თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა წარმატებული მონაწილეობა უკრაინაში გამართულ კონფერენციებზე
თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები რამდენიმე წელია აქტიურად მონაწილეობენ კიევის ვადიმ ჰეტმანის სახელობის ეროვნული ეკონომიკის უნივერსიტეტის (KNEU) ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის, მენეჯმენტის კათედრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებში.
ამ ორი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, ასოცირებული პროფესორის ინეზა გაგნიძისა და დოცენტ ტატიანა სობოლევას თანამშრომლობა უკვე ათ წელზე მეტია გრძელდება. სულ ცოტა ხნის წინ გაიმართა ინტერნეტ-კონფერენცია „ბიზნეს სტრატეგია: უკრაინის რეალობა და ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობები“. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ უკრაინიდან, გერმანიიდან, პორტუგალიიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან და ინდოეთიდან.
კონფერენციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა და დოქტორანტებმა.
ასოცირებულმა პროფესორმა ინეზა გაგნიძემ წარადგინა მოხსენება თემაზე „კლასტერული მიდგომა წრიული ეკონომიკისთვის“. საზოგადოდ, კლასტერები რამდენიმე ათეული წელია აქტიურად განიხილება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. კოვიდ პანდემიამ და გაურკვეველმა მომავალმა, გარკვეულწილად, შეაფერხა კვლევის მრავალი სფერო, მათ შორის, კლასტერების კვლევაც. მოხსენებაში ავტორი შეეცადა წარმოედგინა არგუმენტები წრიული ეკონომიკის ფორმირების პროცესში კლასტერების განსაკუთრებული როლის შესახებ.
კონფერენციას რამდენიმე ქართველი მომხსენებელი ჰყავდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან: ასოცირებული პროფესორი ეკა ლეკაშვილი და თსუ-ს დოქტორანტი მარიამ ბიწაძე, რომლებმაც წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე: „სამეცნიერო და ტექნოლოგიური პარკები: სამეცნიერო და ბიზნეს სექტორს შორის ცოდნისა და ტექნოლოგიების ეფექტიანი გადაცემის მექანიზმი“. მოხსენებაში ყურადღება გამახვილდა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე იმ სტპ–ზე, რომლებიც ფორმირებულ იქნა უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების ბაზაზე, ასევე, სამთავრობო ინიციატივებზე დაყრდნობით, კერძოდ: ბელგია (გენტის უნივერსიტეტის სამეცნიერო პარკი); ირლანდია (ათლონის ბიზნესისა და ტექნოლოგიების პარკი); დანია (კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სტპ); ჩეხეთი (პილსენის სტპ); სლოვენია (ლუბლიანას ტექნოლოგიური პარკი) და ესტონეთი (ტალინის სამეცნიერო პარკი). ავტორებმა გამოავლინეს სამეცნიერო და ტექნოლოგიური პარკების საერთო მახასიათებლები და განსხვავებები; განიხილეს სამეცნიერო და ბიზნეს სექტორს შორის ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემის პროცესში არსებული გამოწვევები.
თსუ-ს ასისტენტ-პროფესორმა თამარ ლაზარიაშვილმა წარადგინა მოხსენება თემაზე: „აგრარული სექტორის განვითარება ციფრული ეკონომიკის პირობებში“. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობას გააჩნია მნიშვნელოვანი სამეწარმეო და ინოვაციური პოტენციალი. მან განიხილა ციფრული ეკონომიკის გავლენა აგრარული სექტორის განვითარებაზე და ჩამოაყალიბა არსებული გამოწვევები და ინოვაციური მხარდაჭერის ფორმები და მექანიზმები. ხაზი გაესვა ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის მიზანშეწონილობას აგრარულ სექტორში.
თსუ-ს დოქტორანტმა ლელა ადუაშვილმა (მეცნიერ-ხელმძღვანელი, პროფესორი ეთერ ხარაიშვილი) კონფერენციაზე წარადგინა თემა: „კონკურენცია ბოსტნეულის ბაზარზე კონფრონტაციული გავლენის პირობებში“, სადაც განიხილა გლობალური კონკურენცია ბოსტნეულის ბაზარზე რეგიონულ და სახელმწიფოებრივ ჭრილში; კონფრონტაციული გავლენის შედეგები ბოსტნეულის გლობალურ ბაზარზე; შეაფასა COVID-19-ის პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის გავლენა ბოსტნეულის გლობალურ ბაზარზე; კვლევის შედეგად ჩამოაყალიბა რეკომენდაციები.
წარმატებული იყო თსუ-ს დოქტორანტის ბექა ბაიაშვილის (მეცნიერ-ხელმძღვანელი ასოც. პროფ. ი. გაგნიძე) გამოსვლა კონფერენციაზე, რომელმაც წარადგინა მოხსენება თემაზე „წრიული ეკონომიკის შეფასება: ინდიკატორები და გამოწვევები“, სადაც გააანალიზა წრიული ეკონომიკის ძირითადი შესრულების მაჩვენებლები (KPI) ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ წრიული ეკონომიკის ინდიკატორების სიიდან, განიხილა ინდიკატორები ზოგად ჭრილში და შეაფასა, თუ რამდენად დეტალურია ეს ინდიკატორები და რისი გაუმჯობესება შეიძლება წრიული ეკონომიკის უკეთესი შეფასებისთვის.
აღსანიშნავია თსუ-ს დოქტორანტების აქტიურობა იმავე უკრაინული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სტუდენტთა IV საერთაშორისო კონფერენციაზე „მენეჯმენტი: გამოწვევები და პერსპექტივები“, რომელიც 2023 წლის 17 ნოემბერს ასევე ინტერნეტ-ფორმატით (Zoom პლატფორმის გამოყენებით) ჩატარდა. ამ კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში იყვნენ პროფესორები უკრაინიდან, გერმანიიდან, პორტუგალიიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან და ინდოეთიდან.
თსუ-ს დოქტორანტმა ბექა ბაიაშვილმა (მეცნიერ-ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ინეზა გაგნიძე) წარადგინა მოხსენება თემაზე „სწორხაზოვნიდან წრიულზე: ორგანიზაციული ტრანსფორმაცია“, სადაც შეეხო სწორხაზოვანი ეკონომიკიდან წრიულ ეკონომიკაზე გადასვლის გამოწვევებს. ასევე, განიხილა ის ზოგადი გზა, რომელიც უნდა გაიაროს ორგანიზაციამ, წრიულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში. მსმენელთა აუდიტორიიდან დაისვა შეკითხვები, რაზეც ბექამ დასაბუთებული პასუხები გასცა.
თსუ-ს დოქტორანტმა ლელა ადუაშვილმა სტუდენტურ კონფერენციაზე წარადგინა თემა „ციფრული სოფლის მეურნეობის განვითარების ტენდენციები საქართველოში“.
კიევის ვადიმ ჰეტმანის სახელობის ეროვნული ეკონომიკის უნივერსიტეტის (KNEU) ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ ორივე კონფერენციაში თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორებისა და დოქტორანტების მონაწილეობა წარმატებული იყო. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები ძალიან საინტერესო და აქტუალური იყო. უკრაინულ მხარესთან ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და როგორც ორგანიზატორები იმედოვნებენ, კონფერენციები სამომავლოდ ჩატარდება კიევში, როცა უკრაინის თავზე მშვიდობიანი ცა იქნება…