ქართველ მეცნიერთა წვლილი ავიცენას ნააზრევის შესწავლაში

თარიღი: 2023-11-08 13:22:07

ოქტომბრის თვეში თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში ჩატარდა მასშტაბური სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით:  „დიდი აღმოსავლელი მოაზროვნისა და ექიმის აბუ ალი იბნ სინას (ავიცენას) მემკვიდრეობის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა“, რომელშიც თურქმენეთის საელჩოს მიწვევით მონაწილეობა მიიღეს თსუ-ს  პროფესორმა, ენათმეცნიერმა მარიკა ჯიქიამ და ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა ნანი ხელაიამ.

მეთერთმეტე საუკუნის უდიდესმა მოაზროვნემ  აბუ ალი  იბნ სინამ მართლაც  დიდი გავლენა მოახდინა შუა საუკუნეების მეცნიერებების განვითარებაზე როგორც აღმოსავლეთში, ასევე, დასავლეთში და  უზარმაზარი სამეცნიერო მემკვიდრეობა დაუტოვა შთამომავლობას. მისი უსაჩინოესი თხზულების – „სამკურნალო მეცნიერებათა კანონის“ –  გარდა მეცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგის შესახებ გამორჩეულ ნაშრომებში ავიცენა გვევლინება ღრმა ერუდიციისა და ორიგინალური აზროვნების მქონე მეცნიერად.

პროფესორმა მარიკა ჯიქიამ  თავის მოხსენებაში წარმოაჩინა  ქართველ მეცნიერთა წვლილი ავიცენას ნააზრევის შესწავლაში. მან ვრცლად  ისაუბრა  ცნობილი სემიტოლოგის ვლადიმერ  ახვლედიანის მონოგრაფიის – ავიცენას ფონეტიკური ტრაქტატის  – შესახებ, სადაც  ავტორი ასაბუთებს, რომ  აბუ ალი  იბნ სინას საქმიანობის ორგანული კომპონენტი  ლოგიკურად გამომდინარეობს ადამიანის სხეულის სტრუქტურის ღრმა ცოდნიდან, რამაც განაპირობა მეტყველების ორგანოების დეტალური აღწერა ფონეტიკურ ტრაქტატში. „სამკურნალო მეცნიერების კანონის“ შესაბამისი აბზაცების შედარება ფონეტიკური ტრაქტატის III თავთან, გარკვეული ფორმულირების გარდა, გვიჩვენებს თითქმის მათ იდენტურობას. ვლადიმერ  ახვლედიანმა გამოსცა ფონეტიკური ტრაქტატის არაბული ტექსტი, დაურთო მას  რუსული  თარგმანი  და  გამოკვლევა“, – აღნიშნა მარიკა ჯიქიამ.

მეცნიერმა ასევე ისაუბრა ავიცენას კვლევებზე მუსიკათმცოდნეობის დარგში. აღსანიშნავია, რომ ავიცენამ მოამზადა საფუძველი ფონეტიკური აკუსტიკის საკითხების განვითარებისათვის, რაც, უპირველეს ყოვლისა, ეხება ბგერის გაჩენას, სმენის ორგანოების მიერ მის აღქმას და ტონების ფორმირებას. დიდი მოაზროვნის მიერ შექმნილი ე.წ. სუფთა ანუ კვინტური წყობა, რომელიც დასავლეთ ევროპაში მხოლოდ XVI საუკუნეში ჩამოყალიბდა და განვითარდა იტალიელების – ფოლიანისა და ცარლინოს – შრომებში, მომდინარეობს შუა აზიიდან და მას საფუძველი ჩაეყარა ხუთი საუკუნით ადრე ავიცენას გამოკვლევებით. ავიცენასეული სუფთა  წყობა გახდა  მუსიკათმცოდნის ბორის გულისაშვილის დომინანტური საკვლევი თემა. მისი დაკვირვებით ავიცენას სუფთა  წყობა განსხვავდება შუა საუკუნეების ევროპის სუფთა წყობისაგან  მთელი რიგი ძირითადი და შუალედური ინტერვალებით. ქართველი მეცნიერის სადოქტორო დისერტაცია სწორედ ავიცენას ღვაწლს მიეძღვნა სამუსიკო თეორიული სისტემების განვითარებაში. საგულისხმოა, რომ ბორის გულისაშვილი კონსულტაციას იღებდა აკადემიკოს გიორგი ახვლედიანისაგან.

მოხსენებაში მარიკა ჯიქიამ ასევე ისაუბრა აკადემიკოს გიორგი ჯიბლაძის ეგზოთერიკულ  ნარკვევზე – „ავიცენას სისტემები“, სადაც მეცნიერი აანალიზებს ავიცენას ფილოსოფიურ, ესთეტიკურსა და მხატვრულ მემკვიდრეობას. გიორგი ჯიბლაძის მონოგრაფიაში  გაშუქებულია აღმოსავლური რენესანსის პრობლემები, ავიცენას წინამორბედები და შემდგომი  დროის ფილოსოფიური  და ლიტერატურული პრაქტიკა.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო და თავისი მოხსენება სახელწოდებით – ,,აბუ ალი იბნ სინა და საქართველოს ტრადიციული მედიცინა“  – წარმოადგინა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატმა ნანი ხელაიამ, რომელმაც ძველ ქართულ  წყაროებზე დაყრდნობით წარმოაჩინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო  ავიცენას როლი ქართული სამედიცინო სფეროს განვითარებაში. ნანი ხელაიას ინფორმაციით, აბუ ალი იბნ სინას სახელი ქართულ სამედიცინო ძეგლებში პირველად გვხვდება XIII საუკუნეში ხოჯაყოფილის „წიგნი სააქიმო“-ში, რომელიც  შეიქმნა  თამარ მეფის ბრძანებით.

ძველი ქართული კლასიკური მედიცინის წარმომადგენლები, ისევე, როგორც ავიცენა, იცავდნენ ანტიკურ ხანაში შექმნილ ჰუმორულ პათოლოგიურ თეორიას, რომლის ფონზეც ხასიათდება ტემპერამენტი (სანგვინიკური, ქოლერიკული, მელანქოლიკური, ფლეგმატიკური) და პაციენტის კონსტიტუცია. განიხილება ასევე მცენარეული, ცხოველური და მინერალური წარმოშობის მედიკამენტების თვისებები (მშრალი, სველი, ცხელი, ცივი).

ქართული სამედიცინო ხელნაწერების ფურცლებზე ავიცენა ასე არის მოხსე-ნიებული: სინა აქიმი , სინაი  და სინაისძე“.

ქართველი მეცნიერების ნაშრომებმა კონფერენციაზე დიდი მოწონება და მაღალი შეფასება დაიმსახურეს.

Facebook
Twitter
LinkedIn