ნათია ლაბაძის ფიქრები სამომავლო საქმიანობას ეხება
თარიღი: 2023-11-06 19:14:59
გვესაუბრება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი ნათია ლაბაძე
- მოგწონს თუ არა პროფესია, რომელიც აირჩიე?
- ერთი შეხედვით, მარტივი კითხვაა… როცა 12 წელი სკოლაში სწავლობ, აბიტურიენტობის ჟამს უკვე აანალიზებ, რომ შენს ცხოვრებაში მალე ახალი ეტაპი დაიწყება. ზოგიერთს ბავშვობიდან გაცნობიერებული აქვს – „ვინ უნდა გამოვიდეს“, ზოგი კი დამამთავრებელ კლასში იაზრებს პროფესიისა და სამომავლო საქმიანობის საჭიროებას. ჩემ შემთხვევაში კი სულ სხვაგვარად მოხდა. პატარაობიდანვე სამედიცინო სფერო მიზიდავდა, ამიტომაც, სკოლის დასრულების შემდეგ, სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავირიცხე. მაგრამ, სწავლის პროცესში აღმოჩნდა, რომ ეს სივრცე ჩემთვის კომფორტული არ იყო – ადამიანი ხომ იმას უნდა აკეთებდე, სადაც თავს ყველაზე კარგად გრძნობ… სწორედ ასეთია ჩემთვის ქართული ფილოლოგია. ამ ფაკულტეტზე საუკეთესო მეგობრის რჩევით „საიდუმლოდ“ ჩავაბარე; საიდუმლოდ, რადგან ჩარიცხვის ბოლო წუთამდე ამის შესახებ არავინ იცოდა. მშობლებისთვისაც კი სურპრიზი იყო ახალ უნივერსიტეტში, სრულიად განსხვავებულ ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელება, მაგრამ ისინი ყოველთვის მხარს მიჭერენ და დგანან ჩემ გვერდით. ამიტომ, ამ გადაწყვეტილებასაც სიხარულით შეხვდნენ. როდესაც პროფესიას ირჩევ, გასათვალისწინებელია ის გარემოც, სადაც ცხოვრობ, როგორ ადამიანებთან გაქვს კომუნიკაცია: აი, მაგალითად, თუკი სახლში ან სამეგობროში გყავს მასწავლებელი, მეტს ისმენ ამ სფეროს შესახებ, ეცნობი ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერს, რაც მას უკავშირდება, რამდენად კონკურენტულია დასაქმების მხრივ და ა.შ. ალბათ, იმ წრემ, სადაც მუდმივად ვტრიალებ, განაპირობა ზემოაღნიშნული ფაკულტეტით დაინტერესებაც. მაგრამ ახალი მიმართულების შერჩევის ჟამს მაინც გადამწყვეტი ის მოტივაცია აღმოჩნდა, რომელსაც საიმედო მეგობრისგან ვგრძნობდი. ამიტომაც, კითხვაზე – მოგწონს თუ არა პროფესია, რომელიც აირჩიე, პასუხი ცალსახად დადებითია. რა თქმა უნდა, დიახ, შეიძლება ითქვას, იგი ჩემი სხეულის ნაწილია.
- რატომ აირჩიე თსუ? რა მოგცა უნივერსიტეტმა?
- გულწრფელად ვიტყვი, ჩაბარებისას უნივერსიტეტის შერჩევაზე ბევრი არ მიფიქრია. თსუ ჩემი პირველი და, შეიძლება ითქვას, უკანასკნელი არჩევანი იყო, რადგან მისი ისტორიული წარსულით მოხიბლულს ყოველთვის მინდოდა იმ აუდიტორიებში მომესმინა ლექციები, სადაც ჩვენი ქვეყნის საამაყო მამულიშვილები სწავლობდნენ, მათი სახელობის ხომ არა ერთი აუდიტორიაა… უნივერსიტეტის კედლებს თითქოს მათი სუნი აქვს, თითქოს ვგრძნობ, ოდესღაც როგორ აურბენიათ კიბეებზე, ლექციებზე რომ არ დაეგვიანებინათ. ამ უნივერსიტეტმა საუკუნეებს გაუძლო, პირველი ქართული საგანმანათლებლო კერაა, ყოველივე ეს კი ჩემთვის განსაკუთრებული და საამაყოა. ამიტომაც, ავირჩიე იგი.
- რა პრობლემას გამოკვეთდი, რაც უნივერსიტეტს უკავშირდება?
- ვფიქრობ, სტუდენტი პრობლემას ყველა უნივერსიტეტში შეიძლება გადააწყდეს, გამონაკლისი არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია. ჩემ შემთხვევაში, ამ მხრივ, საგამოცდო პროცესის არაორგანიზებულობას დავასახელებდი, რაც საგამოცდო განრიგის, ნაშრომების შემოწმების შემდეგ ქულების დროულ ასახვას უკავშირდება.
- ვინ არიან შენი საყვარელი ლექტორები?
- რთული კითხვაა… როცა ადამიანს ვეცნობი, ყოველთვის ვცდილობ კომუნიკაცია პოზიტიურ ნოტაზე დავიწყო… ალბათ, ამ გარემოემამ განაპირობა შემდეგი, რომ უნივერსიტეტში ყველა ლექტორი მომწონს, მაგრამ არიან ისეთები, რომლებმაც პირველივე შეხვედრაზე ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს თავიანთი დამოკიდებულებებით, მორალით, ერუდირებულობითა და პროფესიონალიზმით.
- რა სურვილები გაქვს, რაც უნივერსიტეტს უკავშირდება?
- ყოველთვის აქტიურად ვადევნებ თვალს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს, კონფერენციებს, შეხვედრებსა თუ პროგრამებს. სურვილი მაქვს, თავად ვიყო მათი უშუალო მონაწილე და ორგანიზატორიც.
- რით ერთობი?
- დავიწყოთ იმით, რომ თავისუფალი დრო ნაკლებად მაქვს, ყოველთვის სიახლეების ძიებაში ვარ, ამიტომაც, ჩემთვის გართობა ისევ პროფესიასთან დაკავშირებული აქტივობებია. მუდმივად ვეცნობი იმ მიგნებებსა თუ ცვლილებებს, რაც ჩემი მიმართულების ირგვლივ მიმდინარეობს. ხშირად ვთანამშრომლობ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ვესწრები სამუშაო შეხვედრებს, ტრენინგებსა და სხვა.
- რა არის შენი მოტივაციები?
- მოტივაცია ხომ ის მამოძრავებელი ძალაა, რომელიც ხელს გვიწყობს რაიმეს მიღწევაში. გამომდინარე აქედან, მარტივად შემიძლია გიპასუხოთ, რომ ჩემი მოტივაცია საუკეთესო მეგობარია, რომელიც ყოველთვის მიჭერს მხარს, მიბიძგებს, რათა ვიარო წინ და არასოდეს გავჩერდე.
- გაგვიმხილე შენი ცხოვრების მთავარი მიზნები…
- ყოველდღიურად, როგორც სხვა სტუდენტები, მეც ვფიქრობ იმ პრობლემების შესახებ, რაც ჩემ ირგვლივ არსებობს. ჩემი ფიქრები, რა თქმა უნდა, სამომავლო საქმიანობას ეხება. პირველი მიზანი მაინც უნივერსიტეტის წარმატებით დასრულება და შესაბამისი განათლების მიღებაა, რასაც შემდგომ შესაბამის პოზიციაზე დასაქმებით დავაგვირგვინებ.
Facebook
Twitter
LinkedIn
შურთხია ბეროშვილი
შურთხია ბეროშვილი - 2006 წლიდან არის თსუ-ის გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ ჟურნალისტი. კორესპონდენტად მუშაობდა გაზეთებში: ,,ტფილისის უწყებანი“, ,,ახალი ქართული გაზეთი“, ,,ახალი ეპოქა“, ,,ომეგა“.
ყველა სტატია