინო ტყეშელაშვილის სახით.
ნინო ტყეშელაშვილმა 1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, 1987-1988 წლებში გამოყენებითი მათემატიკის კათედრის თანამშრომელია და ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. ამის შემდეგ სხვადასხვა დროს მუშაობდა კავშირგაბმულობის სამინისტროს გამოთვლით ცენტრში სისტემურ პროგრამისტად, მოგვიანებით კი პროგრამირების განყოფილების გამგედ, 2002-2009 წლებში ახალი ქსელების საინფორმაციო სამსახურის უფროსია.
2010 წლიდან იგი უბრუნდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანაშემწის პოზიციაზე, 2016 წლიდან კი იკავებს სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ჯერ უფროსის, ხოლო შემდეგ – მთავარი სპეციალისტის პოზიციას.
უნივერსიტეტში მისი საქმიანობა არ შემოიფარგლებოდა მკაცრად გაწერილი მოვალეობების შესრულებით. იგი უწევდა დახმარებასა და თანადგომას ნებისმიერ ადამიანს – კოლეგებს, სტუდენტებსა თუ აკადემიურ პერსონალს როგორც სასწავლო, ასევე, საორგანიზაციო პრობლემების მოგვარებაში. იყო ახალგაზრდების საიმედო მრჩეველი, საკუთარი წვლილი შეჰქონდა ფაკულტეტის საერთო ღირებულებების ჩამოყალიბებასა და თანამშრომლობითი გარემოს შექმნაში, იყო მრავალი საუნივერსიტეტო პროექტისა და ღონისძიების ინიციატორი და აქტიური მონაწილე, იძლეოდა მოქალაქეობის, ქველმოქმედებისა და ტოლერანტობის პირად მაგალითს.
მის მოულოდნელ გარდაცვალებას დიდი გულისტკივილით გამოეხმაურა უამრავი სტუდენტი, პედაგოგი, კურსდამთავრებული. დიდხანს შემორჩება მათ მეხსიერებას ყველასთვის ღია და მუდამ ხალხმრავალი 305-ე აუდიტორია და გულისხმიერი ადამიანი, რომელიც აქ ხვდებოდათ.