ლუკა მამალაშვილი: უნივერსიტეტი მხოლოდ სასწავლო დაწესებულება არ არის…

თარიღი: 2023-11-16 19:09:58

ლუკა მამალაშვილი თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია და უკვე მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული – საით უნდა მიმართოს საკუთარი ინტერესები. მანამდე კი, სანამ მიზნისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს, ჩვენთან საუბარში უნივერსიტეტზე და იმ ცოდნის მნიშვნელობაზე საუბრობს, რომელმაც მას მომავლის გზა უნდა გაუკვალოს.

სასწავლო პროცესი მისთვის საკმაოდ შრომატევადი და ჰუმანიტარული დისციპლინებით დატვირთული აღმოჩნდა, თუმცა, მიიჩნევს, რომ ლოგიკურია – ამ სპეციალობის წარმომადგენელი ინტენსიურად იყოს დაკავებული ენათმეცნიერული თუ კომპარატივისტული ძიებებით. „თამამად შემიძლია ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ენათმეცნიერული საკითხების შესწავლა ნერვების ფასად დამიჯდა (და ამის მიზეზი მეც კარგად ვიცი და ამ ძვირფასმა დისციპლინამაც), ლიტერატურათმცოდნეობითმა დარგებმა დიდი გავლენა იქონიეს ჩემზე; განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის ლექციები, რომლებმაც მაიძულა როგორც ქართული, ასევე, უცხოური და, რაც მთავარია, ნებისმიერი ეპოქის უკვდავი ლიტერატურული ძეგლები შემესწავლა“, – ამბობს ლუკა.

კითხვაზე – რა პრობლემებს გამოყოფდა სასწავლო პროცესში, ლუკა ამბობს, რომ უჭირს ამაზე საუბარი, რადგან მისთვის არც უნივერსიტეტია მხოლოდ სასწავლო დაწესებულება და არც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – მხოლოდ დარგობრივი მიმართულება.

„ამ კედლებს იქით იმალება ის დიდი ისტორია, რომელსაც ეყრდნობა ჩვენი დღევანდელობა და რომელიც დღესაც ცოცხალია. სწორედ ეს არის მიზეზი, თუ რატომ ვირჩევთ თსუ-ს.

ამ უნივერსიტეტს ევალება, შეინარჩუნოს ეს საგანძური, ოქროზე უფრო ძვირადღირებული ისტორიები და ჩვენი ენისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარგები, რომელიც მუდამ გვახსენებს – ქართველები  ვართ პატარა, მაგრამ ამავე დროს ძალიან დიდი ერი. ამაში კი წვლილი, ჩვენს უნივერსიტეტსაც მიუძღვის“, – ასე გვიხსნის ლუკა იმ არჩევანის მართებულობას, რომელიც მან აბიტურიენტობისას გააკეთა,  დღეს კი  ეამაყება, რომ  იმ კედლებში უწევს ცოდნის მიღება, რომლის პროფესურასთან ლექციებზე ჯდომა დიდი ფუფუნებაა.

ლუკას მოტივაცია იმ ადამიანების ცხოვრებაა, რომლებმაც სტუდენტობის გზა უკვე გაიარეს და წარმატებულები გახდნენ. მარცხზე არასოდეს ფიქრობს, მიაჩნია, რომ ესეც ის ფაქტორია, რომელმაც უკეთ უნდა ასწავლოს ცხოვრება და მიზნისკენ სიარული. ამ ეტაპზე კი მთავარი ისაა, რომ ლუკა აფასებს საკუთარ არჩევანს და პატივს სცემს იმ საქმეს, რომელშიც თავს უკვე კომფორტულად გრძნობს. „პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანი უნარია. ეს არის გააზრება იმისა, რომ იტვირთო იმდენი, რამდენიც შეგიძლია. მე ჩემი საქმიანობა მეხმარება – დავაჩქარო საკუთარი  მიზნების  ჩამოყალიბების პროცესი და განვსაზღვრო ის სივრცეები, სადაც სრულად მოვახერხებ რეალიზებას“, – გვითხრა ლუკამ.

Facebook
Twitter
LinkedIn