თსუ-ს მიგრაციის კომპეტენციის ცენტრმა საერთაშორისო საშემოდგომო სკოლას უმასპინძლა

თარიღი: 2023-11-13 13:59:57

თსუ-ს მიგრაციის კომპეტენციის ცენტრმა საერთაშორისო საშემოდგომო სკოლის „კავკასია: გადასახლებისა და მიგრაციის ტერიტორია თანამედროვე ომების კონტექსტში” შემაჯამებელ ღონისძიებას უმასპინძლა. საშემოდგომო სკოლა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მიგრაციის კომპეტენციის ცენტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა. პროექტის ორგანიზებაში, ასევე, ჩართულები იყვნენ საფრანგეთის გრენობლის ალპების უნივერსიტეტის მკვლევარი ოლგა ბრონიკოვა და გერმანიის ლაიბნიცის რეგიონული გეოგრაფიის ინსტიტუტის მკვლევარი სოფია გავრილოვა.

საერთაშორისო საშემოდგომო სკოლაში „კავკასია: გადასახლებისა და მიგრაციის ტერიტორია თანამედროვე ომების კონტექსტში” ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების წარმომადგენელი მკვლევრები და სტუდენტები მონაწილეობდნენ. მხარეებმა  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგებსა და კავკასიაში არსებულ სხვა მნიშვნელოვან კონფლიქტებზე იმსჯელეს; განიხილეს ის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცვლილებები, რომლებიც კავკასიაში, განსაკუთრებით, თბილისსა და რეგიონის სხვა ქალაქებში ომების შედეგებმა  გამოიწვია.

 „საერთაშორისო საშემოდგომო სკოლაში „კავკასია: გადასახლებისა და მიგრაციის ტერიტორია თანამედროვე ომების კონტექსტში” ქართველი და უცხოელი ექსპერტებისა და სტუდენტების ინტერდისციპლინური ჯგუფი მონაწილეობდა. პროგრამა  როგორც თეორიული ცოდნის გადაცემას – ლექცია-სემინარებს, ასევე, პრაქტიკულ კომპონენტს  – სტუდენტების საველე სამუშაოებს ითვალისწინებდა. სტუდენტებმა ჯგუფურად, სასწავლო-კვლევითი გუნდის მეთვალყურეობის ქვეშ იმუშავეს, რაც სხვადასხვა ადგილზე (ვგულისხმობ არასამთავრობო ორგანიზაციებს, კულტურულ სივრცეებს და ა.შ.), დაკვირვება-ინტერვიუებს გულისხმობდა. საკვლევი თემატიკა, ბუნებრივია, მიგრაციის აქტუალურ საკითხებს ეხებოდა. აღსანიშნავია, რომ ინტერდისციპლინური ჯგუფის მუშაობის ფორმატში მიგრაცია, საერთაშორისო სამართლისგან განსხვავებით, უფრო ფართო კონტექსტში იყო განხილული  და  როგორც პერსონალური მოტივაციით გადაადგილებული მიგრანტების (სამუშაოს საპოვნელად, განათლების მისაღებად, ოჯახთან გაერთიანების ან სხვა პირადი მიზეზების გამო), ასევე,  იძულებით გადაადგილებული პირების, ლტოლვილების აქტუალურ საკითხებს მოიცავდა.

საერთაშორისო საშემოდგომო სკოლა ერთჯერადი ხასიათის არ იქნება, სტუდენტებს კიდევ შევთავაზებთ მსგავსი სახის სხვადასხვა პროექტებს, რადგან მათი პროფესიული განვითარებისთვის ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან, სტუდენტებთან ერთად მიგრაციის საკითხების ინტერდისციპლინურ ჭრილში ანალიზი ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, აღნიშნულ ფორმატში მუშაობა მათ  ახალი კონტაქტების დამყარების, ინგლისური ენის პრაქტიკაში გამოყენებისა და მიგრაციის დარგში არსებული გამოწვევების სხვადასხვა რაკურსით დანახვის შესაძლებლობას აძლევთ“, – განმარტა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის პროფესორმა, მიგრაციის კომპეტენციის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით პატარაიამ.

სტუდენტებმა ლექცია-სემინარები პოლიტიკური ტრანსნაციონალიზმის, გადაადგილებულთა და მასპინძელი ქვეყნების მოსახლეობის კოლექტიური ქმედებებისა და მობილიზების, ურბანული სივრცეების ტრანსფორმაციის, წინააღმდეგობის სივრცითი სტრატეგიების, საერთაშორისო მიგრაციისა და გადასახლების კანონის, სამხრეთ კავკასიაში კოლონიზაციისა და პოსტკოლონიური საკითხების შესახებ მოისმინეს. საველე სამუშაოებზე ოთხი ჯგუფი მუშაობდა, შესაბამისად კვლევები ოთხი თემატური მიმართულებით ჩატარდა – სტუმარი/მასპინძელი, ნეიტრალიტეტი/ნეიტრალურობა, იდენტობის პრობლემა და კულტურის მითვისება.

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო ის უმნიშვნელოვანესი ნიუანსი, რომ ჩვენი მიმართულება – მიგრაციის მართვა მულტიდისციპლინურია და შეგვიძლია  სხვადასხვა დარგში, მათ შორის, გეო-პოლიტიკაში,  ანთროპოლოგიაში, ეკონომიკაში თუ სოციოლოგიაში ჩატარებულ კვლევებთან დავაკავშიროთ. ამ კონტექსტში სასიამოვნო იყო სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და დისკუსიების გამართვა.  შეკრებილ მონაწილეთა კვლევების სხვადასხვა რაკურსით დანახვის უნარმა ერთმანეთისთვის, ჩვენს მიმართულებაზე დაყრდნობით, ცოდნის გაზიარებისა და შედეგად საკმაოდ დიდი ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა მოგვცა“, – აღნიშნა თსუ-ს მიგრაციის მართვის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტმა მერი ჭოჭუამ.

საშემოდგომო სკოლა „კავკასია: გადასახლებისა და მიგრაციის ტერიტორია თანამედროვე ომების კონტექსტში” 6 ნოემბერს გაიხსნა და 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით განხორციელდა.

Facebook
Twitter
LinkedIn