მარიამ ბულისკერია, რომელიც 7 ენას ფლობს, სწავლას ვენეციაში გააგრძელებს
თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის მესამე კურის სტუდენტს მარიამ ბულისკერიას, რომელიც გაზაფხულის სემესტრში სწავლას ვენეციის Ca’Foscari University-ში გააგრძელებს, ინგლისურისადმი სიყვარული და მონდომება დაეხმარა მიზნის მიღწევაში.
,,ენების შესწავლა ყოველთვის მომწონდა, ვუყურებდი სხვადასხვა გადაცემებს, მხიბლავდა ამ ენის ფონეტიკური აგებულება და თანდათან შემიყვარდა. ყველაფერი იწყება იდეის გაჩენით და მონდომებით, ფოკუსირებული ვიყავი ჩემს მიზანზე, ამის გამო მომიწია ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარება. კარგი შეფასების მიღების შემდეგ, თსუ-ს ოფიციალურ გვერდზე დაიდო უნივერსიტეტების ჩამონათვალი, საიდანაც ჩემთვის სასურველი ვენეციის ერთ-ერთი უნივერსიტეტი ამოვარჩიე და გაზაფხულის სემესტრში იქ ვისწავლი ინგლისურს, ლინგვისტიკას და ლიტერატურას”, – ამბობს მარიამი.
ჩვენი რესპონდენტი საუბრობს იმ ემოციებსა და მოლოდინზე, რაც ვენეციაში სწავლისას ელოდება – ,,დღეებს და საათებს ვითვლი უკვე, სხვა პერსპექტივიდან დავინახავ ჩემს პროფესიას, გავეცნობი კულტურას, სხვა სტუდენტებს, ვისწავლი მეტ დამოუკიდებლობას და ბევრ საინტერესო მოგონებას დავაგროვებ, ამ ყველაფრისთვის გაცვლითი პროგრამა საუკეთესო საშუალებაა, თანაც ენა ისეთი ფენომენია, ხშირად თუ არ ისაუბრე, დაგავიწყდება.
მე ამჯერად 7 ენას ვფლობ: ინგლისურს, გერმანულს, სლოვაკურს, ჩეხურს, იტალიურს, ლათინურს და ბერძნულს”, – თქვა მარიამმა.
მარიამი იმასაც აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტი და ლექტორები მას განსაკუთრებულად ეხმარებოდნენ მიზნის მიღწევაში. ,,ყველაზე დიდი მხარდაჭერა და ყურადღება იგრძნობოდა ყველა ლექტორისგან… რომ არა ისინი, ჩემი ცხოვრების ეს პერიოდი ასეთი ორგანიზებული არ იქნებოდა. ყოფილა შემთხვევა, როცა საზღვარგარეთ ჩემს უნივერსიტეტში ნასწავლი მასალა გამომიყენებია და ხშირად უთქვამთ, რომ ამდენი რამ საიდან იციო?! – ეს კი თსუ-ს დამსახურებაა. უნივერსიტეტის საშუალებით, როგორც უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე, ერთი თვით ბრატისლავაშიც წავედი. ეს დროც დაუვიწყარი ზღაპარივით იყო. იქაც სახალისო იყო ენის სწავლა – ,,თამაშ-თამაშით’’, ისე, რომ არ გვწყინდებოდა და პროცესიც უფრო საინტერესოდ გვეჩვენებოდა. სწავლების ასეთ მეთოდს თავისი ხიბლიც აქვს – სწავლის დროს არ იღლები და საგანმანათლებლო გარემოც სტრესული არ არის’’, – აღნიშნავს მარიამ ბულისკერია.
ვის მოაწონა თავისი ნახატები მარიამ ბულისკერიამ?
ენების შესწავლის გარდა, მარიამ ბულისკერია ხატავს და მისი ნამუშევარი ამერიკის ყოფილი ელჩის იან კელის პერსონალურ გამოფენაზეც აღმოჩნდა.
,,პერსონალური გამოფენა არ მქონია, თუმცა, სხვადასხვა გამოფენაზე ჩემი ნამუშევრები გამიტანია: მაგალითად, 15 წლის რომ ვიყავი, დავხატე ძველი თბილისის სერაფიმები, რომელიც ელენე ახვლედიანის ბავშვთა საგამოფენო სივრცეში იყო განთავსებული. ნახატი ამერიკის ყოფილ ელჩს იან კელის მოეწონა და თავის პერსონალურ გამოფენაზეც გაიტანა. ეს იყო უდიდესი ბედნიერება ჩემთვის. ასევე, უკრაინაშიც, ოლიმპიურ თამაშებზეც იყო ჩემი ნამუშევრები წარდგენილი. პატარა ვიყავი, როცა სამხატვრო სკოლაში ვსწავლობდი და ექვსწლედი დავამთავრე. მიხარია, რომ მას შემდეგაც აქტიურად ვიყენებ ჩემს ცოდნას და დღემდე ვხატავ“, – გვიამბობს მარიამი.
მარიამი იმ ეტაპებსაც აღნიშნავს, თუ როგორ ქმნის სხვადასხვა ნამუშევარს: ,,ხატვა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ის მეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებას გავექცე, ამ დროს სულ სხვა სამყაროში ვარ. როცა ვიღებ ჩემს ფუნჯს ან ფანქარს, ცარიელი თეთრი სივრცე უცებ ხდება იდეების წყარო… კონცეფციასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ხატვაში წესები ზოგჯერ უკანა პლანზე იწევს და ვხატავ ისე, როგორც ჩემი იმდროინდელი ემოცია მიკარნახებს“, – ამბობს რესპონდენტი.
ანი როსტიაშვილი
თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი