მარიამ გაფრინდაშვილი საზოგადოებისთვის უკეთესი რეალობის შექმნაში უკვე იღებს მონაწილეობას

თარიღი: 2023-10-27 14:25:32

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი მარიამ (მარიკო) გაფრინდაშვილი უნივერსიტეტის გაზეთის რედაქციის მიერ გამოცხადებულ სტაჟირების კურსს გადის და მეორად პროფესიად ჟურნალისტიკას ირჩევს.  ,,ჟურნალისტიკა სიახლეების, კომუნიკაციის, ურთიერთობისა და მუდმივი განვითარების პროცესია. მისი შესწავლა ყველაზე მეტად იმიტომ მინდა, რომ ის ცოცხალი სფეროა, არ გაძლევს მოდუნების საშუალებას. დღეს ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ, რაშიც მედიის, ამავდროულად, ჟურნალისტიკის როლი დიდია. შესაბამისად, ეს სფერო გვეხმარება – აღმოვაჩინოთ ინოვაციები, საინტერესო ადამიანები და საკუთარ თავშიც ვიპოვოთ განსხვავებული ინტერესები. ცდილობ ბოლომდე ფეხი აუწყო ცხოვრების სწრაფ რიტმს და მთლიანად მისი ნაწილი გახდე“, – ამბობს მარიამ გაფრინდაშვილი, რომელიც საზოგადოების პოლარიზებაში დღევანდელი ქართული მედიის წვლილს ხედავს.  

,,საქართველოში, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ცოცხალი სივრცე სწორედ მედია სივრცეა. გვყავს უამრავი პროფესიონალი ჟურნალისტი, რომელთა ღვაწლიც დიდია. მაგრამ აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ დღეს მედია სივრცის გარკვეული ნაწილი საკმაოდ მიკერძოებული და პოლიტიზირებულია. საზოგადოებისათვის არსებობს ორი პოლუსი და თითქოს შუალედური პოზიცია და კრიტიკულად განსჯის შესაძლებლობა იკარგება. ამიტომ საჭიროა მეტი ჯანსაღი პათოსი და საზოგადოებრივი აზრის გაერთიანება,  რა კუთხითაც მედიას დიდი გარდატეხის შეტანა შეუძლია“, – ასეთია მარიამ გაფრინდაშვილის მოსაზრება.

მარიამ გაფრინდაშვილი უნივერსიტეტისგან მუდამ ეძებს სიახლეებს, რათა მისთვის მისაღებ ყველა აქტივობაში ჩაერთოს.

თსუ-ში სწავლა იმიტომ აირჩია, რომ პროფესიონალებთან ურთიერთობა ჰქონდეს. ,,მახსოვს, როდესაც მე-9 კლასში ვიყავი, სკოლის მასწავლებელმა თსუ-ში წაგვიყვანა ექსკურსიაზე. გვიყვებოდა – თუ რაოდენ დიდი ისტორიის მატარებელი იყო უნივერსიტეტი, ვინ სწავლობდა და მოღვაწეობდა ამ კედლებში… ზოგადად, დეტალები იშვიათად მამახსოვრდება ხოლმე, მაგრამ იმ დღეს რა მეცვა, ისიც კი მახსოვს. ზამთარი იყო, ციოდა, მე კი დიდი ლურჯი ქურთუკით შევაბიჯე უნივერსიტეტში და, პირველ რიგში, ის გამიხარდა, რომ უნივერსიტეტის ლოგოზე დომინანტი ფერი ლურჯი იყო. ერთ-ერთი აუდიტორიის წინ, ღია კარში დავინახე სტუდენტები და საინტერესოდ მოსაუბრე ლექტორი. გავიფიქრე, მალე მეც აქ უნდა ვიჯდე-მეთქი. ყველა სხვა მიზეზთაგან, თუ რატომ ავირჩიე თსუ, ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს დღეც იყო. უნივერსიტეტმა მომცა, პირველ რიგში, საკუთარი საქმის პროფესიონალებთან ურთიერთობის შესაძლებლობა, რამაც  დიდი გამოცდილება და ცოდნა შემძინა, როგორც საკუთარ სპეციალობაში, ისე ზოგად ცხოვრებისეულ საკითხებში. აღმოვაჩინე უამრავი საინტერესო ადამიანი და გამორჩეული ლექტორები. საკუთარ თავშიც ვიპოვე ახალი ინტერესები და მისწრაფებები“, – აცხადებს მარიამ გაფრინდაშვილი.

მარიამს, როგორც ჩანს, სხვადასხვა ინტერესები აქვს და სამომავლოდ სად დასაქმდება, ჯერ არ იცის. ბავშვობიდან სცენარებსაც წერდა და შემდეგ მეგობრებს როლებს არგებდა, პარალელურად კი იღებდა ვიდეოს და ამონტაჟებდა კიდეც. ,,დღესაც ადამიანებს, უცხოს თუ ნაცნობს, გარკვეულ როლს ვარგებ ხოლმე და ჩემს წარმოსახვით ფილმში ვათამაშებ. გასაკვირი არ არის, რომ ირვინგ გოფმანი ჩემთვის გამორჩეული სოციოლოგია. რა ლიტერატურასაც კი წავიკითხავდი, მაშინვე მისი გადაღება და ჩემი ფანტაზიის ცხადად წარმოჩენა მინდებოდა. მახსოვს, დიდი ნაკრები მქონდა ჩემი ,,ფილმების”. აქედან გამომდინარე, რეჟისურა მიტაცებს. მიყვარს გადაღების პროცესი. გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტმა” იმის შესაძლებლობაც კი მომცა, რომ ერთ-ერთი ქართული ფილმის გადაღებას დავსწრებოდი და ეპიზოდური როლიც მომერგო. უსაზღვროდ საინტერესო და მრავალფეროვანი სფეროა. შენს ფიქრებსა და ხედვებს აცნობ ადამიანებს და შემდეგ ისმენ მათ აზრებს, შეფასებებს. ფილმების ყურებაც ჩემთვის ერთი დიდი სიამოვნებაა. მათი კრიტიკული ანალიზიც ძალიან მიყვარს“, – ამბობს მარიამი.

მეტი გამოცდილებისა და ცოდნის შეძენის შემდეგ, ფიქრობს, რომ უკეთ ეცოდინება  – სად მოისურვებს დასაქმებას. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ადგილი, სადაც საკუთარ თავს მოიაზრებს, ემსახურებოდეს საზოგადოებისათვის უკეთესი რეალობის შექმნას.

Facebook
Twitter
LinkedIn