თსუ-ში სტუდენტების კარიერული განვითარების ინდივიდუალური კონსულტაციები მიმდინარეობს

თარიღი: 2023-11-06 18:08:30

თსუ-ს სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრმა სტუდენტებისთვის კარიერული განვითარების ინდივიდუალური კონსულტაციები დაიწყო. სარეგისტრაციო და საკონსულტაციო პროცესი უკვე მიმდინარეობს. შეხვედრები კვირაში ორჯერ იმართება. თითოეული სტუდენტისთვის გამოყოფილი საკონსულტაციო დრო 30 წუთს შეადგენს.  ინდივიდუალური კონსულტაციების ფარგლებში ცენტრის სპეციალისტები სტუდენტებს CV-ისა და LinkedIn პროფილის გამართვაში, სამოტივაციო წერილის მომზადებაში, კარიერული შესაძლებლობების განვითარებასა და სამოქმედო გეგმის შემუშავება-გაწერაში ეხმარებიან.

თსუ-ს სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრი ქართული შრომის ბაზრის ანალიზს პერმანენტულ რეჟიმში ახორციელებს; კავშირშია 400-მდე დამსაქმებელ კომპანიასთან და ახალ ვაკანსიებს სისტემატურად იძიებს.

„პანდემიამდე და პანდემიის შემდგომ შრომის ბაზრის სპეციფიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო ახალი მოთხოვნებისთვის მოგვერგო ჩვენი საქმიანობის სპეციფიკაც.  გავაანალიზეთ არსებული ვითარება, გამოვკვეთეთ მიმდინარე ტენდენციები და შედეგად სტუდენტებს ვთავაზობთ რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის მომზადებაში დახმარებას, დასაქმების ადგილების მოძიებასა და  იმ უნარების განვითარებას, რასაც დამსაქმებლები აქცევენ ყურადღებას. ამისათვის მათ ეფექტიანი კომუნიკაციის, პროექტის მართვის, გუნდური მუშაობისა და პრობლემის გადაჭრის ტრენინგებს ვთავაზობთ. რბილი უნარების განვითარება სტუდენტებს შრომის ბაზარზე სწორ პოზიციონირებაში, საკუთარი თავის სწორად წარმოჩენასა და კონკურენტუნარიანობის გამომუშავებაში დაეხმარებათ. გარდა ამისა, ჩვენი მიზანია სტუდენტების ვაკანსიების საძიებო უნარების განვითარება, რადგან ხშირად ამბობენ, რომ ვერ პოულობენ მათთვის შესაფერის აქტიურ ვაკანსიებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, იცოდნენ – თუ როგორ უნდა შეძლონ ვაკანსიების მოძიება და ისეთი პლატფორმების სწორად გამოყენება, რაც მათ წარმოჩენას შეუწყობს ხელს. ვგულისხმობ LinkedIn-ის პოტენციალის სრულყოფილად ათვისებას, რომელიც ქართულ ბაზარზე ახალია და მისი როლი ეტაპობრივად იზრდება. ჩვენ დავეხმარებით მათ შექმნან პროფილი და მართონ ისე, რომ საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინონ.

ამ ეტაპზე 400-მდე დამსაქმებელთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია. აქტიურად ვთანამშრომლობთ მათთან და შესაბამისი ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში კადრებს ვთავაზობთ“, – აცხადებს თსუ-ს სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის მთავარი სპეციალისტი სალომე თოფურია.

ინდივიდუალური კონსულტაციის მიღების მსურველმა სტუდენტებმა რეგისტრაცია  ბმულზე – https://forms.gle/K2hmsbhtVAvtD3V88 – უნდა გაიარონ.

Facebook
Twitter
LinkedIn