ქართველ სტუდენტებს უნივერსიტეტების მიერ შეთავაზებული სასწავლო განრიგი ხელს უშლით დასაქმებაში

თარიღი: 2023-11-22 13:46:55

დღეს ქართველი სტუდენტებისთვის დასაქმება დიდი პრობლემაა. შეიძლება შრომით ბაზარზე სამსახური ბევრია, თუმცა, თითქმის შეუძლებელია ისეთი ვაკანსიის პოვნა, რომელზეც სტუდენტი შეძლებს, რომ მოარგოს სწავლა, აუწყოს ფეხი უნივერსიტეტსაც და სამსახურსაც.

„18 წლის როცა გავხდი, მაშინვე დავფიქრდი სამსახურზე, ვიფიქრე უნივერსიტეტში ჩავაბარებდი და შემდეგ გრაფიკს შევუთავსებდი სამსახურსაც“, – ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი (მას არ სურს ვინაობის გამხელა). სტუდენტის თქმით, რეალობა სხვანაირი აღმოჩნდა. მისი მთავარი პრობლემა იყო ის, რომ უნივერსიტეტში ლექცია-სემინარები ხან შუადღეს ჰქონდა, ხან დილით, ხან კი საღამოს, შესაბამისად, რთული იყო სამსახურის მოძებნა, რომელიც ამას მოერგებოდა. სტუდენტის აზრით, ასეთ სისტემაში ცხოვრება ძალზე რთულია, რადგან ბინის ქირისა თუ უნივერსიტეტის გადასახადი ნამდვილად არ არის ცოტა. ახალგაზრდებს კი ბევრი სხვა რამეც სჭირდებათ.

რეალურად ეს არ არის მხოლოდ ერთი სტუდენტის პრობლემა, არამედ საქართველოში ახალგაზრდობას მუდმივად აწუხებს აღნიშნული თემა. დამსაქმებლებს არ აწყობთ ისეთი თანამშრომლის  აყვანა, რომელსაც არეული სასწავლო გრაფიკი აქვს, რადგან ასეთ შემთხვევაში რთულია პარალელურად საქმის კეთება. დამსაქმებლებს ურჩევნიათ ისეთი თანამშრომლის პოვნა, რომელსაც თავისუფალი გრაფიკი აქვს და შეუძლია, რომ მთლიანი დღე დაუთმოს სამსახურს. ამ შემთხვევაში კი იჩაგრება სტუდენტი, რომელსაც შეიძლება ძალიან სჭირდებოდეს დასაქმება, თუმცა გრაფიკის გამო უარს ამბობს ამ შესაძლებლობაზე.

კავკასიის უნივერსიტეტში მესამე კურსიდან სტუდენტებს შეუძლიათ სამსახურის დაწყება, რადგან ყველა ლექცია  საღამოს ეწყებათ. ,,პირველსა და მეორე კურსზე ვერანაირად ვერ დავიწყე მუშაობა, ძალიან რთული იყო. მთელი დღე ლექციები მქონდა, შემდეგ კი  – ძალიან ბევრი სამეცადინო და, ფაქტობრივად, დრო ძილისთვისაც კი არ მრჩებოდა“, – ამბობს კავკასიის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი. მისი თქმით, უკვე მესამე კურსიდან ძალიან გაუადვილდა მუშაობის დაწყება, რადგან გრაფიკი ძალზე მორგებული გახდა: ,,დილის 9 საათიდან 4-მდე ვმუშაობ, შემდეგ კი მივდივარ ლექციაზე, ამიტომ არც სამსახურს ვაზარალებ და არც უნივერსიტეტს, რადგან არცერთი გაცდენა არ მიწევს“.

აშკარაა, რომ ასეთი სისტემა ნამდვილად მუშაობს, თუმცა საქართველოში ძალიან ცოტაა იმ უნივერსიტეტების რიცხვი, რომელიც სტუდენტის საჭიროებას ითვალისწინებს და სწავლის გრაფიკს არგებს მას. ნახევარ განაკვეთზე სამუშაოს მოძებნაც რთულია, რაც ასევე მიუთითებს იმაზე, რომ სტუდენტების გასაჭირზე ნაკლებად თუ ფიქრობენ დამსაქმებლები. ასეთი მიდგომების გამოა სწორედ, რომ ახალგაზრდებში მატულობს უარყოფითი განწყობები ყველას და ყველაფრის მიმართ. გამოსავალი, ამ ეტაპზე, არ ჩანს“, – ამბობს თსუ-ს სტუდენტი.

თორნიკე ელაშვილი

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი

Facebook
Twitter
LinkedIn