ნათია ზასოხაშვილს თსუ-ში ლექტორობის დიდი სურვილი აქვს
თარიღი: 2023-11-13 20:36:20
ნათია ზასოხაშვილი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორეკურსელია, შინაგან საკუთარ ,,მე“-ს უსმენს გადაწყვეტილებების მისაღებად და ამბობს, რომ ეს გზა ხშირად ამართლებს.
ნათია გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ კითხვებს პასუხობს:
- მოგწონს თუ არა პროფესია, რომელიც აირჩიე?
- ვთვლი, რომ სწორედ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. თავიდანვე არ მქონდა გადაწყვეტილი ქართული ფილოლოგიის პროგრამაზე სწავლა, თუმცა, ბავშვობიდანვე ჩანდა ჩემი მიდრეკილება წიგნებისადმი – ძალიან მიყვარს კითხვა და ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი, რის გამოც ეს პროფესია ავირჩიე, სწორედ ეს გახდა. საბოლოო გადაწყვეტილება მაინც აბიტურიენტობის დროს მივიღე და ეს გადაწყვეტილება უკვე მტკიცე იყო, მას შემდეგ აზრი აღარც შემიცვლია. ბავშვობაში ხშირად ვთამაშობდი მასწავლებლობანას, მაგრამ მაშინ არც კი ვიფიქრებდი, რომ თამაში რეალობად მექცეოდა… სკოლაშიც ქართული ლიტერატურის კითხვა სულიერ სიმშვიდეს მანიჭებდა და არასდროს მეზარებოდა. ვფიქრობ, ნებისმიერ პროფესიას ავუღებდი ალღოს, თუმცა, ადამიანებმა ჩვენს შინაგან ,,მე’’-ს უნდა მოვუსმინოთ და იმ გზით წავიდეთ, რომელიც რეალურად გვინდა, ამიტომაც ჩავაბარე ქართულ ფილოლოგიაზე, რაც ძალიან მომწონს.
- რატომ აირჩიე თსუ? რა მოგცა უნივერსიტეტმა?
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა ჩემთვის დიდი ხნის ოცნება იყო… ჯერ არც კი ვიცოდი – რა განხრით მინდოდა სწავლა, როცა უნივერსიტეტი უკვე შერჩეული მქონდა. სიმართლე გითხრათ, თსუ ჩემთვის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. დროის უმეტეს ნაწილს უნივერსიტეტში ვატარებ, უნივერსიტეტის წყალობით შევიძინე ძალიან კარგი მეგობრები, გავიცანი უამრავი ადამიანი, პირველი კურსის მეორე სემესტრში გავხდი სტიპენდიატი, რამაც კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მომცა იმისთვის, რომ ჩემი შესაძლებლობები უკეთესად გამოვავლინო. ვარ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თვითმმართველობის წევრი, აქტიურად ვადევნებ თვალს თსუ-ს საკალათბურთო გუნდის თამაშებს და, როცა დრო მაქვს, ყოველთვის ვესწრები, აგრეთვე, ხშირად ვესწრები უნივერსიტეტში მიმდინარე სხვადასხვა სახის ღონისძიებებს… თსუ-მ მომცა ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება ამ მოკლე დროის განმავლობაში. ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი, როგორც სხვა უნივერსიტეტის სტუდენტი.
- რა პრობლემას გამოკვეთდი, რაც უნივერსიტეტს უკავშირდება?
- ერთადერთი პრობლემა, რომლის წინაშე პირადად მეც დავდექი და სტუდენტების უმრავლესობასაც ხშირად აწუხებს, არის საგნების არჩევა, თუმცა, ვფიქრობ, ეს გამოსწორებადია.
- ვინ არიან შენი საყვარელი ლექტორები?
- უნივერსიტეტში სწავლის დაწყებიდან დღემდე არ მქონია ცუდი გამოცდილება ლექტორთან… ყველა ლექტორი მიყვარს და ვაფასებ, ვინც კი რაიმეს მასწავლიდა, თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებმაც ჩემზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინეს და რომლებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს.
- რა სურვილები გაქვს, რაც უნივერსიტეტს უკავშირდება?
- ჩემთვის მთავარი სურვილი, რაც უნივერსიტეტს უკავშირდება, არის ის, რომ სწორედ თსუ-ში გავაგრძელო მოღვაწეობა, როგორც ლექტორმა.
- რით ერთობი?
- სწავლასთან ერთად ვცდილობ დრო გავატარო მეგობრებთან ერთად უნივერსიტეტში… როცა თავისუფალი დრო მაქვს, წიგნს ვკითხულობ, ასევე, ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღება.
- რა არის შენი მოტივაციები?
- ჩემი მთავარი მოტივაცია არის ჩემი ოჯახი. მინდა, ჩემი მშობლები ჩემით ამაყობდნენ, ჩემი ძმისთვის კი კარგი მაგალითი ვიყო… ასევე, მოტივაციას მაძლევენ ის ადამიანები, რომლებსაც ჩემი წარმატება ყოველთვის უხარიათ და მაფასებენ – ჩემი მასწავლებლები, ნათესავები, ახლობლები თუ მეგობრები.
- რა შემთხვევას განიხილავ მარცხად?
- ჩემთვის მარცხად შეიძლება ჩაითვალოს საკუთარ თავთან დადებული პირობის ვერშესრულება. ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი კი არის – წარმატებას მივაღწიო ჩემი პროფესიით, ისე ვიცხოვრო, რომ კვალი დავტოვო და ჩემი ქვეყნისთვის რაღაც კარგი გავაკეთო.
Facebook
Twitter
LinkedIn
ნინო კაკულია
ნინო კაკულია - თსუ-ის პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრის ხელმძღვანელი, გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი. ამ პოზიციაზე მუშაობს 2006 წლიდან. არის ტელე-ჟურნალისტი. 1995-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში გადაცემა ,,ალიონის“ ჟურნალისტად და უძღვებოდა პოლიტიკურ მიმოხილვებს, პრესის მიმოხილვას. ავტორია არაერთი პუბლიცისტური ჩანახატისა. არის 27-მდე დოკუმენტური ფილმის ავტორი და რეჟისორი. არის საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის წევრი. არის ა/ო საქართველოს ჟურნალისტთა ახალი თაობა - ,,ალიონი 21“-ის დამფუძნებელი.
ყველა სტატია