ინოვაციური ქირურგიული მეთოდები ტრავმატოლოგია-ორთოპედიაში
თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ტრავმა-ორთოპედიის კათედრის გამგემ, პროფესორმა ლევან თავბერიძემ ე.წ. ყალბი სახსრებისა და ენდოპროტეზირების შემდგომი გართულებების ოპერაციული მკურნალობის ინოვაციური მეთოდები დანერგა. მსხვილ სახსართა ენდოპროტეზირების შეცდომებისა და გართულებების სარევიზიო ქირურგია, ენდოპროტეზირებების შემდგომი პერიპროტეზული ინფექციების სარევიზიო ქირურგია და ინფიცირებული დეფექტების კომპლექსური მკურნალობა (კან-კუნთოვან-ძვლოვანი პლასტიკის მიკროქირურგიული მეთოდების გამოყენებით) კლინიკა ,,კარაპს მედლაინ”-ში ტარდება; მიკროქირურგიულ ნაწილს პროფესორი საშა კალატაროვი აკეთებს. ლევან თავბერიძის განმარტებით, აღნიშნული ოპერაციები 98%-იანი წარმატებით სრულდება.
„ბოჭორიშვილის კლინიკის ბაზაზე ჩვენი განყოფილება 2016 წლიდან ამოქმედდა. დეპარტამენტი აღჭურვილია ყველა შესაბამისი თანამედროვე სამედიცინო ინფრასტრუქტურით, რამაც საშუალება მოგვცა დიდი სირთულის ოპერაციების გაკეთება დაგვეწყო. გართულება არაერთი სახის შეიძლება იყოს, მათ შორის არის პოსტოპერაციული ინფექციური გართულებები საყრდენ მამოძრავებელი სისტემის ტრავმების ოპერაციული მკურნალობის შემდგომ. რიგ შემთხვევაში ჩირქოვანი პროცესი იმდენად არის შორს წასული, რომ დღის წესრიგში კიდურის ამპუტაციის აუცილებლობა დგებოდა, თუმცა ჩვენ, მიკროქირურგთან ერთობლივი მუშაობით, მივაღწიეთ იმას, რომ 98%-იანი დადებითი გამოსავალი გვაქვს. ამისათვის რიგი პრობლემებია გადასაჭრელი, მაგალითად, დარღვეულია ძვლის ფრაგმენტების კვება. აღნიშნულ ოპერაციას მე და ჩემი კოლეგა, მიკროქირურგი საშა კალატაროვი ერთად ვაკეთებთ, 10-12 სანტიმეტრიან ძვლის ტრანსპლანტანტს ვიღებთ რომელიმე უბნიდან და ძვლის დეფექტის ადგილზე ვნერგავთ. ეს არის 16 საათიანი ოპერაცია. ასეთი ტიპის 30-მდე ოპერაცია გვაქვს გაკეთებული.
როდესაც მეკითხებიან მუშაობის პროცესზე – თუ რა განაპირობებს წარმატებას, ჩვენ ვპასუხობთ, რომ წარმატება დიდად არის დამოკიდებული ოპერაციის წინა დიზაინზე და მაღალ ტენოლოგიურ მენეჯმენტზე.
მას შემდეგ, რაც პაციენტების ენდოპროთეზირება მასობრივად დაიწყო (პირველი ოპერაცია ლ. თავბერიძემ ჩაატარა 1995 წელს, ჰყავდა მოწვეული ამერიკის ფირმა Medical Prodaqts), რამაც გამოიწვია დიდი ინტერესი ამ ოპერაციების მიმართ; ბუნებრივია, რომ იმატა გართულებების მაჩვენებელმაც. მეორადი სარევიზიო ენდოპროტეზირება ძალიან დიდი ოპერაციაა, რომელიც, სირთულიდან გამომდინარე, დაახლოებით, 40 000$ დოლარამდე ჯდება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ჩვენ ამ ოპერაციებს აქ უპრობლემოდ ვაკეთებთ – ხდება სარევიზიო ვაგნერის ფეხების გამოყენება, ფოსოს რინგების, ძვლის დეფექტის აღდგენა იმპლანტების გამოყენებით. პაციენტი სტაციონარში 4-5 დღე ყოვნდება. ინფექციის ჩაქრობა და რეკონსტრუქციული ოპერაციის წარმოება დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული (დიდი გამოცდილებაა საჭირო). ოპერაციის შედეგად არცერთი უსიცოცხლო ქსოვილი იქ არ რჩება; დამუშავება განსაკუთრებული სიფრთხილით ხდება და მხოლოდ ამის შემდეგ ვაკეთებთ ახალ პროთეზირებას. გარდა ამისა, ვაკეთებთ ყალბ სახსრებთან დაკავშირებულ ინდივიდუალურ ოპერაციებს, რომელიც, მიკროქირურგიული მეთოდისგან განსხვავებით, მარტივ და ეფექტიან მიდგომას გულისხმობს“, – განმარტავს ლევან თავბერიძე.
ლევან თავბერიძე 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. 1986 წლიდან დღემდე სტაჟირების, სამეცნიერო კონგრესებში მონაწილეობის, კვალიფიკაციის ამაღლებისა თუ გამოცდილების გაზიარების მიზნით არაერთხელ იმყოფებოდა უნგრეთის, გერმანიისა და შვეიცარიის, ინგლისის წამყვან კლინიკებში. არის მსოფლიო ტრავმატოლოგ-ორთოპედთა საზოგადოების SICOT-ისა და საქართველოს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა ასოციაციის გამგეობის წევრი. პრაქტიკული და სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის გარდა, იგი მნიშვნელოვან მოვალეობად პედაგოგიურ საქმიანობას მიიჩნევს: „მე ვმუშაობ იმ პრინციპით, როგორც ჩემი შვეიცარიელი კოლეგები – ქსოვილებთან დამოკიდებულება უნდა იყოს ფაქიზი, ოსტეოსინთეზს თავისი ჩვენებები აქვს“, – აღნიშნავს ლევან თავბერიძე – „იგივეს ვასწავლი ჩემს რეზიდენტებსა და სტუდენტებს. ჩემთვის, როგორც ექიმისთვის ადამიანობა და პროფესიონალიზმი პირველ რიგში ფასობს და მნიშვნელოვანია, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა რაც შეიძლება მეტ მოწაფეს დავუტოვო“.