არაბულენოვანი დებატების ევროპის ლიგაზე საქართველოს თსუ-ს არაბისტთა ორი გუნდი წარადგენს
ახლო აღმოსავლეთი ცხელ წერტილად იქცა და მთელი მსოფლიოს ყურადღება სწორედ იქითკენ არის მიმართული. როგორ ცხოვრობენ და სწავლობენ არაბეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები, სადაც მიმდინარე სტიპენდიები ბევრია: ქუვეითში, კაიროში, კატარში… როგორც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის მეცნიერ-მკვლევარი, პროფესორი დარეჯან გარდავაძე აღნიშნავს, არაბულ ქვეყნებში მივლინებულ ქართველ სტუდენტებს დღემდე აქვთ ხელშეწყობა ადგილობრივებისგან და უცვლელია მათდამი დამოკიდებულებებიც. პროფესორი დარეჯან გარდავაძე ენის გაღრმავებისთვის არაბულ ქვეყნებში მყოფი სტუდენტების წარმატებებზე გვესაუბრება:
– თსუ-ს სტუდენტთა ნაწილი წარმატებით აგრძელებს სწავლას არაბულ ქვეყნებში ენის დასაუფლებლად. რა განაპირობებს არაბული ენით მათ დაინტერესებას?
– არაბისტიკა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტის ყველაზე დიდი და მრავალპროფილური დარგია, რომელსაც სულ უფრო და უფრო მეტი სტუდენტი ირჩევს სპეციალობად. ამ არჩევანს განაპირობებს დღითიდღე მზარდი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ინტერესი არაბული აღმოსავლეთის მიმართ, ამ რეგიონთან საქართველოს გააქტიურებული კავშირები, აქტიური ბიზნეს და ტურისტული სექტორი და სხვა ბევრი ფაქტორი.
არაბისტიკა დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიდი გამოწვევების წინაშე დგას – ქართული აღმოსავლეთმცოდნეობითი სკოლის ტრადიციებთან ერთად, საგანმანათლებლო პროგრამებმა არაბისტიკის დარგში მსოფლიო ორიენტალისტიკური სასწავლო და კვლევითი ცენტრების გამოცდილება უნდა გაიზიაროს, კვლევისა და სწავლების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს, სტუდენტს მის ინტერესებზე მორგებული, კომპლექსური სწავლება შესთავაზოს, აკადემიური თავისუფლება მისცეს და შემოქმედებითი და პროგრესული აზროვნება გამოუმუშავოს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არაბისტი სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველთვის გამოირჩეოდნენ თავიანთი პროფესიული მომზადების მაღალი დონითა და აკადემიური მიღწევებით. ამ მხრივ, არც დღევანდელ სტუდენტებზე ითქმის აუგი, ისინი მრავალ არაბულ ქვეყანაში არაბული სტიპენდიებით გადიან ენობრივ პრაქტიკას და ეუფლებიან სასპეციალიზაციო ენის სიღრმეებს.
– რამდენი სტუდენტია დღეისათვის არაბულ ქვეყნებში და თუ გაქვთ ინფორმაცია, როგორ მიდის მათი სასწავლო პროცესი?
– კატარის უნივერსიტეტის არაბული ენის სტიპენდიით ამ უნივერსიტეტის ენათა ცენტრში არაბულს ეუფლება თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არაბისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი გიორგი გოგოხია; კატარის სასტიპენდიო ფონდის დაფინანსებით დოჰას ინსტიტუტში სწავლობს თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არაბისტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი გიგა გიგაური; ქუვეითის განათლების სამინისტროს სტიპენდიებით ქუვეითის უნივერსიტეტის ენათა ცენტრში არაბულის ცოდნას იღრმავებენ თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არაბისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები: რატი რამიშვილი, ომარ ჯაშიაშვილი და მარიამ ჯერანაშვილი; ეგვიპტის განათლების სამინისტროს სტიპენდიებით არაარაბთათვის არაბული ენის სწავლების ცენტრში, კაიროში ენობრივ უნარებს იმაღლებენ თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არაბისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები: თიკო ჭანტურია, მარიამ ძანძავა, თეკო ჩხაპელია, ანა ლაცაბიძე, მაკა ჯამასპიშვილი, ნუცა მუზაშვილი, მარიამ დალაქიშვილი… მათთან ერთად კაიროში წასულები არიან და ამავე ცენტრში სწავლობენ მაგისტრანტი ნიკა თოფურია, არაბისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები: ელენე ბასილაშვილი, ნინო ჭანტურია, ლილი ზაუტაშვილი, გვანცა ჯაიანი, გვანცა აბულაძე, კესო თორდია… მათი სურვილია, რომ არაბულ გარემოში ისწავლონ და აიმაღლონ ენობრივი კომპეტენციები.
არაბულ ქვეყნებში სწავლის, ცხოვრებისა თუ მოგზაურობის გამოცდილება ჩვენს სტუდენტებს წარუშლელ შთაბეჭდილებებსა და ბევრ სიახლეს, ახალ კონტაქტებსა და პერსპექტივებს ჰპირდება. მათ მრავალი გამოწვევის, სირთულეთა დამოუკიდებლად გადალახვის წელი ექნებათ. ამ აკადემიური მიღწევების უკან კი მათი მშობლიური უნივერსიტეტი და ამ არაბულ ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები დგას, რომელთაც ძალისხმევა არ დაუშურებიათ ქართველი სტუდენტებისთვის არაბული სტიპენდიების ხელმისაწვდომად ქცევაში.
დიდი იმედი გვაქვს, ქართველ სტუდენტთა არაბულ უნივერსიტეტებში სწავლით შეძენილი პრაქტიკული ენობრივი და კვლევითი უნარები უზრუნველყოფენ მათ წარმატებულ შრომით დასაქმებას სამშობლოში როგორც სამეცნიერო არეალზე, ასევე პრაქტიკულ–გამოყენებით სფეროებში.
– ჩვენი გაზეთი ხშირად აშუქებს იმ სტუდენტთა წარმატებებს, რომლებიც არაბულ ქვეყნებში სწავლობენ და ოლიმპიადებში იმარჯვებენ. როგორ ემზადებით არაბულენოვანი დებატების ევროპის ლიგაზე გასავლელად?
– კატარის სამეცნიერო-საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ-აღმზრდელობითი საზოგადოების დებატების ცენტრის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საუნივერსიტეტო არაბულენოვან ჩემპიონატში, სადაც არაბული ენისა და არაბისტიკის შემსწავლელი სტუდენტები მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან საუნივერსიტეტო გუნდებით მონაწილეობენ და ეჯიბრებიან ერთმანეთს არაბული რეგიონის ცოდნაში, 2021 წელს, პირველად ჩაერთო თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არაბისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა გუნდი (გიგა გიგაური, მიხეილ გვაძაბია, არჩილ ცარახბაია) ასევე არაბული ფილოლოგიის სპეციალობის დოქტორანტ ლედი ჯალაღონიას ხელმძღვანელობით. მათ მიიღეს ორგანიზატორი საზოგადოების აღმასრულებელი კომიტეტის თანხმობა და მიწვევა ოლიმპიადაში მონაწილეობაზე, რომელიც 2021 წელს, პანდემიური პერიოდის საფრთხეების გათვალისწინებით, კატარის უნივერსიტეტის ნაცვლად, სტამბოლში ჩატარდა, სადაც ქართული გუნდი საკმაოდ წარმატებით გამოვიდა.
წელს არაბულენოვანი დებატების ევროპის ლიგაზე საქართველოს უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არაბისტთა ორი გუნდი წარადგენს. ტურნირის ვადები კარზეა მომდგარი და წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს ორივე გუნდს.