საპატიო თბილისელები თსუ-დან
მეცნიერი, აკადემიკოსი, პედაგოგი, ქიმიკოსი რამაზ გახოკიძე, რეპროდუქტოლოგი, ენდოკრინოლოგი, აკადემიკოსი არჩილ ხომასურიძე და აკადემიკოსი, ექიმი-პულმონოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თამაზ მაღლაკელიძე იმ მეცნიერებს შორის არიან, ვისაც წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს. თბილისის საპატიო მოქალაქეებს 1979 წლიდან ირჩევენ. ,,საპატიო თბილისელის“ დაჯილდოება თბილისობის განუყოფელი ნაწილია, როცა ტრადიციულად განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ და ვაფასებთ იმ ადამიანების პროფესიონალიზმს, ღვაწლს, დამსახურებებს, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ და ჩვენს დედაქალაქს, თბილისს და სრულიად საქართველოს ასახელებენ. ეს ადამიანები ჯილდოვდებიან თბილისზე უანგარო ზრუნვისა და მისი განვითარების საქმეში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის, ასევე, თბილისელების ერთგული სამსახურისთვის. ეს საპატიო წოდება მხოლოდ ტიტული არ არის, გაცილებით მეტია და ღრმა – ეს არის გულიდან წამოსული მადლობა მთელი ქალაქისგან, ქვეყნისგან და, რაც მთავარია, ხალხისგან. ამ გულწრფელი სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად დაჯილდოვდნენ ის მეცნიერები, რომლებიც დღეს არა მარტო ქალაქის, ქვეყნის, არამედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახეს წარმოადგენენ.
თუ რას ნიშნავს თსუ-ში მოღვაწე თბილისის საპატიო მოქალაქეებისთვის ამ წოდების მინიჭება და როგორ და რა მიმართულებით ისურვებდნენ ისინი თბილისის განვითარებას, ამის შესახებ თბილისის საპატიო მოქალაქეები თვითონ გვესაუბრებიან:
რამაზ გახოკიძე – აკადემიკოსი, თსუ-ს ბიოორგანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, თსუ-ს ბიოორგანული ქიმიის კათედრის გამგე, პროფესორი, თსუ-ს ბიოორგანული ქიმიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, აშშ ფარმაკოგნოზიის საზოგადოების ნამდვილი წევრი; იტალიის გარემოს დაცვის სამეცნიერო კომიტეტის წევრი; ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის წევრი; თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირის (IUPAC) წევრი; საქართველოს ეროვნული პროფილაქტიკური მედიცინის, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აგროტექნოლოგიური, საინჟინრო ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი. რამდენიმე საგნის და გამოგონების ავტორი, მის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოში აგრობიოორგანული ქიმიის და აგრომედიცინის განვითარება, რაშიც მას დიდი დამსახურება აქვს. საქართველოს ეროვნული პრემიის, საქართველოს ღირსების ორდენის, საქართველოს სახელმწიფო პრემიისა და მელიქიშვილის პრემიის ლაურეატი.
- ჩემთვის, როგორც თბილისელისთვის, უდიდესი პატივია მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქის – თბილისის საპატიო მოქალაქეობა, იმ ლეგენდარული ქალაქისა, რომელიც მიუხედავად სპარსთა, ოსმალთა და ბიზანტიელთა მიერ მრავალგზის შემოსევისა, მუდამ გაუტეხელი რჩებოდა. პირველ რიგში ვისურვებ, რომ თბილისს დაუბრუნდეს პირვანდელი ხიბლი და ისტორიული სურნელი, უფრო სათუთად მოვეპყრათ ქალაქის არქიტექტურას თავისი განუმეორებელი, ფაქიზი ინტონაციებით…
თამაზ მაღლაკელიძე – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ–ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი; საქართველოს რესპირატორული ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტი; მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ქრონიკულ რესპირატორულ დაავადებებთან ბრძოლის გლობალური ალიანსის კოორდინატორი სამხრეთ კავკასიაში; ევროპის რესპირატორული, ამერიკის თორაკალური და რუსეთის რესპირატორული ასოციაციების წევრი; ღირსების ორდენის კავალერი.
- ჩემთვის ამ აღიარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. იმ ქალაქის და მოქალაქეების აღიარება, რომელსაც მთელი ცხოვრება ვემსახურები, საოცრად ამაღელვებელია. ეს ყოველივე კი ჩემი კოლეგების, ოჯახის მხარდაჭერის და ჩემი პაციენტების ნდობის დამსახურებაა. როგორც საპატიო მოქალაქე მზად ვარ შევასრულო ჩემზე დაკისრებული მოვალეობა, რომელიც ჩვენი საზოგადოების რესპირატორული ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და თბილისის განვითარებაში წვლილის შეტანას გულისხმობს. ეს ყოველივე კი შემდგომ სტრატეგიებს მოიცავს: 1. ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება: თბილისი, ისევე, როგორც ბევრი ურბანული ქალაქი, ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე დგას. ელექტრო მანქანების პოპულარიზაცია და ჰაერის ხარისხის მონიტორინგი წინ გადადგმული ნაბიჯია დამაბინძურებელი აგენტების შესამცირებლად და, შესაბამისად, ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად. 2. მწვანე სივრცეების გაზრდა და ურბანული დაგეგმარება: საჭიროა მწვანე სივრცეების, პარკებისა და ფეხით მოსიარულეთათვის ტერიტორიების გაფართოება, რათა უზრუნველვყოთ ბუნებრივი ხერხით ჰაერის გაწმენდა და ფიზიკური დატვირთვის პოპულარიზაცია. 3. სიგარეტის მოწევის რეგულაცია: საჭიროა გამკაცრდეს მოწევის საწინააღმდეგო რეგულაციები. საჭიროა პოპულარიზაცია გავუწიოთ თამბაქოს თავის დანებების პროგრამას მწეველთა პრევალენსის შესამცირებლად. ასევე, საჭიროა ინვესტიცია პროფილური დაწესებულებების განვითარებაში, რათა უზრუნველვყოთ შესაბამისი პროფესიონალების ტრენინგები და მტკიცებულებაზე დაფუძვნებული მედიცინის ფართე გამოყენება. 4. ცნობიერების გაზრდა: საჯარო კამპანია ფილტვის ჯანმრთელობაზე ცნობიერების გაზრდის მიზნით. საჭიროა მოქალაქეებს მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია სუფთა ჰაერის, სწორი ნუტრიციული კვების და რეგულარული ფიზიკური აქტივობის საჭიროების შესახებ. 5. ადრეული დიაგნოზი და პრევენცია: საჭიროა რეგულარული ჩეკ-აპ პროგრამებისა და სკრინინგ ტესტების შემოღება ფილტვის დაავადების ადრეული დიაგნოსტირების და, შესაბამისად, დროული მკურნალობისათვის. ამ სტრატეგიების განხორციელებით თბილისის მოქალაქეებს შეეძლებათ ისუნთქონ სუფთა ჰაერი, ისარგებლონ ცხოვრების მაღალი ხარისხით და შეინარჩუნონ ფილტვების ჯანრმთელობა.
არჩილ ხომასურიძე – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი, „არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის“ გენერალური დირექტორი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა–გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი; საქართველოსა და საერთაშორისო სამეცნიერო აკადემიებისა და ასოციაციების წევრი, მათ შორის, რეპროდუქტოლოგთა საერთაშორისო აკადემიის წევრი 1997 წლიდან; საერთაშორისო პროგრამების (UNFPA, WHO) კოორდინატორი, დირექტორი და კონსულტანტი რეპროდუქციული ჯანმრთელობის დარგში; 1988-2002 წწ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი. 450 სამეცნიერო შრომის, 10 სახელმძღვანელოს, 6 მონოგრაფიის, 3 გამოგონების ავტორი, 50 საკანდიდატო და 5 სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი. მისი ძალისხმევით შეიქმნა ახალი სამედიცინო დარგი –,,რეპროდუქტოლოგია”, 1997 წლიდან საქართველო გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც რეპროდუქტოლოგია ოფიციალურად ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ სამედიცინო დისციპლინად. არის საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, მის სახელს უკავშირდება ქართულ მედიცინაში არაერთი პროგრესული წამოწყება – კონტრაცეპციის, ლაპაროსკოპიული, ,,ინ–ვიტრო“ განაყოფიერების ტექნოლოგიების დანერგვა და მრავალი სხვა.
- როდესაც გავიგე, რომ წარდგენილი ვარ ამ საპატიო ჯილდოზე, ორმაგი შეგრძნება გამიჩნდა: ერთი იყო სიამოვნების გრძნობა, ხოლო მეორე – შეკითხვა: ყველაფერს თავისი დრო აქვს, რაღა დროს ჩემი საპატიო მოქალაქეობაა?! და გავიფიქრე: იქნებ, ისედაც ვერ გავიმარჯვო კონკურსში-თქო. შემდგომში, როდესაც გავიგე, რომ მომენიჭა საპატიო მოქალაქეობა და, განსაკუთრებით, როდესაც შედგა შესაბამისი ღონისძიება, უნდა ვაღიარო, რომ ვარ უაღრესად კმაყოფილი სამი მიზეზის გამო:
1. დაჯილდოვებულთა ჯგუფი და, განსაკუთრებით, ხელოვნების წარმომადგენლები აღმოჩნდნენ უაღრესად პატივსაცემი თბილისელები; 2. აგრეთვე დაჯილდოებულთა შორის ფართოდ იყო წარმოდგენილი მედიცინა; 3. ჩვენი ქალაქის მერიამ მოგვიწყო ექსტრაორდინარულად გრანდიოზული ღონისძიება ოფიციალურ მიღებათა სასახლეში. ვიტყოდი გულახდილად, რომ მე ჯილდოები არ მაკლია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ დიდი უმრავლესობა მაქვს მიღებული დასავლეთში და ჩემს ქვეყანაში, მაინცდამაინც, განებივრებული არ ვყოფილვარ ამ მხრივ. ახლა კი, როდესაც ყველაფერმა ჩაიარა, მიმაჩნია, რომ საპატიო თბილისელის წოდება გახლავთ ჩემი ცხოვრების მთავარი ჯილდო. დიდი მადლობა თბილისელებს და დიდი მადლობა თბილისის მერიას. მეორე შეკითხვაზე პასუხი გახლავთ გამოხატულად ცალსახა: თბილისი უნდა განვითარდეს, უპირველეს ყოვლისა, განათლების დონის ამაღლებით, ამის გარეშე შეუძლებელია ნებისმიერი პროგრესი.